#პოლიტიკა

რობერტა მეცოლა: ყველაფერი, რაც ევროპარლამენტის პრეზიდენტის შესახებ უნდა იცოდეთ

გაზიარება:

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, 2022 წლის 18 იანვარს, ევროპარლამენტმა პირველი ქალი პრეზიდენტი - მალტელი  პოლიტიკოსი რობერტა მეცოლა აირჩია. რობერტა მალტის ნაციონალისტური პარტიისა და ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის წევრია. ევროპარლამენტის წევრად მალტელი პოლიტიკოსი პირველად 2013 წელს აირჩიეს, ხელახლა კი 2014 და 2019 წლებში. რობერტა მეცოლა პროფესიით იურისტია, სპეციალიზებულია ევროპულ სამართალსა და პოლიტიკაში. 

24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისა და ომის გამოცხადების შემდეგ, რობერტა მეცოლა იყო პირველი პოლიტიკოსი და ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, რომელიც უკრაინაში გაემგზავრა და როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა უკრაინელ ერს მხარდაჭერა გამოუცხადა.

გოგონა ხმელთაშუა ზღვიდან

რობერტა 1979 წლის 18 იანვარს დაიბადა, რიტასა და ჯეფრის ქალიშვილი, წყვილის სამი შვილიდან ყველაზე უფროსი გახლდათ. გოგონა მალტის ზღვისპირა ქალაქ გირაში გაიზარდა.

2002 წელს რობერტა მეცოლა European Democrat Student ორგანიზაციის გენერალურ მდივნად დაინიშნა, ეს თანამდებობა მან მალტის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის კურსზე კითხვის პარალელურად მოიპოვა. რობერტამ სწავლა 2003 წელს დაასრულა, იმავე წელს მალტამ ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.

„მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ზომიერების პოლიტიკას, სიმართლეს, სამართლიანობასა და სისწორეზე დამყარებულ პოლიტიკას, რომელიც ფაქტებზეა დაფუძნებული“ - რობერტა მეცოლა

რობერტამ ევროპული სამართლის მიმართულებით სწავლა განაგრძო ბრიუგეს ევროპის კოლეჯში. ამას დაერთო მის პოლიტიკურ კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპი - მისი პირველი საარჩევნო კამპანია. 25 წლის ასაკში, ჯერ კიდევ სწავლის დროს, რობერტამ მონაწილეობა მიიღო მალტის პირველ ევროპარლამენტის არჩევნებში. ის არ აირჩიეს.

დიდი ოჯახი

რობერტა 2005 წლის 1-ელ ოქტომბერს დაქორწინდა ფინელ უკო მეცოლაზე. ისინი ოთხი ბიჭის მშობლები არიან: ლუკა, ალეკი, მარკ და კრისტიანი.

„ოთხი ბიჭის დედა ვარ - უფროსი ახლა მოზარდია, უმცროსი - ოთხი წლის. ბავშვებზე ზრუნვის და მოქნილი გრაფიკის მიუხედავად, მე და ჩემი მეუღლე ჩვენს სფეროში ვერაფერს მივაღწევდით, რომ არა ის დახმარება, რომელიც გაგვაჩნდა. ჩემი მიზანია გავაკეთო მაქსიმუმი, რათა სხვა მშობლებსაც გავუადვილო ცხოვრება“ - რობერტა მეცოლა.

მალტური, ევროპული

რობერტას ყოველთვის სჯეროდა, რომ მალტას ადგილი ევროკავშირის წევრთა შორის იყო. წლების წინ რობერტა აქტიურად მუშაობდა ევროკავშირში, მალტის მუდმივ წარმომადგენლობაში. ამის შემდეგ კი მონაწილეობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

„ევროპა მნიშვნელოვანია. ჩვენი ლიბერალური დემოკრატია, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებებსა და კანონის უზენაესობაზე, მნიშვნელოვანია - არა მხოლოდ ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, არამედ მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებიც ჩვენზე იმედს ამყარებენ“.

პირველი მალტელი ქალი, რომელიც ევროპარლამენტში აირჩიეს

2013 წელს რობერტა ევროპარლამენტში აირჩიეს. იგი ხელახლა აირჩიეს 2014 და 2019 წლებში.

„როცა შედეგები მოდიოდა და ცხადი გახდა, რომ საბოლოოდ ევროპარლამენტარად სამი ქალი გვეყოლებოდა, გავაცნობიერე, რომ 12 წლის გოგოს ოცნება, რომელიც პოლიტიკას აქტიურად ადევნებდა თვალს, ხელშესახები გახდა. საჯარო სამსახური ახლა მხოლოდ მისი მამისა და ძმისთვის აღარ იყო შესაფერისი“.

ევროპარლამენტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი

2020 წლის 12 ნოემბერს რობერტა მეცოლა აირჩიეს ევროპარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტად.

„პირველ ვიცე-პრეზიდენტად არჩევა დიდი პატივია. მე გავაგრძელებ ვიყო ძლიერი ხმა ევროპელი მოქალაქეებისთვის და მალტელებისთვის, მე გავაგრძელებ მუშაობას ხიდების ასაგებად პოლიტიკურ განხეთქილებაზე“

ევროპარლამენტის პრეზიდენტი

2022 წლის 18 იანვარს რობერტა მეცოლა აირჩიეს ევროპარლამენტის პრეზიდენტად. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, ვისაც ეს თანამდებობა ოდესმე დაუკავებია.

ზევით