#სპორტი

BREAKING ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია

გაზიარება:

შემთხვევით, ეს ფრაზები ხომ არ გეცნობათ? - "Windmills", "Bronx step", "Throwing down". თუ მათი მნიშვნელობა ჯერ არ იცით, არაუშავს, პარიზის ოლიმპიადის შემდეგ აუცილებლად გეცოდინებათ. წელს პირველად, სპორტის სახეობებს ბრეიკდანსი დაემატება. ჰიპ-ჰოპის კულტურის განუყოფელი ნაწილი 1970-იანების ნიუ-იორკიდან პირდაპირ ოლიმპიურ თამაშებზე აღმოჩნდა. პარიზის არენაზე სულ მსოფლიოს 32 საუკეთესო მოცეკვავე, 16 ქალი და 16 კაცი, იასპარეზებს.

breaking, olympics 2024

საიდან იღებს სათავეს ბრეიკდანსი?

ჰიპ-ჰოპი სამხრეთ ბრონქსში, DJ Kool Herc-ის წყალობით 1970-იან წლებში დაიბადა და მასთან ერთად ბრეიკინგიც გაჩნდა. რეალურად, ტერმინი Breakdance ჰიპ-ჰოპის სამყაროში არ არსებობს, dance-ის ნაწილი საზოგადოებამ და მედიამ მიამატა. ბრეიკინგი ჰიპ-ჰოპის 5 ფუნდამენტურ საყრდენთაგანია. 1970-80-იან წლებში, ქონების კრიზისის გამო სამხრეთ ბრონქსის 40% დაიწვა ან მიატოვეს. ურბანულ ჯუნგლებში, ფერფლიდან ბრეიკინგი, დიჯეინგი, MCing და გრაფიტი აღმოცენდა. ბრეიკინგს საცეკვაო მოედანზე ე.წ. B-boys და B-girls მაშინ ასრულებდნენ, როცა მუსიკალური ტრეკები "ისვენებდნენ", რიტმული ინსტრუმენტები ჩერდებოდა და ბიტი საწყისს, ფუნდამენტურ ხმოვანებას უბრუნდებოდა. 

breaking, ricky flores
პირველი ბათლები ნიუ-იორკში, ფოტო: Ricky Flores

"ეს არის ამბავი ხელოვნებასა და ადამიანების შეუპოვრობაზე, მათ უნარზე, ხელოვნება საკუთარი თავის აღდგენისთვის გამოეყენებინათ და ტრაგიკული სიტუაციიდან ლამაზი რამ შეექმნათ" - ამბობს ფოტოგრაფი რიკი ფლორსი, რომელიც წარმოშობით ბრონქსიდანაა და ისტორიას B-ბიჭების საოცარი ფოტოები შემოუნახა. რიკის თქმით, თუ მართლა კარგი B-ბიჭი იყავი და გინდოდა შენი სახელი გაგემართლებინა, Kool Herc-ის Flash წვეულებაზე უნდა წასულიყავი და იქ უნდა გეჩვენებინა, თუ რა შეგეძლო. 

breakdancing
ლონდონი, 1983 წელი. ფოტო:Graham Wood

სამეზობლოს წვეულებებზე ახალგაზრდების სოულისა და პანკის ბიტების მოსმენის შემდეგ, “შესვენებაზე” ცეკვას, დღეს უკვე თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული, ბრეიკდანსის სახელით ვიცნობთ.

ბრეიკდანსის ტრეკების კლასიკური მაგალითებია Bongo Band-ის, "Apache", "Just Begun" Castor Bunch-ის შესრულებით და Babe Ruth-ის "Mexican". ეს ის ტრეკებია, რომელიც პირველი თაობის B-ბიჭებმა ზეპირად იცოდნენ. 80-იანი წლებში ბრეიკდანსი უკვე მეინ სტრიმში იყო. The Rock Steady Crew-ის ლეგენდარულმა ჯგუფმა, 1983 წელს სიმღერა "Hey You" გაუშვია, რომელშიც ბრეიკდანსის ერთ-ერთი პირველი მოცეკვავეები - Crazy Legs, კენ სვიფტი და კურიაკი მონაწილეობდნენ.

