საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი პერიოდი დგება. სექტემბერში ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. ამ დღეებს ქართველი გულშემატკივარი, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული დებიუტის შემდეგ, განსაკუთრებული იმედებით ელოდება. ამ ისტორიული მოვლენების ფონზე, პირადი დებიუტისთვის მზადებაშია 23 წლის თავდამსხმელი, რომელიც ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ახლახან გამოიძახა. ეს ფეხბურთელი გიორგი გაგუა გახლავთ.
გიორგის საფეხბურთო გზა ოთხი წლის ასაკში დაიწყო. მისი ნიჭი და მიზანდასახულობა მალევე მოექცა საფეხბურთო საზოგადოების ყურადღების ცენტრში და გიორგიც დარწმუნდა, რომ თავი სრულად ამ პროფესიისთვის უნდა მიეძღვნა. 2019 წელს მან ესპანურ „დეპორტივო ალავესში“ დაიწყო თამაში, ამჟამად კი გიორგი ხორვატიის გუნდის „NK Istra 1961“ წევრია.
დღეს გიორგი გაგუასთან ინტერვიუს გთავაზობთ, სადაც ის ნაკრებში გამოძახების ემოციებზე, მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინებსა და ხორვატიულ ცხოვრებაზე გვიყვება.

გიორგი, შეგიძლია, გაიხსენო ის ემოციები, როცა გაიგე, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოგიძახეს?
გიორგი: ძალიან ბანალურად გამომდის, მაგრამ ენით აღუწერელი იყო მართლაც, რადგან მთელი ბავშვობა, მას შემდეგ რაც ფეხბურთზე დავიწყე სიარული, ჩემი ოცნება ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო.
რომელია ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი შენს კარიერაში?
გიორგი: ორი წლის წინ, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე პორტუგალიას გავუტანე პირველი, ისტორიული გოლი საქართველოს სახელით. 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პერიოდში ამდენი ხალხის წინაშე პირველად მომიწია თამაში, თანაც ასეთი ძლიერი გუნდების წინააღმდეგ. ფეხბურთის კარიერაში ეს მოგონება არასდროს დამავიწყდება. მაშინ დაიწყო ჩემი გარდატეხა მაღალი დონის ფეხბურთელად.

უკვე გაქვს პროფესიონალური ფეხბურთის თამაშის გამოცდილება, რას ურჩევ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც სურთ ამ პროფესიას მიჰყვნენ?
გიორგი: რა თქმა უნდა ძალიან ბევრი უნდა იშრომონ, შრომის გარეშე არ გამოვა.
როდესაც ევროპაში გინდა თამაში, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წახვიდე, უნდა იცოდე, რომ იქაურ ფეხბურთელებს ყოველთვის შენზე წინ დააყენებენ. ამიტომ ათი თავით უნდა აჯობო მათ.
პროფესიონალი ფეხბურთელისთვის რეჟიმსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როგორც უვლი შენს თავს, ზუსტად ისე გიბრუნდება უკან ყველაფერი, ფიზიკურად ძალიან მომზადებული უნდა შეხვდე ყველა მომენტს.

შენი თამაშის სტილს როგორ დაახასიათებდი?
გიორგი: რახან ფორვარდი ვარ და ბევრი შავი სამუშაოს კეთება მიწევს, რაშიც შედის პრესინგი, ბურთის შენარჩუნება, ხანდახან ჭიდაობა, ამიტომ თამაშის სტილს დავახასიათებდი, როგორც მებრძოლს.
რა გამოწვევების წინაშე დგება ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი პროფესიონალური ფეხბურთის სამყაროში შესვლისას?
გიორგი: როგორც ვახსენე, ნებისმიერ ქვეყანაში, ქართველ ფეხბურთელზე წინ იქაურ მოთამაშეს აყენებენ. ამას ემატება ისიც, რომ მაინც ბოლომდე მომზადებული ვერ მიდიხარ ევროპაში, რადგან იქ სხვა სტანდარტებია და ძალიან რთულია აქ გაზრდილმა ევროპის გუნდში ადვილად გაიარო ადაპტაცია. თუმცა, ახლა აკადემიაში ბევრი რამ იცვლება და ვხედავთ რომ ბევრი ახალგაზრდა უკვე ტოპ გუნდების რიგებში თამაშობს, უფრო და უფრო იზრდება ინტერესი ქართული ფეხბურთის მიმართ და ნელ-ნელა რაც დრო გავა, აკადემიებიც უფრო გაძლიერდება და გაძლიერდება.

როგორია ერთი დასვენების დღე ხორვატიაში? რამე საინტერესო, ნაკლებად ცნობილი ადგილები ხომ არ აღმოგიჩენია, რომელთა ნახვასაც ურჩევდი სხვებს?
გიორგი: ძალიან ბევრი ადგილია ასეთი. ხორვატია ულამაზესი ქვეყანაა და მე სადაც ვცხოვრობ, ისტრიას რეგიონიც ძალიან ლამაზია. მანდ ერთი პატარა სოფელია ბალე, სადაც ბევრი სანაპიროა, ასევე არის როვინის სოფელი, რომელსაც პატარა იტალიას ეძახიან. ასე რომ, ბევრი ადგილია, სადაც ყველას შეუძლია საუკეთესოდ დაისვენოს.

ბოლოს გვითხარი, გაქვს თუ არა რაიმე ერთი დიდი მთავარი მიზანი, რისკენაც მიილტვი?
გიორგი: ჩემი პირადი მიზანი ოქროს ბურთის მოგებაა. ეს გრძელვადიან მიზანს რაც შეეხება. ახლო მიზანი კი ეხება სექტემბერს, როცა ეროვნულ ნაკრებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს და მინდა, რომ მათ დავეხმარო, რათა პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ.