#Rugby

რაგბი და "ხორუმი" - მებრძოლების სპორტი და საბრძოლო ცეკვა

გაზიარება:

| ნინუცა მაისურაძე |

სანამ სტატიის წერას შევუდგებოდი, Youtube-ზე ანსამბლი “სუხიშვილების” შესრულებით “ხორუმი” მოვძებნე, მეორე ფანჯარაში 10 ივლისს გამართული საქართველო-იტალიის შეხვედრა ჩავრთე და მატჩის პირველ კადრებს საუკუნეების ქართული მუსიკის ფონზე ვუყურე… ან მე ვარ ზედმეტად ემოციური, ან იმდენად პატრიოტული შეგრძნება დამეუფლა, რომ ცრემლებად დავიღვარე. ჰოდა, ამჯერად ამ ორი უნიკალური მოვლენის - ქართული “ხორუმის” და ქართული რაგბის გადაჯაჭვულ ისტორიაზე მოგიყვებით.

რაგბი, ხორუმი

არა, Tik-Tok-ზე ამაღელვებელი კინო მუსიკის ფონზე დამონტაჟებული სპორტული კლიპებიც ჟრუანტელს მგვრის, მაგრამ ქართულ ფოლკლორს არაფერი შეედრება! მახსოვს, წლების წინ, ანსამბლი სუხიშვილების ერთ-ერთ კონცერტზე საქართველოში ბრიტანეთის იმდროინდელ ელჩს, მერი ჰოლ ჰოლს გამოველაპარაკე, რომელიც ჯერ კიდევ “ხორუმის” ეფექტის ქვეშ ძალიან გულწრფელად გამომიტყდა:

“ამ ცეკვით თქვენს ისტორიას შევიგრძნობ, თქვენს ტკივილს, თქვენი ქვეყნის მებრძოლ სულს” - ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი

თავისი წარმოშობით „ხორუმი“ საბრძოლო შინაარსის მქონე ცეკვაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში, აჭარა-გურიაში სრულდებოდა. ის ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი ცეკვაა, რომელშიც ყველა დეტალია გათვლილი და ყველა მოძრაობას თავისი ახსნა აქვს, ზუსტად ისე, როგორც რაგბიში.

რაგბი, ლელო ბურთი, ხორუმი, ისტორია

უძველესი ისტორია

„ლელო“ უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გადატანას ნიშნავს, სახელწოდება ნათლად განმარტავს მის შინაარს, ამიტომ გასაგებია, რომ საქმე შეუპოვარ ბრძოლასთან გვაქვს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ძირძველი თამაში ბურთაობიდან მოდის, რომელიც ჯერ კიდევ ვეფხისტყაოსანში გვხვდება. სხვადასხვა მასალების მიხედვით აღწერილია, რომ ლელოს უმთავრესად სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში სახალხო დღესასწაულებზე თამაშობდნენ. ეს ტრადიცია დასავლეთ საქართველოში დღემდე შემოინახა. 2019 წელს კი ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ლელო ბურთი, ლელობურთის ისტორია, რაგბი, ხორუმი

“ხორუმი” კი ერთ-ერთი უძველესი გურულ-აჭარული საბრძოლო ცეკვაა, რომლის წინამორბედიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე იღებს სათავეს. ის თავისი რითმით და მუსიკალური წყობით სრულიად განსხვავდება საქართველოში გავრცელებული სხვა ცეკვებისაგან.

ხორუმი, ქართული ცეკვა, რაგბი და ხორუმი

კენტი რიცხვი

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ “ხორუმში” მოცეკვავეთა რაოდენობა აუცილებლად კენტი რიცხვი უნდა იყოს: სამი, ხუთი, შვიდი და ცხრა. კენტი რიცხვის მოცეკვავეები წრეს უფრო ლამაზად კრავენ. რაც შეეხება რაგბის თამაშს, მოედანზე 15, შვიდკაცას შემთხვევაში კი 7 მოთამაშე შემოდის.

რაგბი, საქართველო-იტალია, ხორუმი
ფოტო - რაგბის კავშირი

ერთიანობა

პირველი, რაც ცეკვა “ხორუმის” ყურებისას თვალში გხვდება, საოცარი ერთიანობა და სინქრონია, რომელზეც მთელი კომპოზიციაა აწყობილი. ასეთივე ერთიანობას ეფუძნება რაგბის თამაშიც. თითოეულ მოთამაშეს თავისი უნიკალური როლი აქვს, რომელიც ერთი დიდი ჯაჭვის ნაწილია.

