#მუსიკა #საზოგადოება

LGBTQ თემის ხმა - 6 მუსიკოსი, რომლებმაც ისტორია შეცვალეს

გაზიარება:

კარგი მუსიკა, თუ კარგი პერფორმანსი იმაზე ძლიერ დატვირთვას ატარებს, ვიდრე პოლიტიკური მოწოდებები, თუ კამპანიების სლოგანებია. ამის ნათელი მაგალითი იმ არტისტების ჩამონათვალია, რომლებიც წლების მანძილზე LGBTQ თემის ხმის როლს ირგებდნენ და სიყვარულის ყველა ფერში უნივერსალურ მიმღებლობაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს.

მუსიკალური ლეგენდები, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე არ დავივიწყებთ, თავის დროზე ფართო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის, შეურაცხყოფის და მუქარის ობიექტებადაც კი ქცეულან. The Diary იმ არტისტების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებიც წლების მანძილზე LGBTQ თაყვანისმცემლებს საკუთარი ხმის პოვნაში ეხმარებოდნენ.

FREDDIE MERCURY

ფრედის სექსუალურმა ორიენტაციამ რომ Queen-ის მუსიკასა და იმიჯზე უდიდესი გავლენა იქონია, ამაზე ყველა შევთანხმდებით. თავად ფრედი კი თავისუფალი სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. I want to break free დღემდე LGBTQ თემის ერთ-ერთ ჰიმნად ითვლება.

LADY GAGA

ლედი გაგასა და მისი ე.წ. “მონსტრების” ურთიერთობა სპირიტუალურ საფეხურებს აღწევს. მუსიკოსს პირადი ცხოვრება და მძიმე გამოცდილება თაყვანისმცემლებისთვის არაერთგზის გაუზიარებია, ხოლო მისი მუსიკა ყოველთვის სიყვარულისა და მიმღებლობისკენ მოგვიწოდებს.

ELTON JOHN

თითქოს 70-იან წლებში ელტონ ჯონის ჩანაწერს მავანნი და მავანნი ფლობდნენ, თუმცა მუსიკოსისთვის მაშინ დიდებაზე მნიშვნელოვანი, საკუთარი პოზიციის გეი მამაკაცების მიმართ დამოკიდებულების შესაცვლელად გამოყენება გახლდათ. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ელტონმა შიდსის კამპანიისთვის მილიონობით დოლარი მოიზიდა. 2005 წელს კი ხმამაღალი განაცხადი დიდხნიან მეორე ნახევარზე - დევიდ ფერნიშზე ქორწინებით გააკეთა.

DAVID BOWIE

Glam Rock-ის ნათლიმამამ LGBTQ თემის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. მისი გარდაცვალების შემდეგ, სოციალურ მედიაში იმის თაობაზე წერდნენ, თუ რამხელა გავლენა მოახდინა მუსიკოსმა მათ ცხოვრებაზე და როგორ დაეხმარა Queer კულტურის განვითარებას 60-70-იან წლებში.

MADONNA

პოპის დედოფლის მიერ შიდსის აფეთქების პერიოდში გაწეული შრომა ფასდაუდებელია. LGBTQ თემისთვის ყველაზე რთულ ეპოქაში ლეგენდარულმა შემსრულებელმა საკუთარი ხმა, სცენა და პოპულარობა, გეი საზოგადოების მხარდასაჭერად, ცნობადობის ასამაღლებლად და ხალხის მიდგომის შესაცვლელად გამოიყენა.

CHER

გეი საზოგადოება მასში რაღაცას ყოველთვის ხედავდა. წარმოშობით სომეხი მუსიკოსის ანგარიშზეა LGBTQ თემის ყველა დროის ჰიმნი - Believe, რომელმაც მომღერალს მსოფლიო აღიარება მოუტანა.

 

ზევით