b-boy in New-York, breaking
B-Boy ნიუ-იორკიდან, ფოტო:Ricky Flores

იმავე წელს, რეპ ჯგუფის, RUN DMC-ის მუსიკალურ კლიპში "It's Like That"- ბრეიკერების battle მოეწყო, შემდეგ იყო ფილმი Flashdance. ამას დაემატა სოციალური ქსელების აღმავლობის ხანა და ბრეიკდანსმაც საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა. ბრეიკერები აღმოსავლეთ აზიასა და ევროპაშიც გაჩნდნენ. მანამ სანამ ბრეიკინგის შესახებ ჰიპ-ჰოპის მხოლოდ ადგილობრივმა საზოგადოებამ იცოდა, ე.წ. ბათლები უბნებში ეწყობოდა. მოცეკვავეების გარშემო ხალხი იკვრებოდა და წრეში ორი ან მეტი ადამიანი ერთმანეთს ბრეიკინგში ეჯიბრებოდა. ამ battle-ებმა ნელ-ნელა კომერციული და მასშტაბური ფორმა მიიღო.

ყოველთვის არსებობდა ორი ძირითადი ვარიანტი - ან გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ან სოლო შეჯიბრებები ტარდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვებულს ინდივიდუალიზმითა და კრეატიულობით ირჩევდნენ. შეჯიბრის წესები ბუნდოვანი იყო, სანამ 2018 წელს ბრეიკინგის მართვა მსოფლიო ცეკვის სპორტულმა ფედერაციამ არ დაიწყო. თუმცა, ძირითადი შეჯიბრებები ჯერ კიდევ ოფიციალური მმართველობის მიღმა ტარდება. ესენია Red Bull BC One და Battle of the Year, რომლებიც breaking საზოგადოებაში ყველაზე მეტი ნდობითა და ერთგულებით სარგებლობენ.

B-Girl Jeskilz
B-Girl Jeskilz-ი, ფოტო:Redbull

ბრეიკდანსი მსოფლიო ოლიმპიადაზე

2020 წლის შემდეგ ოლიმპიურ დღის წესრიგში სამი მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაჩნდა - ნდობა, მდგრადობა და ახალგაზრდობა. საჭირო იყო ოლიმპიური თამაშების პროგრამის მოდერნიზება, რათა ახალგაზრდა აუდიტორიაში ინტერესი გამოეწვიათ. breaking კი სამივე მიზანს იდეალურად ერგებოდა - არაფერია ოლიმპიურ პროგრამაში ბრეიკინგზე უფრო კრეატიული, ხელმისაწვდომი (მოცეკვავეს არანაირი აღჭურვილობა არ სჭირდება) და ურბანულ კულტურასთან დაკავშირებული. ბრეიკდანსის პროგრამაში ჩამატება განსაკუთრებით საფრანგეთის გუნდს სურდა. ახალი სახეობის დამატება მასპინძელი ქვეყნის უფლებაცაა. მაგალითად 2028 წელს ლოს ანჯელესი ამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთ ვარიანტს, flag football-ს დაამატებს.

ოლიმპიადაზე ფავორიტი მოცეკვავეები უკვე გამოჩნდნენ. ხალხი B-boys Victor-ის (აშშ), Danny Dan-ის (საფრანგეთი), B-girls India-ს (ნიდერლანდები) და Nicka-ს (ლიეტუვა) გამოსვლებს ელოდება.

ბუნებრივია, ბევრი კითხვა ჩნდება იმაზე, თუ როგორ დაიწერება ქულები. მოსალოდნელია, რომ სუბიექტურობა დიდ როლს ითამაშებს, თუმცა ტანვარჯიშში, სინქრონულ ცურვასა და ფიგურულ სრიალშიც მსგავსი შეფასების სისტემაა.

ამიერიდან ურბანულ კულტურასა და ურბანულ სპორტს პარიზის არენაზე ხშირად ვიხილავთ. წელს სკეიტბორდერები, BMX freestyle და 3x3 კალათბურთიც იქნება წარმოდგენილი. გამარჯვებულები 6 კრიტერიუმის მიხედვით აირჩევიან, ესენია: კრეატიულობა, პიროვნულობა, ტექნიკა, მრავალფეროვნება, პერფორმანსი და მუსიკალურობა. ბრეიკდანსერებისთვის მუსიკალური ტრეკები წინასწარ ცნობილი იქნება.

ასე რომ, 9 და 10 აგვისტოს ყველანი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრენი გავხდებით. იქამდე კი ბრეიკდანსის ლექსიკონს ჩაუსხედით, ბათლებსაც გადაავლეთ თვალი და საგულშემატკივროდ ერთი მოცეკვავეც ამოარჩიეთ.

ზევით