#მოდა #ცნობილები #სილამაზე

ტვიგი - XX საუკუნის საკულტო სახე, რომელმაც მოდის სამყარო სამუდამოდ შეცვალა

გაზიარება:

ბრიტანელი სუპერმოდელი ლესლი ლოუსონი, მოგვიანებით საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც ტვიგი, 1949 წლის 19 სექტემბერს ლონდონის გარეუბანში დაიბადა.

ლესლის გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა, როდესაც თანატოლები მას დამცინავი ზედმეტსახელებით მოიხსენიებდნენ. ამ ყველაფერმა იმდენად დიდი როლი ითამაშა ტვიგის ცხოვრებაში, რომ ზრდასრულ ასაკშიც მას ღრმად სწამდა, რომ მსოფლიო შეიშალა და მასში სილამაზის მცირეოდენი ნაპერწკალიც კი არ ერია. სამყარომ, თინეიჯერ ლესლის საპირისპირო მალევე დაუმტკიცა, როდესაც ერთმა ვარცხნილობამ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

„16 წლის ასაკში, მეიფერის, ერთ-ერთ ძალიან კარგ სალონ The House of Leonard-ში წავედი შამპუნის საყიდლად, როდესაც დაწესებულების მფლობელმა ლეონარდმა მკითხა შეეძლო თუ არა ჩემთვის თმის შეჭრა, მე ჩემს გრძელ ვარცხნილობასთან გამომშვიდობებისთვის მზად არ ვიყავი, თუმცა საკმარისად მორცხვი ნამდვილად გახლდით, იმისთვის რომ უარი მეთქვა, ამიტომ უბრალოდ თავი დავუქნიე“.

ლეონარდი თმას 7 საათის განმავლობაში მჭრიდა და მღებავდა, რათა მისთვის სასურველი პიქსის ვარცხნილობა შეექმნა, მოცულობითა და წინამოთი

კარიერა

საკულტო ვარცხნილობის შექმნის შემდეგ, ლესლის პორტრეტი ლეონარდმა საკუთარი სალონის კედელზე დაკიდა და სწორედ ეს სურათი აღმოჩნდა ლესლი ლოუსონის ბრწყინვალე სამოდელო კარიერის დასაწყისი: ლეონარდის მუდმივმა კლიენტმა და მოდის რედაქტორმა დეიდრი მაკშარიმ ტვიგის ფოტო დანახვისთანავე შეიყვარა და გოგონას 1966 წლის სახეც კი უწოდა. დეიდრი არ შემცდარა, ტვიგის სახე მალევე ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო და დასამახსოვრებელი გახდა.

აღმოჩენიდან ერთ წელიწადში ტვიგი, ბრიტანული გამოცემა Vogue-ის გარეკანზე მოხვდა, ჟურნალის ფურცლებზე მკითხველს ლესლის დაუჯერებელი ისტორიის წაკითხვა და მისი თოჯინას სახით ტკბობა შეეძლო. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ კი ტვიგი საერთაშორისო Vogue-ის 13 გადაღებაში გამოჩნდა.

საფირმო მაკიაჟი ტვიგიმ თავად მოიფიქრა: „ბავშვობაში თოჯინა მყავდა დიდი თვალებით, ვიცოდი, რომ მისი მსგავსი მაკიაჟი ძალიან მიხდებოდა“

რასაკვირველია, Vogue-ის კაშკაშა აღმოჩენა არც მოდის სამყაროსთვის დარჩენილა შეუმჩნეველი, მიუხედავად იმისა, რომ ლესლი ლოუსონი 60-იანი წლების სილამაზის სტანდარტებს ერთი შეხედვით არღვევდა, მისმა სახასიათო გარეგნობამ, ვარცხნილობამ და გამომეტყველებამ სტანდარტები უმალვე გადაწონა და ტვიგიც, ცნობილი ფოტოგრაფების: რიჩარდ ავედონის, დევიდ ბეილისა თუ სესილია ბიტონის საყვარელი გოგონა გახდა.

ძალიან გამხდარი ვიყავი , თუმცა ეს ჩემი ბუნებრივი აღნაგობა იყო. ყოველთვის გონივრულად ვჭამდი, ეს გენებში მქონდა

მსოფლიო აღიარებიდან მალევე, ტვიგიმ საკუთარი ტანსაცმლის ხაზი Twiggy Dresses გამოუშვა, პარალელურად სამოდელო კარიერით ტვიგი საათში 80 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებდა, თამამად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ტვიგიმ მოდის სამყარო დაოპყრო.

შემოქმედება

კარიერული წარმატების მწვერვალში, ტვიგი მოულოდნელად სამოდელო სფეროდან გაუჩინარდა:  „თქვენ არ უნდა იყოთ ტანსაცმლის საკიდი მთელი ცხოვრების განმავლობაში“ - სწორედ, ამ სიტყვებით დაემშვიდობა ტვიგი მოდის სამყაროს და რაღაც სრულიად ახალსა და მნიშვნელოვანში გადაინაცვლა.

ტვიგი კინოინდუსტრიით გაერთო, ყოფილი მოდელი ყოველკვირეულად სტუმრობდა რეჟისორ კენ რასელის სახლს, მის დიდებულ შეხვედრებსა და საუბრებს და ნათელი გახდა, რომ ტვიგი, მომავალს, სწორედ სამსახიობო კარიერას დაუკავშირებდა. ჭორები გამართლდა და ლესლის დებიუტიც კენ რასელის პირველ ფილმშიThe Devils-ში შედგა, ამავე წელს ტვიგიმ მთავარი როლიც მოირგო და კენის კიდევ ერთ კინოადაპტაცია The Boy Friend-ში გამოჩნდა. 

თუმცა ტვიგისთვის საკმარისი არც კინოსამყარო აღმოჩნდა და გოგონა მალე მუსიკალურ ინდუსტრიასაც გადასწვდა და საკუთარი თავი მომღერლად წარმოგვიდგინა, ყველაფერი Zoo De Zoo Zong-ის სიმღერით დაიწყო, რასაც Twiggy და Please Get My Name Right სტუდიური ალბომები მოჰყვა.

ტვიგი გახლდათ ვარსკვლავთგოგონა, რომელსაც სურდა ყველაფერი და საკუთარი შრომით ეს ყველაფერი მიიღო კიდეც, 2008 წელს ლესლიმ ავტობიოგრაფიული წიგნი A Guide to Looking and Feeling Fabulous over Forty გამოუშვა, სადაც 40 წელს გადაცილებული ქალის გრძნობებსა და ემოციებზე გვესაუბრებოდა. ლესლი ლოუსონმა ტვიგის საკულტო ვარცხნილობა წარსულში დატოვა და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მზადებას შეუდგა, სადაც ის კვლავ ლესლია, მისი თმა კი 16 წლის გოგონას მსგავსად გრძელი.

ზევით