#კინო

დეივიდ ლინჩი - 58 წელი კამერის მიღმა

გაზიარება:

ამერიკელ კინორეჟისორ დეივიდ ლინჩს შეგვიძლია სიურრეალიზმის მეფე ვუწოდოთ, ან თუნდაც გენიოსი, რომელიც სილამაზეს გროტესკში პოულობს, უბრალოებას არაჩვეულებრივად წარმოაჩენს და სიზმრისეული, ფანტასტიკური რეალობის გავლით ეგზისტენციალური შიშისა თუ სევდის სიღრმეებში გვახედებს.

David Lynch, დეივიდ ლინჩი

ლინჩის შემოქმედებამ კინოში სიურრეალიზმის ყველა დახშული კარი გაგვიღო, რომლის მიღმაც ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი ერთმანეთს ეჯახება, სილამაზე და სიმახინჯე კი სინონიმები ხდება. ლინჩმა კინოსამყაროში თავისი სახელი 1967 წელს, მოკლემეტრაჟიანი ფილმით მონიშნა, რასაც კვალდაკვალ პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი Eraserhead მოაყოლა.

დეივიდ ლინჩი, david Lynch, David Lynch Oscars
დეივიდ ლინჩი 2019 წელს ოსკარის მფლობელი გახდა

ასე დაიწყო ამერიკელმა კინორეჟისორმა კარიერა, რომელიც 10 სრულმეტრაჟიან ფილმს, ოთხ სატელევიზიო შოუს, 50-მდე მოკლემეტრაჟიან ნამუშევარს, მუსიკალურ ალბომებს და სხვა უამრავ სფეროში დატოვებულ კვალს აერთიანებს. საბოლოოდ კი, 58 წლიანი მოღვაწეობით, რეჟისორმა ხელოვნების ყველა დარგსა და მაყურებელზე დატოვა "ლინჩისეული" გავლენა.

David Lynch, Blue Velvet, დეივიდ ლინჩი
კადრი ფილმიდან Blue Velvet

ფილმებით, როგორიცაა Blue Velvet და Mulholland Drive, ლინჩმა რეალობასა და სიზმრებს შორის ზღვარი გააქრო. რეჟისორის ნარატივები მხოლოდ ოსტატურად მოთხრობილი ამბები როდია. ისინი მაყურებელში სრულიად ახალ გრძნობათა სამყაროს წარმოშობენ. ამ ისტორიებს ალტერნატიულ განზომილებებში გადავყავართ, სადაც დერეფნები ჩაბნელებულია, ფარდები წითელია და შემაშფოთებელი სიჩუმე ბატონობს.

Mulholland Drive, David Lynch, დეივიდ ლინჩი
კადრი ფილმიდან Mulholland Drive

ფილმებთან ერთად, საკულტო სატელევიზიო სერიალი, Twin Peaks, თავისი იდუმალი პერსონაჟებით, სიმბოლოებით სავსე სიუჟეტითა და დამამახსოვრებელი საუნდტრეკებით, პოპ-კულტურის ფენომენი გახდა. ლინჩის ნამუშევრების ესთეტიკა მოდის სფეროს წარმომადგენლებისთვის, თუ ინტერიერის დიზაინერებისთვისაც კი იქცა შთაგონების წყაროდ.

red room, David Lynch, დეივიდ ლინჩი
დეივიდ ლინჩის ცნობილი Red Room სერიალიდან Twin Peaks

და რაღა თქმა უნდა, მუსიკის გარეშე ლინჩისეული სამყარო წარმოუდგენელია. რეჟისორის ანჯელო ბადალამენტისთან, თუ ჯული კრუზთან კოლაბორაციებმა, საუნდტრეკების მნიშვნელობა თავიდან განსაზღვრა. თვალდახუჭულიც რომ ვუსმინოთ ლინჩის ფილმებს, მუსიკა და დიალოგები ცალკე სიამოვნების მომგვრელია. ლინჩმა დაამტკიცა, რომ ხმა ისეთივე მნიშვნელოვანია თხრობისთვის, როგორც ვიზუალური ელემენტები.

კამერის მიღმა მდგომი ლინჩი კი, დახვეწილ ესთეტიკას ასხივებდა. მისი მინიმალისტური სტილი მარადიული ელეგანტურობის სიმბოლოდ იქცა.

David Lynch, დეივიდ ლინჩი
ph: Kirk McKoy / Los Angeles Times
დეივიდ ლინჩი, David lynch, The Elephant man
კადრი ფილმიდან The Elephant Man

დეივიდ ლინჩი მხოლოდ ამბებს არ ჰყვებოდა. ის თითოეულ ფილმში ქმნიდა ახალ სამყაროს, რომელიც სიზმრისა და რეალობის ზღვარზე იყო აშენებული. ლინჩის შემოქმედება უკვდავია, რადგან ადამიანის გონების მისტიკურ და შეუსწავლელ კუნჭულებში შეღწევას ცდილობს. სანამ გონებაში ასეთი უცნობი და ამოუხსნელი ადგილები იარსებებს, ლინჩის უნიკალური პერსპექტივა შთაგონების წყაროდ დარჩება და მუდმივად მოახდენს გავლენას იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები რეალობას და მოგზაურობენ საკუთარ წარმოსახვაში.

გარეკანის ფოტო: Michael Macor/Getty Images.

ზევით