#სამეფო ოჯახი

პრინცესა დიანა - სამეფო ოჯახის მეამბოხე პრინცესა

გაზიარება:

სტილის, ხალხისა და სიყვარულის პრინცესამ ადამიანთა გულები არა მხოლოდ ჰუმანურობით, ემპათიურობითა და საოცარი სტილის შეგრძნებით, არამედ თავისი მეამბოხე ბუნებითაც დაიპყრო. ლედი დი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მეამბოხე წევრი გახლდათ. მისთვის დადგენილი წესები და სამეფო კარის პროტოკოლები ზედმეტად რთული რამ იყო შესასრულებლად. საქორწინო ფიცის შეცვლით ყველამ იცოდა, რომ პრინცესა დიანა არ იქნებოდა ის მონარქი, რომელიც ინდივიდუალურობას უკანა პლანზე გადაწევდა და სხვის ჩრდილში იცხოვრებდა.

პრინცესა დიანა, ლედი დი, უელსის პრინცესა,

შეცვლილ საქორწინო ფიცს, პირად ჩასწორებებსა და სიყვარულის გამოხატვის მისეულ მეთოდს მალევე მოჰყვა დიანას შემდეგი პროტესტი. სამეფო კარის წესების თანახმად, ყოველი მონარქი სასახლეში უნდა დაბადებულიყო, თუმცა პირველ შვილზე ორსულად მყოფმა ლედი დიმ განაცხადა, რომ ის ვაჟს სამშობიაროში გააჩენდა და ასეც მოიქცა. 1982 წელს, St. Mary-ის სამშობიაროში დიანამ სამყაროს პრინცი უილიამი მოუვლინა.

2 წლის შემდეგ, ამავე სამშობიაროში დაიბადა პრინცი ჰარიც.

პრინცესა დიანა, ლედი დი, უელსის პრინცესა,

პრინცების - უილიამისა და ჰარის გაჩენის შემდეგ, პრინცესა დიანამ უარი თქვა წესზე, რომლის თანახმადაც მის ვაჟებს განათლება სახლის პირობებში უნდა მიეღოთ. ამის ნაცვლად, დიანამ პრინცი უილიამი სკოლაში მიიყვანა, რითაც პრინცი გახდა პირველი სამეფო ოჯახის წევრი, რომელიც განათლებას სხვა ბავშვებთან ერთად, სკოლის შენობაში იღებდა. უფროსი ძმის ნაბიჯებს მიჰყვა პრინცი ჰარიც.

პრინცესა დიანა, ლედი დი, უელსის პრინცესა,

ენდრიუ მორტონის ბიოგრაფიული წიგნის Diana: Her True Story-ს თანახმად, რომელიც 1992 წელს გამოქვეყნდა, პრინცესა დიანამ ცხოვრებაში ყველაზე გაბედული ნაბიჯი გადადგა და მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ პრინცმა ჩარლზმა და კამილა პარკერ ბოულსმა რომანი განაახლეს, კამილასთან პირისპირ შეხვედრა გადაწყვიტა. დიანამ აღიარა, რომ კამილა თავისი სიმშვიდით აშინებდა:

დიანა: ვიცი, რა ხდება შენსა და ჩარლზ შორის...

კამილა: შენ ყველაფერი მიიღე, რაც გსურდა, ყველა მამაკაცს შეაყვარე თავი ვინც დაგინახა. ორი მშვენიერი შვილი გყავს, მეტი რა გინდა?

დიანა: მე ჩემი ქმარი მინდა... ვიცი რა ხდება თქვენ შორის და ეს ალბათ ნამდვილი ჯოჯოხეთია ორივე თქვენგანისთვის. თუმცა, მე ვიცი ყველაფერი და ისე ნუ იქცევით, თითქოს სულელი ვიყო.

პრინცესა დიანა, ლედი დი, უელსის პრინცესა,

პრინცესა დიანა იყო პირველი ქალი სამეფო ოჯახიდან, რომელმაც მენტალურ ჯანმრთელობაზე ხმამაღლა საუბარი გაბედა. გახმაურებულ და სკანდალურ ინტერვიუში, რომელიც უელსის პრინცესამ 1995 წელს BBC-ის ჟურნალისტს მისცა, ლედი დიმ აღიარა, რომ პრინცი უილიამის გაჩენის შემდეგ მას პოსტ სამშობიარო დეპრესია ტანჯავდა, რასაც ჭამის დარღვევა და საკუთარი თავის დაზიანების ფიქრები და მცდელობები მოჰყვა. 

პრინცესა დიანა, ლედი დი, უელსის პრინცესა,

ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ პირველი ადამიანი ვიყავი, რომელმაც ხმამაღლა იტირა სამეფო ოჯახში, მათ კი არ იცოდნენ რა ექნათ ჩემთვის - პრინცესა დიანა.

შოკისმომგვრელ ინტერვიუში პრინცესა დიანას არც ის დაუმალავს, რომ მკლავებსა და ფეხებს იზიანებდა, რადგან მისი ტირილი არავის ესმოდა. ხშირად კი დიდი ძალდატანების შემდეგ მიღებულ საკვებს რამდენიმე წუთში უკან იღებდა. 1995 წლის ეს აღიარება გახდა პრინცი უილიამისა და პრინცი ჰარის მთავარი საბაბი მენტალური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს დახმარებოდნენ ყველაფრით, რითაც შეეძლებოდათ.

პრინცესა დიანა, ლედი დი, უელსის პრინცესა,

1997 წლის ივნისში, გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, საზოგადოება კიდევ ერთი უპრეცედენტო შემთხვევის მომსწრე გახდა - პრინცესა დიანამ თავისი 79 კაბა აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. კაბებს შორის იყო შავი ელეგანტური კაბა, რომელიც ლედი დის ჯონ ტრავოლტასთან ცეკვის დროს ამშვენებდა და Catherine Walker-ის "შურისძიების" საკულტო კაბა. აუქციონი ლონდონსა და ნიუ-იორკში გაიმართა და როგორც პრინცესა დიანა ამბობდა, ეს მისი შვილის, 15 წლის პრინცი უილიამის იდეა იყო. 

ზევით