#მხატვრობა

როგორ უპირისპირდება ცოცხალი არაცოცხალს - ინტერვიუ მარიამ ახობაძესთან

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

ფსიქოლოგიური პორტრეტები, ცოცხლისა და არაცოცხლის შეპირისპირება ტილოზე და ფიგურატიული ფერწერა მარიამ ახობაძის შემოქმედების ძალიან მოკლე აღწერაა. თანამედროვე ქართველი არტისტი თავისი უნიკალური ხელწერითა და კონცეპტუალური ხედვით გამოირჩევა. მისი შემოქმედება ემოციების ღრმა შრეებს ხსნის, ზედაპირს სცდება და შეგრძნებებისა თუ ფიქრების მორევში გვძირავს. მარიამ ახობაძის მხატვრობა კონცენტრირებულია ადამიანის ბუნებასა და მის შინაგან მდგომარეობაზე. მისი პერსონაჟები დროის ერთ მომენტში არიან „გაყინულნი“, თითქოს მნახველს ცხოვრების ერთი წამის გასაზიარებლად ეპატიჟებიან და უბიძგებენ, ამ წამში იპოვონ ფიქრის თავისუფლება.

მარიამ ახობაძე, Mariam Akhobadze
უსათაურო (სერიიდან „ჩრდილები დროს განსაზღვრავს“)

მარიამის ხელოვნება ბუნებრივად ამყარებს დიალოგს მაყურებელთან და მხატვრის მცდელობა, ნამუშევრებიდან სიჩუმე და სიმშვიდე მოდიოდეს, იდეალურადაა მიღწეული. ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობიდან და პირადი გამოცდილებიდან მიღებული ინსპირაცია მის ნამუშევრებს მრავალგანზომილებიანს ხდის და ქმნის სამყაროს, სადაც ფერები და ფორმები არა მხოლოდ გამოსახულების ნაწილი, არამედ ემოციებისა და ამბების გამტარია.

მარიამ, თქვენი ნამუშევრები თითქოს ერთიან ამბავს ჰყვებიან და პაზლის ნაწილებად იკვრებიან. ვინ არიან თქვენი პერსონაჟები, და რა ამბავს გვიყვებით მათი დახმარებით?

ყველა ადამიანის ცხოვრება მეტწილად ამბის თხრობას ჰგავს. ჩემი ნამუშევრებიც პატარა ფრაგმენტებია ცხოვრებიდან. არასდროს ვცდილობ კონკრეტული ისტორია მოვყვე, ყოველთვის ვარჩევ ერთ მომენტს, და თითოეული ნახატი გაყინული წამივით არის. ხოლო შემდეგ, ყველა მნახველის აღქმა ინდივიდუალურია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ნამუშევარი წარმოსახვას არ ახშობდეს და გამზადებულ ამბავს არ ჰყვებოდეს. ყველა ნამუშევარში დატოვებულია ღია კარი თუ ფანჯარა, რათა მნახველმა თავად გადაიაზროს ეს ისტორია და ემოციური განწყობა შეიქმნას. მიხარია, როცა ჩემი ნამუშევრის ძალიან განსხვავებულ გააზრებას ვისმენ, ისეთსაც კი, რომელზეც მე არ მიფიქრია.

მარიამ ახობაძე, Mariam Akhobadze
უსათაური (სერიიდან „ორდინალური ცხოვრება“)

მთავარია, მნახველმა დამოუკიდებლად შეძლოს ნამუშევარში იდეებისა და ემოციური ფონის გაანალიზება და მასში იმის დანახვა, რაც თავად სურს. ესაა ჩემთვის წარმატებული ნამუშევარი. ის ჩემ მიერ შექმნილია, მაგრამ საბოლოოდ ჩემთან აღარ უნდა ასოცირდებოდეს – უკვე დამოუკიდებელი ხდება.

ტანმოვარჯიშეების სერია გამორჩეულია თქვენს შემოქმედებაში. რა იყო მისი შექმნის მთავარი ინსპირაცია და როგორ უკავშირდება ის თქვენს საერთო ხედვას?

ეს სერია ადამიანის, როგორც ობიექტის, სამყაროში არსებობის კვლევაა. თითქმის არ არსებობს ჩემი ნამუშევარი, სადაც ადამიანი არ ფიგურირებს, პირდაპირ ან მინიშნებით. ადამიანის ირგვლივ ტრიალებს ჩემი შემოქმედება. იქაც, სადაც არ ჩანს, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს ესაა ეს სივრცე დატოვა ან უნდა შემოვიდეს ოთახში. ჩემს ნამუშევრებში ძირითადად ჩანან ადამიანები თავიანთ გარე სამყაროსთან ერთად, ტანმოვარჯიშეების სერიაში კი გამოცლილი აქვთ ეს სამყარო.

