#ფოტოამბავი

პრესის თავისუფლებისთვის - შთამბეჭდავი ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან

გაზიარება:

რაც უფრო მეტი ადამიანის გულთან აღწევს ფოტოსურათი, მით მეტია მისი ეფექტი. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით Photos for Press Freedom 2021-ის რჩეული ფოტოსურათები და მათი ისტორიები შევარჩიეთ, რომლებიც გავლენას თქვენზეც აუცილებლად მოახდენენ.

თუ კი მცირედ წარმოსახვის უნარს ჩავრთავთ ამ ფოტოზე აუცილებლად დავინახავთ პრინცესა ლეას Star Wars-დან, თუმცა ეს ალდერანი არ არის, ბელარუსია, სადაც 2020 წლის განმავლობაში არა ერთი მშვიდობიანი აქცია ჩატარდა ქვეყნის დიდხნიანი მმართველის ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ, ქალებს კი ამ პროტესტში განსაკუთრებული ადგილი ეკავათ თეთრი ფერის სამოსით.

თავისუფლების ჩახუტება

სიმბოლური სამოსის გარდა ბელარუსის დემონსტრანტებს კონკრეტული მესიჯიც ჰქონდათ სამყაროსთვის გასაგზავნ -სიყვარული ძალადობის ნაცვლად. ფოტოზე ასახულმა გოგომაც ძალადობას, სიყვარულის გამომხატველი ჟესტი არჩია და სამხედროს აცრემლებული გადაეხვია. ორივე ფოტოსურათი ბელარუსელი ფოტოგრაფის ვიოლეტა სავჩიტსის მიერაა გადაღებული.

ხელები ფარზე

ფოტოსურათი თურქეთში, სტამბულში მიმდინარე მოვლენებს ასახავს, სადაც მშვიდობიანი მომიტინგეები ქუჩებში საკუთარი უფლებების დასაცავად გამოვიდნენ. პოლიციისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი ძალადობის მოწინააღმდეგენი იყვნენ მომიტინგეებმა ფარებს შიშველი ხელები ააფარეს.

მოულოდნელი სიტუაციები

რომ არა ფოტოზე გამოსახული სამხედრო, ყველანი ვიფიქრებდით, რომ საქმე შეყვარებულ წყვილთან გვქონდა, თუმცა უნიფორმა სიტუაციას რადიკალურად ცვლის. სურათზე თურქი ჟურნალისტი კადრი იურსელია ასახული, რომელიც საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის სასჯელს ციხეში იხდიდა, გათავისუფლებულს კი მეუღლე შეეგება გულმხურვალედ.

სიკვდილი დამშვიდობების გარეშე

ბრაზილიაში Covid 19-მა 400 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და სიკვდილიანობის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება. რას აკეთებდა ამ დროს ქვეყნის პრეზიდენტი? - ჟიარ ბოლსონარუ კორონავირუსს ტიპურ გაციებად მოიხსენიებდა და თითქმის არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს საკუთარი საზოგადოების დასაცავად. შედეგად კი ქვეყანამ მიიღო ათიათასობით გარდაცვლილი ადამიანი, რომელსაც ვერც კი გამოემშვიდობნენ.

ხიდი თავზე ჭერად

სან-პაულოში უსახლკარო მოსახლეობას არ გააჩნია არანაირი ბერკეტი Covid 19-ის წინააღმდეგ, მათ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯიანი დისტანციით, პლედითა და თავზე ჭერის ნაცვლად ხიდით უწევთ ბრძოლა ვერაგ ვირუსთან. ფოტოსურათის ავტორი ლალო დე ალმეიდა გახლავთ, ფოტოგრაფი, რომელსაც სურს მსოფლიოს ყურადღება მის ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემებისკენ მიაპყროს.

ძილი შიშში

ხიდის ქვეშ ძილის ნაცვლად, საბერძნეთის კუნძულ ლესბოსის მოსახლეობას პირდაპირ ბენზინგასამართ სადგურზე უწევდა ძილი. მას შემდეგ, რაც 2020 წლის სექტემბერში ლტოლვილთა ყველაზე დიდი ბანაკი ევროპაში ცეცხლმა იმსხვერპლა, უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას ღია ცის ქვეშ მოუწია ღამეების გათევა.

პატარა ნაბიჯები უკეთესი ცხოვრებისკენ

როდესაც მსოფლიო პანდემიის გამო ლესბოსის უსახლკაროდ დარჩენილთა მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, 12 ათასი ლტოლვილისთვის საბერძნეთის მთავრობამ საცხოვრებელი გამოძებნა. ეს პატარა გოგონაც თეთრი კაბითა და ვარდისფერი მოსაცმლით ახალი ცხოვრების დასაწყებად პატარა ნაბიჯებით მიემართება.

ბამბის ნაყინი თუ პოპკორნი?

ლიბიაში, ტრიპოლის ცენტრში არსებული ეს ტკბილეულის ქუჩა სიურეალისტურად გამოიყურება, ბამბის ნაყინი თუ პოპკორნი? - ეს ერთადერთი შეკითხვაა, რომელიც ამ ფოტოს დანახვისას გვიჩნდება, რაც სრულიად უჩვეულოა იმ მიწისთვის, რომელიც ომის, სიკვდილისა და განადგურების მემკვიდრეობით იტანჯება.

ზევით