რაგბი, ერთიანობა, ხორუმი, პარალელი
ფოტო - რაგბის კავშირი

ხორუმი ხუთი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი „ჯარის“ შემოსვლა და დაბანაკებაა. მას შემდეგ, რაც „ჯარი“, ანუ მოცეკვავეები დაბანაკდებიან, მას მზვერავები გამოეყოფიან და არემარეს ზვერავენ. ეს დაზვერვა ცეკვაში ხელის მოჩრდილვის დეტალითაა წარმოდგენილი. ახლა იგივე სცენარი მორაგბეების მოედანზე შემოსვლას მოვარგოთ და სპორტულ ენაზე ვთარგმნოთ. თამაში ერთ ჯაჭვად ჩალაგებული ბორჯღალოსნების შემოსვლით იწყება. მორაგბეების პოზიციები კი დაცვის და თავდასხმის ფრთებად იყოფა.

დაზვერვა

დაზვერვა ხორუმის მეორე ნაწილია. მზვერავი შეიძლება იყოს ერთი, ორი, სამი მოცეკვავე. მიდამოს ხელის მოჩრდილვით ზვერავენ, რომ გაიგონ „მტერი“ სადმე ახლომახლოს ხომ არაა. 

“ხორუმში” დაზვერვის ერთ-ერთ ეპიზოდში მოცეკვავეები წრეში გროვდებიან, ერთ-ერთი მოცეკვავეს კი ცაში ისვრიან, საიდანაც ის შორიდან მომავალ მტერს უყურებს. ეს მონაკვეთი საოცრად ჰგავს რაგბიში ბურთის ჩაწოდებას, როდესაც ბორჯღალოსნების კედელი მოთამაშეს ბურთის დასაჭერად ცაში სტყორცნის.

რაგბი, ჩაწოდება, ხორუმი, დაზვერვა

გაშლა

ცეკვის მესამე ნაწილი ე.წ. ფრონტზე შესვლა და ჯარის გაშლაა. მოცეკვავეები ამ დროს სცენაზე იშლებიან და სხვადასხვა ილეთს აკეთებენ. იგივე ხდება რაგბის თამაშის დაწყების წამიდან. ბორჯღალოსნები შესაბამის პოზიციებზე იშლებიან და “ბრძოლაც” იწყება.

ბრძოლა

“ხორუმის” მეოთხე ნაწილი უშუალოდ ბრძოლაა, ხოლო, მეხუთე ნაწილში გამარჯვებით ცეკვა სრულდება. ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელშიც მოცეკვავეები წრეში ებმებიან, საოცრად ჰგავს დატრიალებულ “შერკინებას”. მუხლის ჩოქი კი ხორუმსა და რაგბიში ერთნაირად დიდ მნიშვნელობას ატარებს.

რაგბი, საბრძოლო განწყობა

საბრძოლო განწყობა

ის, რაც ქართულ ცეკვასა და რაგბის თამაშს ყველაზე მეტად აერთიანებს საოცრად დიდი პატრიოტული შეგრძნება და საბრძოლო განწყობაა. ბორჯღალოსნების მოედანზე შემოსვლით დაწყებული, შებოჭვებით, თუ რაქში თამაშით გაგრძელებული და პირველი ბურთის დამიწებით დამთავრებული, ყველა ელემენტი საოცრად საბრძოლო განწყობას გვგვრის.

საბრძოლო ცეკვა, ხორუმი, ჰაკა, რაგბი

რაგბის გულშემატკივარმა “ჰაკას” მნიშვნელობა კარგად იცის. ეს უკანასკნელი ახალი ზელანდიის ნაკრების თამაშის წინა საბრძოლო ცეკვაა, რომელიც მოედანზე საოცრად დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის და მოთამაშეების საბრძოლო განწყობაზე მოყვანის დატვირთვა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ბორჯღალოსნებისთვის “ჰაკას” დატვირთვას ცეკვა “ხორუმი” ატარებს. მისი მოედანზე გადატანა ნამდვილად რთული იქნება, თუმცა ქართული მებრძოლი სული რაგბის თამაშს ყოველთვის თან სდევს.

ზევით