თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ციფრული ფორმატის მეორე დღის დახურვის პატივი DALOOD-ს ხვდა წილად და ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა მაკა კვიციანმა, შემოდგომა/ზამთრის კოლექციასთან ერთად ხალხმრავალი ღონისძიებები, გლამურული საღამოები და თვალისმომჭრელი კაბების ხილვა მოგვანდომა, თუმცა ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვეთ.

მაკა კვიციანის ფერადსა და სადღესასწაულო კოლექციას, წინ უმშვენიერესი პერფორმანსი ქართული ნაციონალური ბალეტის - სუხიშვილების ქორეოგრაფიული ანსამბლის ნაზი და ჰაეროვანი ცეკვა უძღოდა.

DALOOD-ის სცენა ციფრულ ჩვენებაში მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა, ეს ბუნებრივიცაა, მთავარი აქცენტი, ხომ მაკა კვიციანის შემოქმედებას უნდა დათმობოდა და ასეც მოხდა. დიზაინერმა ერთი მეორის მიყოლებით წარადგინა სადღესასწაულო კაბები, მეტალიკისა თუ ფერადი ქსოვილებით და ე.წ. Bubble დიზაინის ელემენტებით.

რაც შეეხება DALOOD FW 2021-ის სილუეტებს, აქ განსაკუთრებული ადგილი თავისუფალი სტილის შარვლებსა და Oversized პიჯაკებს ეკავათ.

მაკა კვიციანის ქალი, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი, მზადაა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თავდავიწყებით გაერთოს, გასული სეზონის შემდეგ ის საოცრად გაზრდილი, თავდაჯერებული და უშიშარია და მზადაა ყველა წინააღმდეგობა ღიმილით გადალახოს, რომელიც კი გზად შემოხვდება.