#მუსიკა

თიკა ჯამბურია მსმენელს ახალი მუსიკალური ვიდეოთი დაუბრუნდა

გაზიარება:

სულ რამდენიმე დღის წინ ქართველმა მომღერალმა, თიკა ჯამბურიამ საზოგადოებას ახალი მუსიკალური კლიპი წარუდგინა. ძველმა, ყველასთვის ნაცნობმა და საყვარელმა მელოდიამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და მსმენელს სხვაგვარი, გამდიდრებული ჟღერადობით დაუბრუნდა. გათანამედროვებული სიმღერა მუსიკალური ვიდეოთი შეიფუთა და 2022 წელს თიკამ თამამი და დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა სცენისკენ. 

სანამ თიკა ჯამბურია ქართველ მსმენელთან დაბრუნებას გეგმავს, ერთად გავიგოთ, როგორ გაჩნდა „თბილისიას“ გაცოცხლების იდეა, როგორი იყო მუსიკალურ კლიპზე მუშაობის პროცესი და რა სამომავლო გეგმები და სიურპრიზები აქვს მომღერალს მომზადებული.

ახალი მუსიკალური პროდუქტის შექმნის იდეა გაჩნდა...

ეს არის ჩემი ძველი სიმღერა, ეკუთვნის ავთო ბადუაშვილს და გამომდინარე იქიდან, რომ ძველი სიმღერების ახლებური ვარიანტის შექმნა, გათანამედროვება დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს და ეს ტენდენცია მეც ძალიან მომწონს - რადგან კარგად ნაცნობი მელოდიით სრულიად ახლებური ვერსია იქმნება და მას თანამედროვე ჟღერადობაც ახლავს თან - იდეა თავისით მოვიდა.

შარშან ზაფხულში ჩემს უნიჭიერეს მეგობართან, სოფო ტოროშელიძესთან ვიყავი სტუდიაში და მოულოდნელად გაგვახსენდა ეს სიმღერა. დავიწყეთ ახალი ვერსიის გაკეთება. როგორც კი სოფო ინსტრუმენტს მიუჯდა, მაშინვე მივხვდით, რომ ძალიან კარგი რამის შექმნა შეიძლებოდა. Music Production ეკუთვნით სოფო ტოროშელიძესა და ნიკა მარგველაშვილს.

მოვლენების განვითარება...

რეპის რეჩიტატივის მომენტი ეკუთვნის ერეკლე დეისაძეს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას. როცა ვთხოვე ტექსტი დაეწერა ჩემთვის, სულ რამდენიმე სიტყვით ავუხსენი რა როგორ მინდოდა; მან კი ზუსტად ის ტექსტი დაწერა, რაც ასე ძალიან მსურდა. ასე უბრალოდ, ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე შეიქმნა რეჩიტატივი.

გზა მუსიკიდან - ვიდეო კლიპამდე

როდესაც სიმღერამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, მივხვდი, რომ მუსიკალური კლიპიც უნდა გადამეღო. ვიდეოც მინდოდა ზუსტად ისეთი, როგორიც სიმღერა იყო - არაპრეტენზიული, სადა, არც ძალიან გაპრანჭული და არც ძალიან ბანალური. ძალიან დიდი ძიების შემდეგ აღმოვაჩინე გუგა ელიზბარაშვილი - hooferi, ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ძალიან კარგი ხედვა აქვს და რომლის ვიდეოები ნახვისთანავე მომეწონა. 

მოლაპარაკებების შემდეგ გადავიღეთ ზუსტად ისეთი ვიდეო, როგორიც მინდოდა, რომელიც გულწრფელად ძალიან მომწონს. „თბილისიას“ შექმნის პროცესში, უკვე ნახსენები ადამიანების გარდა დიდი წვლილი მიუძღვით სხვებსაც: იაკობ ბრეგვაძე ოპერატორია, მონტაჟი ეკუთვნის KVAN-ს, სთაილინგი ნუცა ჯღამაძეს, სიმღერის ტექსტი ეკუთვნის მანანა გურგენიძეს.

სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა ის, რომ „თბილისიას“ მუსიკალური კლიპი ძალიან ხარისხიანი და გემოვნებიანი პროდუქტი გამოვიდა.

სამომავლო გეგმები...

მიხარია, რომ პირველი ორი ნაბიჯი ჩემი სცენაზე დაბრუნების სწორედ ჩემი ძველი სიმღერების გათანამედროვებით მოხდა. „გავუსწროთ დროს“ - ჩემი ძველი სიმღერაა, რომელსაც უცნობთან ერთად ვასრულებდი. სოფო ტოროშელიძისა და ნიკა მარგველაშვილის დამსახურებით ისიც გარდაიქმნა. ახლა უკვე დიდი სიამოვნებით შევუდგები ახალ სიმღერაზე მუშაობას და მინდა, რომ მუსიკალურ სამყაროს ისევ აქტიურად დავუბრუნდე, ამის დიდი სურვილი მაქვს.

მუსიკისა და სცენაზე დგომის გარეშე, უბრალოდ არ შემიძლია ცხოვრება

ზევით