ფოლკ-ჰოპი, ახალი გამოწვევები და ქართული მუსიკის მომავალი - ინტერვიუ დათო კენჭიაშვილთან

| ანა ციხელაშვილი |

ქართული მუსიკის ფესვებს ბავშვობიდან ატარებს - ოჯახში ყოველთვის მრავალხმიანი ფოლკლორული სიმღერა ისმოდა. კარიერის განმავლობაში გამოვლილი მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, დათოს მუსიკამ ქართველი მსმენელის სიყვარული მოიპოვა და ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. დღეს მისი სიმღერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჟღერს, ხოლო სოციალურ პლატფორმებზე 500 000 000-ზე მეტი მოსმენა აქვს. „იორო“ ფენომენად იქცა - სიმღერად, რომელმაც დათოს შემოქმედება ფართო აუდიტორიისთვის გახადა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი, ამერიკელი თუ აზიელი მსმენელები ქართულ ენას არ ფლობენ, დათოს შემოქმედება მაინც ყველას გულამდე აღწევს.

დღეს, დათო კენჭიაშვილი არა მხოლოდ ერთგულია ფოლკლორის, არამედ ცდილობს, ტრადიციული მუსიკა ახალი თაობისთვის თანამედროვედ და საინტერესოდ აქციოს. სწორედ ამიტომ, იგი ხელმძღვანელობს ანსამბლ „თაობას“ და ახლახან გახსნა მულტიფუნქციური სტუდია, რომლის კარი ღიაა ყველა მუსიკის მოყვარულისთვის. ჩვენთან ინტერვიუში ის ახალ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

დათო კენჭიაშვილი

დათო, საიდან დაიწყო თქვენი მუსიკისადმი სიყვარული?

მუსიკის სიყვარული ჩემი ოჯახიდან მოდის. ბავშვობიდან დღესასწაულზე ყოველთვის ერთად, ხმებში ვმღეროდით და ჩემთვის ეს ახალი და შეძენილი არ არის. ჯერ კიდევ ჩემი დიდი ბებია, თამარ ჯოხაძე, გენიალური მომღერალი იყო. იქიდან წამოვიდა ენერგეტიკა და კოდი, რასაც ხელოვნების სიყვარული ჰქვია.

როგორ ირჩევთ ახალი კომპოზიციის თემას და როგორია მუშაობის პროცესი?

გააჩნია, რომელ ჟანრთან მაქვს ურთიერთობა. თუ საქმე ფოლკლორს ეხება, ჩემთვის ეს ძალიან მარტივი და ორგანულია. ინსპირაცია კი მოდის შინაგანი ენერგეტიკიდან, ადამიანებისგან და ჩემი ცხოვრებისადმი დამოკიდებულებიდან.

ცოტა ხანია, რაც ახალ სტუდიაში გადმოხვედით, ვის აქვს შესაძლებლობა მოვიდეს აქ?

სანამ ახალ სტუდიას გავხსნიდი, ყველაფერი ის, რაც ახლა საზოგადოებას ძალიან უყვარს, სახლის სარდაფში იქმნებოდა. შემდეგ გავიზარდეთ, მუსიკოსები შევიკრიბეთ და ახალ მუსიკაზე მუშაობა დავიწყეთ, მაგალითად, ჯგუფ „ექსპერიმენტზე“. როდესაც აღარ გვქონდა შესაძლებლობა, ტექნოლოგიურად გავზრდილიყავით, გადავწყვიტე, გაცილებით დიდი და მულტიფუნქციური სტუდია შემექმნა.

აქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს, ჩაწეროს ნებისმიერი ინსტრუმენტი თუ ვოკალი, დაამონტაჟოს, სრულყოფამდე მიიყვანოს და წაიღოს დასრულებული პროდუქტი. გარდა ამისა, აქ შესაძლებელია კლიპების მონტაჟი, და შესაძლოა, ქორეოგრაფიაც კი გავაცოცხლოთ.

