| ანა ციხელაშვილი |
მემე ჟორდანია, იგივე Mememusicc, თანამედროვე ქართული მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია. საზოგადოებამ ის ჯერ კიდევ ბავშვობიდან, მუსიკალური კონკურსებით გაიცნო, თუმცა მისი ხმა ყველაზე ხმამაღლა Tbilisi Open Air-ის სცენაზე გაჟღერდა, რომელზეც მემემ Newcomers-ის კონკურსში გამარჯვების შემდეგ იმღერა.

მუსიკის გარდა, მემეს პიროვნება თავისი პერსონალური გამოცდილებებითა და მათზე ღიად საუბრით არის საინტერესო. დარწმუნებული ვართ, TikTok-ზე ერთხელ მაინც შეგხვედრიათ მისი გულწრფელი ვიდეოები ჯანმრთელობაზე, სხეულის აღქმასა თუ იმ სირთულეებზე, რომლებიც ბევრ ადამიანს ყოველდღიურობასა და კარიერაში ხელს უშლის.
ისეთი ტრეკების მიღმა, როგორებიცაა All the things (feat. NAKASHA) თუ I HEAR YOU CALLING MY NAME, კიდევ უფრო საინტერესო ადამიანი დგას. სწორედ მის უკეთ გასაცნობად TheDiary მემე ჟორდანიასთან ინტერვიუს გთავაზობთ.
„მე აღარ მეშინია ხმამაღლა სუნთქვის“ – ეს სიტყვები ყველაზე ხმამაღლა ისმის თქვენს ბოლო ნამუშევარში. რაზეა „ვიპოვე გზა“ და ვის მიუძღვენით ეს სინგლი?
მემე: ეს სიმღერა, უპირველეს ყოვლისა, იმ ქალებზეა, რომლებისთვისაც საკუთარი მომავლისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა ისეთივე ინსტინქტური და აუცილებელია, როგორც სუნთქვა. რა თქმა უნდა, მჯერა, რომ ყველა ისტორია საკუთარი თავიდან იწყება, ამიტომ ამ სიმღერაში ჩემი დიდი ნაწილიც დევს, თუმცა მისი დაწერა იმ გოგოებისა და ქალებისთვისაც მინდოდა, რომლებიც საკუთარი თავისა და თავისუფლების არჩევისკენ პირველ ნაბიჯებს დგამენ.
ვიცით, რომ ავტობიოგრაფიულ ფილმზე მუშაობთ. რა არის ფილმის სათქმელი და როდის ველოდოთ პრემიერას?
მემე: ფილმზე მუშაობის პროცესი იმაზე კომპლექსური აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. თურმე, როდესაც ბევრი გაქვს სათქმელი, ამ ყველაფრის თავმოყრა საკმაოდ რთულია. ხშირად ვფიქრობ იმაზეც, თუ რატომ ვაკეთებ ამ ფილმს, მაგრამ ვხვდები, რომ მჭირდება იმ გზის დოკუმენტირება, რომელიც გავიარე. უახლოეს თვეებში ფილმი მზად იქნება. ეს იქნება თხრობა იმაზე, თუ როგორ მოვედი აქამდე, რა გზა გავიარე თავდაჯერებულობამდე – Body Dysmorphia-სთან, სიყვარულთან, ჯანმრთელობასთან და დანაკარგთან ჭიდილში.

ბავშვობიდან სცენაზე დგახართ, როგორ პოულობს თქვენს მუსიკაში ადგილს ის პატარა მემე, რომელსაც მაშინაც ჰქონდა სათქმელი?
მემე: პატარა მემეს ყოველთვის ერთი რამ უნდოდა – დაენახათ. მახსოვს, 5-6 წლის ასაკში როგორ მეჭირა ხელში სახლის ნივთები, მიკროფონად წარმოვიდგენდი და ბებიას იმ სიმღერებს ვუმღეროდი, რომლებსაც ჩემი პატარა გონება იმახსოვრებდა. რაღაც ჯადოსნურია ბავშვურ აღქმაში – მას ლიმიტები არ აქვს. მაშინ ოცნების უფლებას ვაძლევდი თავს და წარმოვიდგენდი, როგორ ვმღეროდი მსოფლიოს უდიდეს სცენებზე.

