#საზოგადოება

თათა ქართველიშვილი: ქართული მოდის ელჩი ლოს-ანჯელესში #TataPRAgency

გაზიარება:

 

ავტორი: მარიამ გერგედავა

 

ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარება ნელი, თუმცა თავდაჯერებული, საამაყო და პატივსაცემი ნაბიჯებით მიიწევს წინ. თუ კი რამდენიმე წლის წინ, მოდის სამყაროსთვის საქართველოს არა მხოლოდ ადგილმდებარეობა, არამედ არსებობაც კი უცნობი იყო, დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნის დიზაინერების სამოსით მსოფლიოს ნომერ პირველი ვარსკვლავები: ქენდალ ჯენერი, ბიონსე, ლედი გაგა, ქენდის სვეინპული, ბილი აილიში, ჯესი ჯეი და სხვები იწონებენ თავს. ამ ამაღელვებელი და სასიხარულო სიახლის უკან კი თითქმის ყოველთვის ერთი ადამიანი - თათა ქართველიშვილი დგას.

თათა ქართველიშვილი

თათა ქართველიშვილი ქართული მოდის ელჩია ლოს-ანჯელესში, სწორედ თათას პიარ სააგენტოს TATA PR Los Angeles-ის წყალობით ხდება ქართველი დიზაინერებისა და მსოფლიო დონის ვარსკვლავების სტილისტების დაკავშირება და გზის გაკვალვა წარმატებულ თანამშრომლობამდე.

გაიცანით დედა, მეუღლე და TATA PR agency-ს დამფუძნებელი თათა ქართველიშვილი და მოისმინეთ მისი პირადი ისტორია ახდენილი ამერიკული ოცნების, პირველი წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.



პირველ ყოვლისა თქვენს პირად ისტორია მოგვიყევით ვინ არის თათა ქართველიშვილი, რა გზა განვლო მან თბილისიდან - ლოს-ანჯელესამდე...

ვარ 34 წლის, მყავს მეუღლე და 12 წლის ქალიშვილი, ზაფხულში ველოდებით მეორეს და ვემზადებით ოჯახის ახალი წევრისთვის. საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი, ყველგან და ყველაფერში ჩართული. ჩემი კარიერაც ადრე 15 წლის ასაკში დაიწყო მოდელობით. რასაც მოჰყვა ტელევიზია, სადაც ვმუშაობდი წამყვანად და ჟურნალისტად. შემდეგ შევქმენი ოჯახი და კარიერაში მქონდა პაუზა. ამერიკა ყოველთვის იყო ჩემი ოცნების ქვეყანა და მქონდა გეგმაში აქ ცხოვრება. 2013 წლიდან, ოჯახთან ერთად, გადმოვედით საცხოვრებლად ლოს ანჯელესში.

როგორ გაჩნდა Tata Pr Agency-ს შექმნის იდეა, რა ძალისხმევა ჩაიდო მასში იმისათვის, რომ საოცრად წარმატებულ სააგენტოდ ქცეულიყო?

საკმაოდ რთულია, როდესაც სხვა ქვეყანაში იწყებ ახალ ცხოვრებას. სულ ხარ ძიებაში, იპოვო საქმე, რომელიც მოგწონს და გამოგივა. სიმართლე, რომ გითხრათ, პირველი იდეა, რაც გამიჩნდა ჩამოსვლისთანავე იყო ქართველი დიზაინერების კონცეპტუალური სივრცის შექმნა.

რამდენიმე წელი ვამუშავებდი ამ იდეას და გადავწყვიტე Pop Up-ის სახით განხორციელება. რასაც მოჰყვა ონლაინ მაღაზია TATA-LA.COM.

ზოგადად, მოდა ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის სფერო და ამ სახით ჩავერთე ამ ინდუსტრიაში. ჰოლივუდში ქართველ დიზაინერებს არ იცნობდნენ და საჭირო იყო PR. ამიტომ, პარალელურად დავიწყე, საჭირო კონტაქტების მოძიება და მათთან საქმიანი ურთიერთობების დაწყება.

მე მივხვდი, რომ PR იყო ის რაც ძალიან კარგად გამომდიოდა და დავაფუძნე მოდის PR სააგენტო TATA PR Los Angeles. სააგენტო ნამდვილად წარმატებით მუშაობს და გვყავს ბევრი კმაყოფილი კლიენტი. წარმატების მიღწევა არ იყო ადვილი თუმცა, როდესაც გიყვარს შენი საქმე, ბევრს მუშაობ და სწორი მიმართულება გაქვს არჩეული, შედეგიც აუცილებლად დგება.