„ტანმოვარჯიშეების სერია“, Mariam Akhobadze, მარიამ ახობაძე

ამ სივრცეში არ ჩანს, სად არიან, რომელ სამყაროში, და გამოყენებულია მხოლოდ ნეიტრალური ფონები. თან, სხეულის ენით საუბრის წარმოჩენა მინდოდა. სფეროს ფიგურებია ერთადერთი არაცოცხალი ობიექტები, რომლებსაც ადამიანები სხეულის პლასტიკის ხაზგასასმელად იყენებენ. ნამუშევარში არაცოცხლის შემოტანა ადამიანის ცოცხალი სხეულის პლასტიკას მეტად გამოხატავს. აქ კომუნიკაცია მხოლოდ ჟესტებით ხდება.

ხელოვნების რომელი დარგებიდან ან მიმართულებებიდან იღებთ ყველაზე დიდ ინსპირაციას?

ინსპირაციას ყოველთვის ვიღებ გარემოდან, განსაკუთრებით მოგზაურობისგან, რომელიც სუფთა ჰაერივითაა. დღეს ყველანაირი ინფორმაციის მოპოვება დახურულ სივრცეშიც შეიძლება, მაგრამ ემოციური განწყობა, რომელიც მოგზაურობას მოაქვს, იმდენად დიდია ჩემთვის, რომ სულ სხვა სახის გავლენას ახდენს – ჩემი შემოქმედება ამაზეა დამოკიდებული. ქვეცნობიერზე იმდენად დიდი გავლენა აქვს, რომ შემდეგ სხივისებურად გადმომაქვს ჩემს ნამუშევრებში. გემოვნება კი ყოველთვის იცვლება, შეხედულებები – ასევე. ამიტომ რომელიმე მხატვარსა თუ სტილისადმი დამოკიდებულებაც ცვალებადია.

Series Performer, მარიამ ახობაძე, Mariam Akhobadze
„ტანმოვარჯიშეების სერია“

რატომ გაინტერესებთ ასე ძალიან ადამიანები და გეომეტრიული ფორმები?

მნიშვნელოვანია არა ზოგადად სრული ისტორია, არამედ პატარა მონაკვეთები, რომლებიც მეტის გააზრების სივრცეს გვიტოვებენ. ჩვენც ადამიანები ვართ და ყველაზე ხშირი შეხება იმ გარემოსთან გვაქვს, სადაც ვარსებობთ. ამ გარემოში კი სხვა ადამიანებიც არიან. ადამიანი ძალიან მრავალმხრივია. ყველას აქვს იმის რესურსი, რომ განავითაროს თავი – ეს შეუქცევადი და არალიმიტირებული პროცესია. ძალიან საინტერესოა, ვინ რას, როდის და როგორ მოიმოქმედებს ან გადაიაზრებს. აქედან გამომდინარე, ჩვენც ადამიანები რახან ვართ, უფრო აღმაფრთოვანებელია სხვაში ისეთი რაღაცების დაჭერა, რასაც ჩვენ ვერასდროს წარმოვიდგენდით. თვისებები ადამიანს ძალიან უნიკალურს ხდის, და ეს უნიკალურობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

„ტანმოვარჯიშეების სერია“, Mariam Akhobadze, მარიამ ახობაძე
„ტანმოვარჯიშეების სერია“

თქვენი და დავით ნათიძის საერთო გამოფენა ძალიან საინტერესო იყო. თუ შესაძლებლობა გექნებათ, რომელ თანამედროვე ქართველ ან უცხოელ არტისტთან ისურვებდით თანამშრომლობას და რატომ?

მარტო მუშაობა მიყვარს – არამხოლოდ მხატვრობაში, ზოგადად ყველაფრის მარტო კეთება მომწონს. შეჩვეულიც ვარ სახელოსნოში 24 საათი ყოფნის გამო. თუმცა, შემოთავაზება რომ მქონდეს, სხვა არტისტთან თანამშრომლობა, თუნდაც აზრების გაცვლა, საინტერესო იქნებოდა. ამ ეტაპზე მომწონს დეივიდ ჰოკნის, განსაკუთრებით 1960-70-იანი წლების, ნამუშევრები და ვფიქრობ, ჩემი შემოქმედებაც განიცდის მის გავლენას. ამიტომ მასთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, ერთად გაკეთებული გამოფენა საინტერესო იქნებოდა. პარალელის გავლება მისსა და ჩემს ნამუშევრებს შორის განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა.

მარიამ ახობაძე, Mariam Akhobadze, დელიკატური დილემები, დავით ნათიძე, DaviT Natidze
მარიამ ახობაძისა და დავით ნათიძის გამოფენა „დელიკატური დილემები“

ეს პარალელი გონებაში შეიძლება მარტივად შედგეს, მაგრამ სულ სხვაა, როცა საექსპოზიციო დარბაზში უყურებ გვერდიგვერდ განთავსებულ ნამუშევრებს – ეს სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა. სახელოსნოში შეიძლება გეგონოს, რომ ყველა ნამუშევარი დასრულებულია და რაღაც მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა როცა საგამოფენო სივრცეში გადადიხარ, მთლიანობაში აღარა ხარ იმდენად კმაყოფილი, ან პირიქით. უცხო სივრცეში ნამუშევარს სხვანაირად აღიქვამ – სახელოსნოში ის შენია, ექსპოზიციაზე კი უკვე დამოუკიდებელი, შენგან განცალკევებული ხდება.

მარიამ ახობაძე, Mariam Akhobadze, Retired Admiral, გადამდგარი ადმირალი
„გადამდგარი ადმირალი“

როგორ იმოქმედა საერთაშორისო გამოცდილებამ თქვენს ხედვასა და შემოქმედებით პროცესზე?

საზღვარგარეთ ჯგუფურ გამოფენებზე ძირითადად ბევრი, სხვადასხვა კულტურის არტისტია წარმოდგენილი და ეს დიდ კონკურენციას ქმნის. ბევრად უკეთესად შეგიძლია აღიქვა შენი ნამუშევრები, შენი პოზიცია და ხარისხი. ეს პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია თვითგანვითარებისთვის, ანალიზისა და გააზრების შესაძლებლობას გაძლევს. მენტალურადაც მნიშვნელოვანია, რადგან თვითკრიტიკულობას აძლიერებს. ამ პროცესში ხედავ, რა გამოგდის უკეთ, რა გიზიდავს, გააგრძელებ ამ მხრივ მუშაობას თუ შეცვლი მიმართულებას. არ მესმის მხატვრების, რომლებიც სულ ერთსა და იმავეს აკეთებენ. გარემო იმდენად ცვალებადია, რომ ჩვენს ცვლილებას იწვევს, და რახან შემოქმედება ხარ შენ, შენი ცვლილება უშუალოდ გავლენას ახდენს შენს ნამუშევრებზე.

მარიამ ახობაძე, Mariam Akhobadze,

გამოარჩევდით რომელიმე ნამუშევარს, რომელიც ყველაზე ძლიერად გადმოსცემს ადამიანის ფსიქოლოგიას? 

ვერ გამოვარჩევ რომელიმე კონკრეტულ ნამუშევარს. როგორც ახსენეთ, ყველა ცალკე ნამუშევარია, მაგრამ ერთად რაღაც ერთ მთლიან სურათსაც ქმნიან, ამიტომ ერთი გამორჩეული არ მაქვს. როცა ნამუშევარს ვამთავრებ, ჩემი მასთან კომუნიკაცია სრულდება. შემდეგ ახალ ისტორიებში ვეშვები – ახალი ბრძოლა, ახალი ფიქრი იწყება.

მარიამ ახობაძე, Mariam Akhobadze,

ამჟამად რაზე მუშაობთ და როგორია სამომავლო გეგმები? 

ამჟამად ფერადი ფანქრებით ჩანახატებზე ვმუშაობ, რისი კეთებაც ყოველთვის მინდოდა. ზეთით მუშაობისას არასდროს მრჩება დრო ჩანახატებისთვის. ნოემბრის გამოფენის შემდეგ ზეთის ნამუშევრებისგან პაუზა ავიღე და დავიწყე ფერადი ჩანახატების კეთება – ეს უფრო დიდი ბრძოლებისგან დასვენება და განტვირთვაა. ჯერ არ მაქვს გამოფენა დაგეგმილი, მაგრამ ვფიქრობ, ჩანახატების გამოფენის მოწყობას.

ზევით