სამწუხაროდ, ასაკთან ერთად, ოცნების უნარი დროთა განმავლობაში დავკარგე. ზედმეტად ბევრი შევიტყვე იმის შესახებ, თუ რამდენად უსამართლოა ცხოვრება, რა გავლენას ახდენს ჩვენს წარმატებაზე გარემო ფაქტორები და ა.შ. ამ ყველაფერმა არაერთხელ ჩამაგდო სასოწარკვეთაში, თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მაინც შემმატა – გულწრფელობა. ახლა, როდესაც ჩემს მუსიკას ვქმნი, მის მიღმა აღარ იმალება წარმატების წყურვილი; ეს მხოლოდ წერის გულწრფელი სურვილია.
რადგან დასაკარგი აღარაფერი მაქვს, სწორედ ამან მომცა უდიდესი სივრცე და თავისუფლება – ვაკეთო ის, რაც მე მინდა და არა ის, რასაც სხვები ელიან ჩემგან.
ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ როგორ შეიცვალა თქვენი ხმა ამ ინდუსტრიაში?
მემე: ამხელა პაუზის შემდეგ მუსიკაში დაბრუნება საკმაოდ რთული იყო და ახლაც არის. უმეტესწილად იმიტომ, რომ ამ სფეროში ბევრი რამ დისციპლინაზეა დამოკიდებული. მუდმივად ჩართული უნდა იყო, იცოდე, რა ხდება, ქმნიდე სიახლეებს და ერწყმოდე იმ მუსიკალურ ატმოსფეროს, რომელსაც აქაური არტისტები აყალიბებენ.
ორწლიანი პაუზის შემდეგ ეს ყველაფერი ძალიან მიჭირს, ამიტომ ვთვლი, რომ ყველაფერი ნულიდან დავიწყე და ნელ-ნელა ხელახლა ვსწავლობ. მთელი ეს დრო დამკვირვებლის როლში ვიყავი, ახლა კი ის მომენტია, როცა ხალხს საშუალება უნდა მივცე, გამიცნონ.

ამ გზაზე ძალიან მეხმარება ჩემი პროდიუსერი, Denivarlevy. მარტო ვერასდროს მოვიკრებდი ძალას დასაბრუნებლად. მან უმთავრესი როლი ითამაშა იმაში, რომ მუსიკის შექმნის პროცესი ხელახლა შემყვარებოდა.
რა არის თქვენთვის ყველაზე ღირებული გზავნილი, რომელიც მსმენელამდე უნდა მიიტანოთ?
მემე: რაც უფრო ნაკლებად ინერტულები და ეგოცენტრულები ვიქნებით, მით მეტად შევძლებთ ცხოვრებისეული გამოწვევებით გამოწვეულ შფოთვებთან გამკლავებას. ჩემი მიზანია, სრულად ადამიანებისთვის ვიარსებო – მათთვის შევქმნა, ვიბრძოლო და მცირედი წვლილი მაინც ქართულ მუსიკალურ კულტურაში.
მინდა ვიყო იმ ადამიანების ხმა, რომელთა ძახილიც არავის ესმის.
საიდან მოდის ინსპირაცია?
მემე: შთაგონება ყველაფრისგან მოდის: დილის პირველი ყავისგან, ჩემი უბნისგან, ფილმებისგან, პოლიტიკისგან თუ უბრალო გამვლელებისგან. არასდროს იცი, რაზე შეგაჩერებინებს ცხოვრება მზერას და ხელოვნების მთავარი ხიბლიც, ალბათ, სწორედ ესაა – დაინახო განსაკუთრებული იქ, სადაც სხვები ვერაფერს ამჩნევენ.

როგორ აღწერთ ახალგაზრდა არტისტის ცხოვრებას თანამედროვე საქართველოში და რას შეცვლიდით ამ ინდუსტრიაში?
მემე: საქართველოში არტისტების უმეტესობას საკმაოდ დუალური ცხოვრება აქვს. სამწუხაროდ, არ გვეძლევა იმის ფუფუნება, რომ მუსიკა შემოსავლის მთავარ წყაროდ ვაქციოთ (თუ ძალიან დიდ მასებზე არ ვართ გასულები). სწორედ ამიტომ, ხშირად გვიწევს „ნორმალურ“ სამსახურში მუშაობა, რაც რთული შესათავსებელია შემოქმედებით გზასთან და კიდევ უფრო აფერხებს თვითგამოხატვას.
ერთის მხრივ, უნდა იყო თავისუფალი, თავდაჯერებული, კრეატიული და შრომისმოყვარე, მეორეს მხრივ კი – სახლში „პურის ფული“ უნდა მიიტანო. ვისურვებდი, ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს სისტემა, რომელიც არტისტებს სათანადოდ დააფასებს, მაგრამ, სამწუხაროდ, აქამდე არც კულტურულად და არც ცნობიერების დონეზე ჯერ არ მივსულვართ.
მოკლედ რომ ვთქვა, რთულია მუსიკა ცხოვრების სტილად აქციო, როცა ყოველთვე ბინის ქირა გაქვს გადასახდელი.
განსხვავდება ტიკ-ტოკ პერსონა მემე და მუსიკოსი მემე?
მემე: არა, მემე ყველგან მემეა, უბრალოდ, სხვადასხვა მედიუმში მას სხვადასხვა განშტოება აქვს, რაც, თავის მხრივ, ადამიანის კომპლექსურ ბუნებას ავლენს. მე ბევრი რამ ვარ, შესაბამისად, არ მაქვს არც განსაზღვრული ჟანრი, არც კონკრეტიკა და არც ერთადერთი მედიუმი.