SUTI POWER: სახეცვლილი ჩურჩხელა ტრადიციული გემოთი და არატრადიციული ფორმებით

100%-ით ნატურალური შემადგენლობით და ტრადიციული ქართული ნუგბარის - ჩურჩხელის მოდერნიზებული ფორმებით, დახლზე ნაპოვნმა SUTI POWER-მა ჩვენი ყურადღება ნახვისთანავე მიიქცია. აღმოჩნდა, რომ ტრადიციულობისა და თანამედროვეობის შერწყმით მიღებული პროდუქტის უკან, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე შალვა სუთიაშვილი და მისი მეუღლე ნინი ბარაბაძე დგანან.

3 წლის წინ, შალვამ და ნინიმ, საერთო ძალისხმევით, ოჯახურ ბიზნესს SUTI POWER-ს ჩაუყარეს საფუძველი და როგორც საფრანგეთში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში სახეცვლილი ჩურჩხელა გაიტანეს, რომელიც ბაზარზე გამოჩენის დღიდან საოცარი პოპულარობით სარგებლობს. ტრადიციული ნუგბარის არატრადიციული ფორმებით შექმნილი SUTI POWER-ის შესახებ, მისი თანადამფუძნებლის ნინი ბარაბაძისგან მოვისმენთ.

ნინი, პირველად როდის აღმოჩნდით საფრანგეთში და როგორია თქვენი ამჟამინდელი ცხოვრების ტემპი?

პირველად საფრანგეთში 2007 წელს ჩამოვედი, როდესაც მე და შალვამ დაოჯახება გადავწყვიტეთ. იმ პერიოდში შალვა უკვე აქ თამაშობდა კლუბში. მას შემდეგ, აგერ უკვე 15 წელია, ჩვენს 4 შვილთან ერთად, საფრანგეთში ვცხოვრობთ. აქ ძალიან დიდი სამეგობრო გვყავს, ანგულემში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში. ცხადია, საქართველო გვენატრება, თუმცა გვაქვს იმის ბედნიერება, რომ სამშობლოში ხშირად დავბრუნდეთ. 

ბავშვები, სკოლა, სამსახური, სპორტი, გუნდის თამაშები ჩვენი ოჯახური რიტუალია, რაგბი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია...

როდის იწყება SUTI POWER-ის ისტორია? 

SUTI POWER-ს საფუძველი 3 წლის წინ ჩაეყარა. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახს ძალიან გვიყვარს ჩურჩხელა, ყოველთვის გვქონდა სურვილი, ტრადიციული ქართული  ტკბილეული მეგობრებისთვისაც გაგვეცნო. თუმცა, ჩურჩხელა ტრადიციული ფორმით, ცოტა უხერხული საჭმელი აღმოჩნდა მათთვის, უცხოელისთვის ძალიან რთული აღსაქმელია, ჩვენი ნუგბარის აგებულების სპეციფიკა. როგორც კი მისი ფორმებში წარმოებისა და დაფასოების იდეამ გაიჟღერა, ზუსტად ვიცოდით, რომ იმას მივაგენით, რასაც ამდენი ხანი ველოდით.

ამ 3 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ევოლუცია განიცადა ჩვენმა ნუგბარმა, ძალიან დიდი დრო გვაქვს დახარჯული იმაზე ფიქრში, თუ როგორ წამოგვეღო ჩურჩხელა ჩვენი ქვეყნიდან და წარგვედგინა ის უცხოელებისთვის. 

თანამედროვე, საექსპორტოდ შესაფერისი შეფუთვის და ჩურჩხელის ტრადიციულობის ხიბლის შენარჩუნების ტანდემი, ის უმთავრესი მიზანი აღმოჩნდა, რომელიც დასაწყისშივე დავისახეთ.

გემოვნური თვისებების მაქსიმალურად შესანარჩუნებლად, ჩურჩხელას რეცეპტი ავიღეთ ბაზად. დავიწყეთ პროდუქტის გამოკვლევა, მათ შორის ლაბორატორიულადაც, გავიარეთ კონსულტაციები დიეტოლოგებთან და შევქმენით პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს შაქარს, არის საოცრად ჯანსაღი და სასარგებლო. სწორად გაკეთებულ ჩურჩხელას უამრავი დადებითი თვისება აქვს, ჩვენც ვეცადეთ თითოეული მათგანი წინა პლანზე წამოგვეწია.

რა გზა გაიარა თქვენმა ჩანაფიქრმა რეალიზებამდე?

ძალიან გრძელი და რთული გზა გავიარეთ რეალიზებამდე, მემკვიდრეობით  მიღებულ ოჯახურ მიწაზე, ჩვენ სახლთან ახლოს, სოფელ დიღომში ნულიდან ავაშენეთ საწარმო. გვყავს თანამშრომლები, რომლებიც დასაწყისიდან-დღემდე ერთგულად გვიდგანან გვერდში, მუდმივად ვვითარდებით, იმისათვის, რომ გავზარდოთ წარმოება, დავასაქმოთ მეტი ადამიანი, ვიყოთ მაღალი ხარისხის გარანტი... ამ უკანასკნელს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ჩვენ საგულდაგულოდ ვარჩევთ ნედლეულს, რომლისგანაც ჩვენი პროდუქცია მზადდება.

