#სპორტი #პოლიტიკა #საზოგადოება

სპორტსმენიდან - პოლიტიკოსამდე: ნაცნობი მეტამორფოზა

გაზიარება:

გახსენდებათ პოლიტიკოსი, რომელმაც მოულოდნელად ნირი იცვალა და სპორტის ერთ-ერთ სახეობაში ამოყო თავი? და პირიქით? - დიახ, ამ უკანასკნელ შეკითხვაზე პასუხი, უდავოდ, დადებითი იქნება და თუკი ქართულ პოლიტიკაში სპორტსმენების რაოდენობის ჩამოთვლას დავიწყებთ, ხელზე არსებული თითები ნამდვილად არ იქნება საკმარისი. 

როგორც წარსული გამოცდილება გვკარნახობს და დღევანდელი რეალობაც გვიჩვენებს, სპორტი და პოლიტიკა სულაც არ არიან ერთმანეთისგან ისე მკაცრად გამიჯნული, როგორც ამას თავად სპორტსმენები გვარწმუნებენ ხოლმე. შესაძლოა, მათ შორის არსებობდეს მკრთალად გავლებული ზღვარი, თუმცა მისი გადაკვეთა იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოვიდგენთ.

გასულ ღამეს სპორტისა და პოლიტიკის გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა, როდესაც საქართველოს და ევროპის ჩემპიონმა მოცურავემ ნანა ნებიერიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნო, რომ პოლიტიკაში მიდის და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება.

ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეწყო ...დავწერე წავშალე, დავწერე წავშალე..და ვიწყებ ასე: მეგობრებო, მე პოლიტიკაში მივდივარ! დიახ, სწორად წაიკითხეთ... არ მოგეჩვენათ.. მე პოლიტიკაში მოვდივარ

"და რატომ იცით? ვფიქრობ, დღეს დადგა დრო, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების და შვილიშვილების წინაშე... ბრძოლას ბავშვობიდან ვარ მიჩვეული, ოღონდ სპორტულ შეჯიბრებებში, სპორტულ დარბაზებში... ახლა კი ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვის გიორგი გახარიას გუნდთან ერთად" - განაცხადა ნანა ნებიერიძემ.

სულ რამდენიმე დღის წინ "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებში, გორის მერობის კანდიდატად 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი, ლადო ხინჩეგაშვილი წარადგინა. მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას, კულუარებში ჯერაც ისმის მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ პოლიტიკაში წასვლას კიდევ ერთი სპორტსმენი აპირებს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება, ამ დრომდე არ არსებობს. 

პოლიტიკასა და სპორტს შორის არსებული ჰარმონია ხშირად ირღვევა და ამაში მხოლოდ ქართველი სპორტსმენები როდი გვარწმუნებენ, მსოფლიოს მასშტაბით, არა ერთ ქვეყანაში, არა ერთი განსხვავებული მიზეზით, სპორტსმენები პოლიტიკის მორევში თავით ეშვებიან და ეს დაკვიდრებული პრაქტიკაა.  

ასე მაგალითად, პაკისტანის კრიკეტის გუნდის ყოფილი კაპიტანი, იმრან ხანი დღეს პაკისტანის 22-ე პრემიერ მინისტრად გვევლინება, უკრაინული ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო კარიერის დასრულების შემდეგ პარტიას "წინ უკრაინა" შეუერთდა, პოლიტიკაში წავიდა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში, რომარიოც. ის ბრაზილიის სოციალისტური პარტიის წევრია და პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატადაც აირჩიეს. 

ზევით