პირველი ხელშესახები წარმატება, რომელმაც დაგარწმუნათ, რომ სწორ გზაზე იდექით...

პირველი მნიშვნელოვანი წარმატება იყო ქეითი ფერი, რომელმაც ნათია ხუციშვილის და ლაკო ბუკიას ნიანგის საყურეები გაიკეთა ABC-ის სატელევიზიო შოუში.

სწორედ ამ დღის ფოტო შეირჩა TV show, American Idol-ის სარეკლამო კამპანიის ბილბორდებისთვის და მთელი ამერიკის მასშტაბით, რამდენიმე თვის განმავლობაში, ქეითი პერი იყო გაბილბორდებული.

ამ დროს მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი საქმეს ვაკეთებდი ქართველი დიზაინერებისთვის და ზოგადად ქართული მოდის პოპულარიზაციისთვის. ამას მოჰყვა უკვე, ქენდალ ჯენერის Dalood-ის შავ ლუქი და შემდეგ უკვე ძალიან ბევრი Hollywood-ის ვარსკვლავი.

რომ გვიამბოთ, რა გზას გადის ქართული ბრენდი მანამ, სანამ მას მსოფლიო დონის ვარსკვლავი მოირგებს.

ნებისმიერი ბრენდთან ურთიერთობა იწყება მოლაპარაკების პროცესით. თუ ბრენდი საინტერესოა ჩემთვის და შევთანხმდებით თანამშრომლობის პირობებზე, ვარჩევ სამოსს, რომელიც იგზავნება ჩვენთან, ლოს ანჯელესში. ამის შემდეგ სააგენტო იწყებს მუშაობას ბრენდის წარსადგენად იმ სელებრითების სტილისტებისთვის, ვისთანაც ვმუშაობთ.

სტილისტებს აქვთ საშუალება მოვიდნენ ჩვენს სააგენტოში, რომ შეარჩიონ ლუქები კლიენტებისთვის. ასე ხვდება დიზაინერების ნამუშევრები მსოფლიოს ვარსკვლავებთან. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია სამოსის სწორად შერჩევაა სააგენტოსთვის. ძალიან კარგად უნდა იცნობდე თითოეული სტილისტის და მისი კლიენტების სტილს.

თუ არსებობენ ცნობილი ადამიანები, რომლებიც ქართული ბრენდის სამოსით ერთხელ მორგების შემდეგ, თავად მოითხოვეს ამავე ბრენდის სხვა ერთეული, ჰყავთ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს საკუთარი გულშემატკივარი ვარსკვლავები?

ვარსკვლავები ნაკლებად, ძირითადად მათი სტილისტები იცნობენ ქართულ ბრენდებს, თანაც უკვე ძალიან კარგად.

საკმაოდ კონკურენტუნარიან სამყაროში, როგორღაც ახერხებთ და საოცარი წარმატებით მოსავთ ქენდალ ჯენერს, ჰეილი ბიბერსა თუ ლედი გაგას, რა იმალება თათა ქართველიშვილის წარმატების მიღმა?

კონკურენცია წარმოუდგენლად მაღალია, ლოს ანჯელესში ძალიან ბევრი სააგენტოა, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს.

რთულია მათ გაუწიო კონკურენცია, თუმცა ვახერხებთ და წარმატებულად.

გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია ბრენდის და კოლექციის სწორად შერჩევა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკვე, კონკრეტული მოთხოვნისას სწორედ მივხვდე რა სჭირდება სტილისტს და რაც შეიძლება მეტი და ძლიერი ლუქი შესთავაზო, რომლებსაც მეტი შანსი ექნებათ კონკურენცია გაუწიონ სვა ძალიან ცნობილი დიზაინერების სამოსს.

რა სამომავლო გეგმები აქვს Tata Pr Agency-ს?

მიუხედავად პანდემიისა, გასული წელი ძალიან წარმატებული იყო. სააგენტო კიდევ უფრო გაფართოვდა, ბევრ ახალ და საინტერესო ბრენდთან დავიწყეთ თანამშრომლობა. სამომავლო გეგმებიც, რა თქმა უნდა მუდმივ ზრდას და განვითარებას უკავშირდება.

ზევით