3 წლის წინ ტრადიციული ქართული ბადაგისგან დამზადებული ჩურჩხელის წარმოება დავიწყეთ, თუმცა, მოგვიანებით, თავს უფლება მივეცით და სხვადასხვა რეცეპტის შექმნაზეც ვიზრუნეთ. ბროწეულის წვენის დადებითი თვისებებიდან გამომდინარე, არჩევანი სწორედ მასზე შევაჩერეთ და მივიღეთ ახალი, ჯანსაღი და გემრიელი ტკბილეული.

როგორ გაჩნდა სახელწოდება SUTI POWER?

შალვამ ძალიან გვიან, 38 წლის ასაკში დაასრულა სარაგბო კარიერა. როგორც საქართველოში, ისე საფრანგეთში, მას ყოველთვის „სუთის“ ზედმეტსახელით იცნობენ. შალვას წარმატებული კარიერის გათვალისწინებით, ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომელიც ბრენდის სახელის და კონცეფციის შესაქმნელად დავიქირავეთ, თავად შემოგვთავაზა ეს სახელი SUTI POWER. 

რასაკვირველია, სახელი თავიდანვე ძალიან მოგვეწონა და სხვა ვარიანტზე აღარც გვიფიქრია, ეს ზუსტად ის იყო, რაც გვჭირდებოდა.

რა ხდის თქვენს ნუგბარს უნიკალურს?

საფრანგეთში და შემდეგ უკვე სხვა ქვეყნებშიც, გაყიდვების დაწყებამდე, ძალიან ბევრი ეტაპი გავიარეთ, თავდაპირველად ჩვენი ამოცანა იყო გაგვერკვია თუ რა კატეგორიას მივეკუთვნებოდით. ჩავატარეთ კვლევები, საფრანგეთში, ჩვენი პროდუქტის ანალოგი, არ მოიძებნა. SUTI POWER უნიკალურია, ის არ მიეკუთვნება არც მშრალი ხილის და მითუმეტეს არც ტკბილეულის კატეგორიას, რადგან არ შეიცავს შაქარს, არის ჯანსაღი და 100%-ით ნატურალური.

მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ ჩვენს პროდუქტს საზღვრებს გარეთ ანალოგი არ მოეძებნება, ყოველთვის ახსნა-განმარტებების და SUTI POWER-ის მორიგი მცირე თუ მასშტაბური პრეზენტაციის საბაბი ხდება. მანამ, სანამ უცხოელებს ჩვენ მიერ წარმოებულ ნუგბარს შევთავაზებთ, მათ ტკბილეულის სასარგებლო თვისებებზე და სიჯანსაღეზე ვუამბობთ. შრომატევადი საქმეა, მაგრამ მიღებული შედეგი გარჯად ნამდვილად ღირს.

SUTI POWER-ის მხრიდან, სოციალურ პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზეც რომ გვიამბოთ...

ჩვენ ქართული რაგბის ნაკრების ოფიციალური სპონსორები ვართ, SUTI POWER-ის პროდუქტს მოიხმარენ როგორც ქართული, ისე ფრანგული ჯარის დანაყოფები, პილოტები და სპორტსმენები. მე და ჩემს მეუღლეს საქმის წამოწყების პირველივე დღიდან გააზრებული გვაქვს, რომ ყველაფერთან ერთად სოციალური პასუხისმგებლობაც გვეკისრება.

ამ პასუხისმგებლობის მნიშვნელობა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკეთ გავაანალიზეთ, იმ პერიოდში დონაცია განვახორციელეთ უკრაინაში და ეს იყო მინიმუმი, რაც შეგვეძლო მოცემულ სიტუაციაში გაგვეკეთებინა. პასუხისმგებლობამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი ბორჯომში გაჩენილი ხანძრის პერიოდში, როდესაც ომი სტიქიასთან მიმდინარეობდა. მაშინ ჩავთვალეთ, რომ ჩვენი გმირი მემამულეების გვერდით დგომა სწორედ SUTI POWER-ის დახმარებით შეგვეძლო.

ქართულ ბაზარზე როდის გამოჩნდით?

ქართულ ბაზარზე ერთი წლის წინ შემოვედით, დისტრიბუციის გამო ძალიან რთული აღმოჩნდა მიწოდება, თუმცა ამ ზაფხულს ნელ-ნელა დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება. რამდენჯერმე განახლებულმა შეკვეთებმა გვაჩვენა, რომ ქართველ მომხმარებელსაც ძალიან მოსწონს ჩვენი ტკბილეული.

ძალიან გვიხარია მსგავსი გამოხმაურება, ვამაყობთ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ყველა დეტალი, SUTI POWER-ის შექმნის პროცესში იყოს ქართული.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით...

სამომავლო გეგმები განვითარებას უკავშირდება, წარმოების პროცესის დახვეწა, ახალი პროდუქტების შექმნა და ბევრი ახალი იდეის რეალიზაცია ის მთავარი პრიორიტეტებია, რომლებსაც ახლა მიზნად ვისახავთ.

ზევით