დათო კენჭიაშვილი, dato kenchiashvili

რას ემსახურებოდა ანსამბლ „თაობის“ შექმნა და როგორია თქვენი ურთიერთობა ბავშვებთან?

რადგან ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს, ანსამბლის დახმარებით გადავწყვიტე მისი სასიკეთოდ მოქმედება. ანსამბლს „თაობა“ ჰქვია, რადგან სწორედ იმ თაობაზეა საუბარი, რომელმაც ქართული ცეკვა, სიმღერა და მუსიკა უნდა შეინარჩუნოს. ახალი თაობა ნაკლებად იცნობს ფოლკლორის ისეთ გამორჩეულ შემსრულებლებს, როგორებიც არიან ლელა თათარაიძე, ჰამლეტ გონაშვილი და ილია ზაქაიძე. ვცდილობ, ახალგაზრდებს გააცნონ ქართული სიმღერის ფესვები. ბავშვებთან ურთიერთობა მარტივი არ არის - ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ვცდილობ, ოქროს შუალედი დავიჭირო და თითოეულ მათგანს ის გადავცე, რაც მუსიკის კუთხით მათთვის მნიშვნელოვანია.

ჯგუფი „ექსპერიმენტი“ კარიერის ახალი ეტაპია. მოგვიყევით რატომ გადაწყვიტეთ მისი შექმნა?

უკვე აღვნიშნე ჩემი დიდი სიყვარული ფოლკლორის მიმართ, თუმცა ყველა ხელოვანს სჭირდება განვითარება, და ჩემი შინაგანი სამყაროც ამას მოითხოვდა. შევკრიბე ისეთი მუსიკოსები, რომლებიც დღეს აქტუალურები არიან და მომავალშიც ასე დარჩებიან. ქართული და თანამედროვე ინსტრუმენტების შერწყმით ძალიან მრავალფეროვან და შთამბეჭდავ პროექტს ვქმნით.

ჯგუფის მუსიკოსები თავიანთი შემოქმედებითა და მუშაობის სტილით გენიალურები არიან, რაც კიდევ უფრო მეტ ინსპირაციას მაძლევს, რომ ალტერნატიულ მუსიკასთან ქართული მუსიკის კოლაბორაცია შევქმნა.

ამ მუშაობაში გაჩნდა ახალი ტერმინიც ფოლკ-ჰოპი, რომელიც აუცილებლად აქტუალური გახდება და მას უკეთ მიიღებს ჩვენი ახალგაზრდობა, ვიდრე უბრალოდ ფოლკლორს.

როგორია სამომავლო გეგმები?

მინდა რომ ჩვენი ფოლკლორი ყველა ჟანრში მოვასმენინო მომავალ თაობას. გარდა ამისა, მაქვს კლასიკურ მუსიკოსებთან კოლაბორაციაც. მათ შორისაა, ქართველი კომპოზიტორი ზურაბ მჟავია. მას შემდეგ რაც სიმღერა „ქართველების ერთად ყოფნა“ ვიმღერე, ბატონ ზურაბს გაუჩნდა სურვილი, რომ მემღერა მისი დაწერილი ახალი სიმღერა, რომელიც აფხაზეთზეა და მას ძალიან მალე შევასრულებ.

ასევე, მაქვს ამერიკელებთან, სნუპ დოგისა თუ ლორენ ჰილის მუსიკოსებთან, 10 სიმღერიან პროექტზე ხელშეკრულება. რამდენიმე სიმღერა მზადაა, ხოლო რამდენიმეზე მუშაობა მიმდინარეობს.

რომელ მუსიკოსთან კოლაბორაციას ისურვებდით მომავალში?

უცხოელებიდან ერთ-ერთია სტინგი და მალე მექნება ამაზე მოლაპარაკებები. ქართველებიდან კი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ და თავიანთ შემოქმედებაში უნიკალურ ხელოვანებთან - ლელა თათარაიძესა და გიული ჩოხელთან კოლაბორაციებს ვისურვებდი.

ფოტო: იკა პირველი

ზევით