10 წიგნი დუა ლიპას წიგნის კლუბიდან
დუა ლიპას გავლენა მუსიკას სცდება და თანამედროვე კულტურას, მოდას, კინოსა და წიგნებსაც მოიცავს. გაეცანით 10 წიგნს, რომლებიც მის ლიტერატურულ სამყაროს უკავშირდება.
რატომ დაემსგავსა ჩვენი სოციალური ქსელების კედელი დროის მანქანას? ჰეშთეგმა #2016 სრულიად მოიცვა ყველა მედია. ვერ გეტყვით რა დგას ამ ტრენდის უკან, მაგრამ Instagram-სა და TikTok-ზე უკვე მილიონობით პოსტი იძებნება ამ ჰეშთეგით. სელენა გომესი, ჰეილი ბიბერი, ენ ჰეთეუეი, ემილი რატაკოვსკი და სხვა ცნობილი ადამიანები არქივული ფოტოებით იხსენებენ, როგორი იყო ცხოვრება ზუსტად ათი წლის წინ.
2016 წლის მოდის ტრენდების გახსენებისას, გვერდს ვერ ავუვლით სხეულზე მომდგარ, ე.წ. Skinny ჯინსებს, რომლებიც გვეგონა, რომ სამუდამოდ წარსულს ჩავაბარეთ. ათი წლის წინ პაპარაცები ზეთისხილისფერ, ატლასის ბომბერებსა და მოტკეცილ ჯინსში გამოწყობილ მოდელებს უღებდნენ ფოტოებს. ეს ლუქი მაშინდელი „model-off-duty“ სტილის განუყოფელი ნაწილი იყო. 2026-ში ეს სტილი ბრუნდება, ოღონდ თანამედროვე მოდის დამახასიათებელი შტრიხებით.
2016 წელს ყველას სამკაულების კოლექციაში მოიძებნებოდა ჩოქერი. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ვერსია რიანას ეკეთა სიმღერის Work ვიდეოკლიპში. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ Alexander Wang-ის 2016 წლის საშემოდგომო კოლექციაც, სადაც ამ აქსესუარმა სრულიად ახალი, პანკური ესთეტიკა შეიძინა. მაშინ ჩოქერები ბელა ჰადიდის, ბიონსეს, ტეილორ სვიფტისა თუ სელენა გომესის სტილის განუყოფელი ნაწილი იყო.
![]() |
![]() |
2016 წელი მოდის ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენით შევიდა, მათ შორის კი საპატიო ადგილს იკავებს დემნა გვასალიას დებიუტი ბალენსიაგაში. დემნამ Balenciaga-ს მოდის სახლის ახალ ეპოქას ჩაუყარა საფუძველი. მისი პირველი, 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ნამდვილი კულტურული შოკი იყო, პოდიუმზე სრულიად განსხვავებული ესთეტიკა ვიხილეთ.

სანამ ზოგი კრისტობალ ბალენსიაგას ელეგანტურობას მისტიროდა, სხვები დემნას ხედვით იყვნენ აღფრთოვანებულები. დღეს დემნა უკვე გუჩის სახლის კრეატიული დირექტორია, ქართველი დიზაინერის ბალენსიაგაში მოღვაწეობამ კი ნათლად აჩვენა, რომ თანამედროვე მოდა ჰაიპზე, ოვერსაიზზე, აბსურდსა და ე.წ. ვაირალ (Viral) მომენტებზე დგას.
რატომ ვუბრუნდებით წარსულს?
სავარაუდოდ, წარსულის ნოსტალგია იმითაა განპირობებული, რომ ინფორმაციული ქაოსის, ჰიპერპერსონალიზებული ალგორითმების, FoMo-სა და გაუაზრებელი სქროლვის ეპოქაში, ჩვენ უბრალოდ 2016 წლის მარტივი ცხოვრება მოგვენატრა. მაშინ სოციალური ქსელები მხოლოდ მეგობრებთან საურთიერთოდ და ცხოვრებისეული მომენტების გასაზიარებლად არსებობდა.
ინტერნეტი ნაკლებად იმართებოდა მკაცრი ალგორითმებით და უფრო მეტად ცოცხალი, ავთენტური ენერგიით იყო სავსე. არავის ეგონა, რომ მომავალი ომებს, ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტებასა და ულტრამემარჯვენეების აღზევებას მოიტანდა.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცოტათი „გქრინჯავთ“ თქვენი ძველი Snapchat-ის სელფებისა და Retrica-ს ფილტრებით გადაღებული ფოტოების დათვალიერება, გაიხსენეთ, თუ რა უპრობლემოდ გვეჩვენებოდა მაშინ ცხოვრება.