„ნახეთ, T.J. Maxx-მა ვინ გამორიყა...“ –სტენლი ტუჩის პერსონაჟის, ნაიჯელის ამ ერთი რეპლიკით Runway-ის მონატრებულ სამყაროს დავუბრუნდით. 20th Century Studios-მა საკულტო ფილმის სიქველის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელსაც ფონზე მადონას უკვდავი სიმღერა Vogue გასდევს. დიდი მოლოდინებისა და გასული წლის ნოემბრის მოკლე თიზერის შემდეგ, საბოლოოდ გვეძლევა შანსი 2026 წლის Runway-ის მაღალი მოდისა და ამბიციების სამყაროში შევიხედოთ.
თუ ორიგინალ ფილმში ენდი საქსი (ენ ჰეთეუეი) ასისტენტის პოზიციაზე გადარჩენას ცდილობდა, სიქველში ის სულ სხვა ადამიანია. ბოლოს და ბოლოს, მას შემდეგ 20 წელი გავიდა! სიუჟეტის ცენტრში ამჯერად თავად მირანდა პრისლია, რომელიც ბეჭდური მედიის ეპოქის დასასრულთან დაპირისპირებას ცდილობს. ენდი ჟურნალში ბრუნდება, თუმცა ამჯერად მას არა ყავის მოტანა, ან ჰარი პოტერის ჯერ არ გამოცემული წიგნების მოპოვება, არამედ რედაქტორის როლის მორგება ევალება.
მიუხედავად ენდის პროფესიული ტრანსფორმაციისა, ზოგიერთი რამ უცვლელია. მირანდას მისი სახელი კვლავ არ ახსოვს და ენდი ჯერ კიდევ „ერთ-ერთ ემილიდ“ რჩება. მირანდას ენდი რომ არ ახსოვს, ამ ფაქტზე აქცენტი ტრეილერში რამდენჯერმე არის გაკეთებული, რაც ცოტა უცნაური შეიძლება მოგვეჩვენოს, რადგან ენდის შემოსვლა მირანდას ცხოვრებაში ისეთივე გამორჩეული იყო, როგორც ენდის განვლილი პერიოდი Runway-ში. ამიტომ საინტერესოა, თუ რა იმალება ამ „დავიწყების“ უკან. ეკრანზე დაბრუნდა ემილი ბლანტიც, რომელსაც თავისი საფირმო სარკაზმი არ დაუკარგავს.
შეცვლილხარ, უფრო თავდაჯერებული ჩანხარ... თუმცა წარბები ისევ ისე დაგიტოვებია, არა? – ემილი ენდის.
ფილმის შემოქმედებითმა გუნდმა თითქმის შეუძლებელი შეძლო და ორიგინალი ოთხეული სრულად დააბრუნა. Runway ხომ წარმოუდგენელია მერილ სტრიპის, ენ ჰეთეუეის, ემილი ბლანტისა და სტენლი ტუჩის გარეშე. მათ გვერდით კი ახალ სახეებსაც ვიხილავთ, მათ შორის არიან ლედი გაგა, სიმონ ეშლი, კენეთ ბრანა, ლუსი ლიუ, პოლინ შალამე თუ რეიჩელ ბლუმი.
პრემიერა 2026 წლის 1-ელ მაისს იგეგმება. ფილმი შესაძლოა გამოეხმაუროს მოდის ინდუსტრიაში მიმდინარე რეალურ ძვრებს, მათ შორის ანა ვინტურის წასვლას ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტიდან. დიდი ალბათობით, რეჟისორ დევიდ ფრანკელისა და სცენარისტ ალინ ბროშ მაკ-კენას ფილმი ისეთივე საინტერესო, სარკასტული და გლამურული იქნება, როგორც 2006 წლის ორიგინალი იყო.
TheDiary-ის ახალი Cover Story საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. მისი მთავარი გმირები მსახიობი აპოლონ კუბლაშვილი და „დელფოსის“ გამორჩეული კოლექციაა, რომელიც თითბრისგან შექმნილ მოვერცხლილ და მოოქრულ ფიგურებს აერთიანებს.
ვენეციის ბიენალეზე თედო რეხვიაშვილის პოლიტიკური მანიფესტი ვიხილეთ. ნამუშევარი „ზღვა, რომელსაც ახსოვს“ აფხაზეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო პროტესტია ნაურუს პავილიონში. ხელოვანმა ეს სივრცე პლატფორმად გამოიყენა, რათა მტრის მოკავშირე ქვეყნის შიგნიდან მსოფლიოსთვის საქართველოს რეალური ისტორია შეეხსენებინა.