ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ყოველთვის გლობალური ერთიანობის დღესასწაული იყო და ექვსი კვირის განმავლობაში მთელი პლანეტის ყურადღებას იპყრობდა. თუმცა, დიდია შანსი, რომ 2026 წლის ტურნირმა ფანების მოლოდინები ვერ გაამართლოს.
ჩემპიონატი აშშ-ის, კანადის და მექსიკის 16 ქალაქში ჩატარდება, მონაწილე გუნდების რაოდენობა კი 32-იდან 48-მდე გაიზარდა, რაც მასშტაბურ საფეხბურთო ზეიმს მოასწავებდა. ამის ნაცვლად კი მივიღეთ გეოპოლიტიკური დაპირისპირებები, მოსალოდნელი კლიმატური საფრთხეები და კორპორაციული სიხარბე.

ამ ყველაფერმა გააჩინა კითხვა: ხომ არ გახდება ეს ტურნირი ყველაზე ცუდი ჩემპიონატი FIFA-ს ისტორიაში?
გეოპოლიტიკური ომი მოედანზე
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად ხდება, რომ მასპინძელი ქვეყანა ღია სამხედრო კონფლიქტშია ტურნირის მონაწილე გუნდის სახელმწიფოსთან. იმ ფაქტმა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან ომში იმყოფება, ტურნირს მძიმე პოლიტიკური ფონი შეუქმნა.

ირანის ნაკრებსა და მის გულშემატკივრებს უპრეცედენტო შეზღუდვები დაუწესდა. ირანის ეროვნულ ნაკრებს ეკრძალება აშშ-ის ტერიტორიაზე ბაზირება, მათ მხოლოდ მექსიკაში ცხოვრებისა და ვარჯიშის უფლება მისცეს. ირანელ ფანებს კი, რომლებიც ნაკრების გაცილების ღონისძიებაზე „სიკვდილი ამერიკას“ გაჰყვიროდნენ, საერთოდ აეკრძალათ აშშ-ში შესვლა მატჩებზე დასასწრებად.
მიუხედავად იმისა, რომ FIFA-ს წესდება ორგანიზაციისგან პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს მოითხოვს, ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ინფანტინო გაკიცხეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ზედმეტად დაახლოების გამოც. FIFA-მ 2025 წლის დეკემბერში ტრამპს სპეციალურად შექმნილი „ფიფას მშვიდობის პრიზი“ გადასცა, ხოლო მოგვიანებით, 2026 წლის თებერვალში ინფანტინომ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ სამიტზე, MAGA-ს სტილის წითელი ქუდი მოირგო.

სომალელი მსაჯის ინციდენტი
აშშ-ის სასაზღვრო პოლიტიკის სიმკაცრე საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდა 6 ივნისს, როდესაც სომალელ მსაჯს, ომარ არტანს (აფრიკის 2025 წლის საუკეთესო მამაკაც მსაჯს), ამერიკაში შესვლაზე უარი უთხრეს.

6 ივნისს არტანი მაიამის საერთაშორისო აეროპორტში დიპლომატიური პასპორტითა და მოქმედი ვიზით ჩაფრინდა. იგი დააკავეს და 11 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებთან შესაძლო კავშირების გამო. 7 ივნისს კი მისი დეპორტაცია მოხდა სტამბოლში, ყოველგვარი განმარტების გარეშე. 10 ივნისს იგი დაბრუნდა მოგადიშოში, სადაც გმირულად დახვდნენ, ამავდროულად, ფიფამ ის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური მსაჯების სიიდან ამოშალა, რადგან იგი მაიამიში წვრთნებს ვერ გაივლიდა, ეს კი მსაჯობისთვის აუცილებელი კომპონენტი გახლდათ.

ამ ინციდენტმა აღშფოთება გამოიწვია მთელ აფრიკაში და საზოგადოებას გაახსენა პრეზიდენტ ტრამპის 2018 წლის სკანდალური განცხადება, როდესაც მან აფრიკული ქვეყნები შეურაცხმყოფელი ტერმინებით (Shithole countries) მოიხსენია. არტანს მოგადიშოში დაბრუნებისას ათასობით ფანი დახვდა და იგი სომალის პრეზიდენტმა ჰასან შეიხ მუჰამედმა პირადად მიიღო. შემდეგ კი, UEFA-მ სომალელი არბიტრი 12 აგვისტოს დაგეგმილ უეფას სუპერთასის მატჩზე მსაჯად მიიწვია, სადაც ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ასტონ ვილა“ დაუპირისპირდებიან.
ომარ არტანის გარდა, აშშ-ის სავიზო შეზღუდვებმა თამაშს მიღმა დატოვა გულშემატკივრები ჰაიტიდან, სენეგალიდან და კოტ-დ’ივუარიდან (ტურისტული ვიზების შეჩერების გამო), ხოლო აშშ-ის ხელისუფლებამ უარი თქვა იმის გარანტიაზე, რომ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური (ICE) არ ჩაატარებდა რეიდებსა და შემოწმებებს უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონების მიმდებარე ტერიტორიებზე.
მაღალი ფასები
ბარიერები იმ გულშემატკივრებისთვისაც არსებობს, რომლებსაც სამართლებრივად აქვთ მგზავრობის უფლება აშშ-ის ტერიტორიაზე. ფინანსური ხარჯები ძალიან მაღალია, რაც ამ ტურნირს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მსოფლიო ჩემპიონატად აქცევს.

ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის მაგალითზე რომ ავიღოთ, ფანი, რომელსაც სურს სასტუმროში ორი ღამის გათევა და მხოლოდ ერთი მატჩის ბილეთის შეძენა, საშუალოდ $2,000-ის ხარჯის წინაშე დგება და ეს ფრენის საფასურის გარეშე. ვინაიდან ნიუ-იორკის მატჩები რეალურად ნიუ-ჯერსიში, „მეტლაიფ სტადიონზე“ ტარდება, ადგილობრივმა სატრანსპორტო კომპანიებმა მომენტით ისარგებლეს. ქალაქიდან სტადიონამდე სამგზავრო მატარებლისა და ავტობუსის ბილეთების ფასი $98-მდე გაიზარდა, რაც სტანდარტულ $12.90 ტარიფთან შედარებით 7-ჯერ მეტია.
ამასთანავე, ტურნირის ფინალის ყველაზე იაფი ბილეთი ოფიციალურ Resale პლატფორმებზე 8,000 დოლარიდან იწყება და 40,000 დოლარამდე ადის. ამ ფაქტმა ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის გენერალურ პროკურორებს უბიძგა ოფიციალური გამოძიება დაეწყოთ იმის დასადგენად, ხომ არ ხდება ფანების ექსპლუატაცია.
ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთის შეძენა ქაოსის, ხელოვნური დეფიციტისა და წარმოუდგენლად მაღალი ფასების ლაბირინთად აქცია. ჩვენ მზად ვართ ფიფას ქმედებების საფუძვლიანი გამოძიება ჩავატაროთ, – ჯენიფერ დევენპორტი, ნიუ-ჯერსის გენერალურმა პროკურორი.
ინფანტინომ ბილეთების ფასები პოლიტიკა დაიცვა და განაცხადა, რომ ეს საბაზრო ტარიფებს ასახავს. თუმცა მომხმარებელთა უფლებების დამცველმა ჯგუფებმა უკვე შეიტანეს საჩივარი ევროკავშირში ფასების ხელოვნური ზრდის გამო.
ექსტრემალური სიცხე
ტურნირს მხოლოდ პოლიტიკა არ ემუქრება, საფრთხის ქვეშაა ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ფიზიკური უსაფრთხოებაც. კლიმატის ექსპერტებმა ფიფას ღია წერილით მიმართეს და ორგანიზაცია გააფრთხილეს, რომ 16 სტადიონიდან 14-ში ტემპერატურამ შეიძლება სახიფათო ნიშნულს გადააჭარბოს. ჩრდილოეთ მექსიკასა და აშშ-ის სამხრეთში ტემპერატურა რეგულარულად სცდება 30°C-ს, ხოლო უშუალოდ მოედნის საფარზე, სიცხე კიდევ უფრო მეტი იქნება.

ამასთან გასამკლავებლად, ფიფამ ყოველ ტაიმში სავალდებულო სამწუთიანი შესვენება დააწესა წყლის დასალევად. თუმცა, მეცნიერები ამ დროის ორჯერ გაზრდას და მინიმუმ ექვს წუთამდე გახანგრძლივებას ითხოვენ. ამასთანავე, ფიფამ მკაცრად განსაზღვრა, რომ ეს შესვენება ყველა სტადიონზე იდენტური ხანგრძლივობის იქნება. ეს სავალდებულო სამედიცინო პაუზები იდეალურად ემთხვევა მსხვილი კორპორაციების ინტერესებს. აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წამყვანი ტელევიზიები გეგმავენ კომერციული რეკლამები პირდაპირ ამ შესვენებებში ჩასვან.

ებოლა
ლოგისტიკურ ქაოსს ემატება ისიც, რომ ფიფა იძულებული გახდა კრიზისული მართვის რეჟიმში გადასულიყო. აფრიკაში ებოლას ვირუსის ბოლოდროინდელმა აფეთქებამ გარკვეული გუნდების მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ფიფამ საჯაროდ განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და მჭიდრო კავშირშია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფეხბურთის ასოციაციასთან, რათა მოთამაშეებმა და პერსონალმა სრულად გაითვალისწინონ სამედიცინო და უსაფრთხოების ინსტრუქციები. მასპინძელი ქვეყნების მთავრობები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ყველაფერს აკეთებს, რათა თავიდან აიცილონ ეპიდემიის გავრცელება ამ ტურნირზე, რომელიც ერთდროულად სამი ქვეყნის საზღვრებს მოიცავს.
გადაარჩენს ფეხბურთი ტურნირს?
წარსულშიც ახლდა ამ ტურნირს სკანდალები, მაგალითად გავიხსენოთ 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთში ან 2022 წლის ტურნირი კატარში. თუმცა, პირველი სასტვენის ხმისთანავე, უშუალოდ საფეხბურთო სანახაობამ საზოგადოების ყურადღება ნელ-ნელა სხვა მხარეს გადაიტანა.
ჩრდილოეთ ამერიკაში მატჩების დაწყებასთან ერთად, ფიფა კვლავ იმედოვნებს, რომ სპორტი კიდევ ერთხელ გადაფარავს მთელ ამ ხმაურს. თუმცა, მიმდინარე ომის, სტადიონებთან მობილიზებული საიმიგრაციო აგენტების, ჯანდაცვის რისკებისა და მილიარდერებისთვის განკუთვნილი ბილეთების ფონზე, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პრობლემები შესაძლოა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდეს, რომ მათ წინაშე ფეხბურთიც კი უძლური დარჩეს.