ფინანსური სამყაროს როკ ვარსკვლავი

ავტორი: ნანკა კიკალია

 

კრისტინ ლაგარდი

კრისტინ ლაგარდი, არა მხოლოდ ერთ-ერთი გავლენიანი ქალია მსოფლიოში, არამედ მილიონობით გოგოს ინსპირაციის წყარო და მისაბაძი პიროვნება. ის ყველანაირ სტერეოტიპს ამსხვრევს, ყველა იარლიყს იცილებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქალს აკრავდნენ, დიახ, ქალი შეიძლება იყოს გავლენიანი, ქალი შეიძლება იყოს წარმატებული და მას უფლება აქვს ამავდროულად იყოს მოხდენილი, ლამაზი, გემოვნებიანი და დახვეწილი.

ქრისტინე ლაგარდი ფრანგი იურისტი და პოლიტიკოსია, რომელიც საფრანგეთის პირველი ქალი ფინანსთა მინისტრი (2007–11), საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველიდირექტორი (2011–19), 2019 წლიდან კი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტია. თინეიჯერობის ასაკში ლაგარდი მოცურავე და საფრანგეთის სინქრონული ცურვის გუნდის წევრი იყო და როგორც თავად აღნიშნავს, სინქრონულმა ცეკვამ მისი ხასიათის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. „ამ სპორტში უნდა დაკრიჭო კბილები, ღრმად გაიღიმო და აკეთო შენი საქმე. ნებისმიერ სფეროშიც ასეა, გაიღიმო და აკეთო საკუთარი საქმე“, - ამბობს ლაგარდი.

კრისტინ ლაგარდი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი 1956 წლის 1 იანვარს დაიბადა პარიზში, საფრანგეთში, მასწავლებლების ოჯახში. ლაგარდის არაერთი მიღწევა აქვს, როგორც გლობალური ფინანსებში, ასევე პოლიტიკურ პროცესებში.  ის იყო პირველი ქალი, ვინც დაინიშნა G-7 ქვეყნის ფინანსთა მინისტრის პოსტზე და პირველი ქალი ხელმძღვანელი სავალუტო ფონდის ისტორიაში. Forbes-მა კრისტინ ლაგარდი 2019 წელს მსოფლიოში მეორე ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა და მსოფლიოს რიგით 22-ე ყველაზე ძალაუფლებიან ადამიანად.

„უბრალოდ იყავი ადამიანი. ზოგჯერ შემიძლია ვიტირო და მე ამის არ მრცხვენია. საკუთარი თავის რეპრესირება, ვფიქრობ, შეცდომაა”

კრისტინ ლაგარდმა თავისი კარიერა ჩიკაგოს იურიდიული ფირმაში Baker McKenzie- ს პარიზის ოფისში დაიწყო. 31 წის ასაკში კი ამ კომპანიის პარტნიორი გახდა, ხოლო 43 წლის ასაკში ლაგარდი საერთაშორისო კომპანიის პირველ ქალ-თავმჯდომარედ აირჩიეს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი უდიდესი კარიერის დასაწყისი იყო. და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ლაგარდი ამბობს, რომ თავისი კარიერა არასდროს დაუგეგმავს და არც ახლა იცის თუ სად იქნება რამდენიმე წლის შემდეგ. კრისტინ ლაგარდი ამბობს, რომ მის კარიერაში დიდი როლი არსებულმა კონტაქტებმა და ურთიერთობების დამყარების უნარმა ითამაშა.

კრისტინ ლაგარდი

ივანკა ტრამპი მსოფლიოს ორ ყველაზე გავლენიან ქალთან ერთად, ირონიულია, მაგრამ რა შუაშია?!

2005 წელს კრისტინ ლაგარდი საფრანგეთის პოლიტიკური ელიტის წევრი გახდა და შვიდი წლის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო.  ამ პერიოდში მას ეკავა ვაჭრობის მინისტრის, სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის პოსტები. ლაგარდი იყო საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი გლობალური ფინანსური კრიზისის დროს და მისმა მმართველობამ შთაბეჭდილება მოახდინა მსოფლიო ლიდერებზე. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბანკებისთვის ევროკავშირის საგანგებო დახმარების ფონდის ორგანიზებაში და მისი ხელმძღვანელობით, სავალუტო ფონდმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მდიდრებს უფრო მაღალი გადასახადები უნდა ეხადათ, უთანასწორობის შესამცირებლად.

ლაგარდი, აღნიშნავს, რომ პროფესიულ ცხოვრებაში მას სექსიზმი და დისკრიმინაცია ხშირად განუცდია და მიუხედავად ბევრი წინაღობებისა, რომელიც ქალ პროფესიონალებს მამაკაცების სამყაროში ხვდება, ის დღეს ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელია და იცით ეს რას ნიშნავს? ის პასუხისმგებელია ევროპის ვალუტაზე და მთელი ევროპის მონეტარულ პოლიტიკიაზე. და კი, კრისტინ ლაგარდი ნამდვილად მაგარი GOGO-ა!

„თუ გინდა რომ წარმატებული იყო, ყოველ დილით გამოცადე საკუთარი შესაძლებლობები"

კრისტინ ლაგარდი ვეგეტარიანელია და ჯანსაღი ცხოვრების სტილის მიმდევარი. ის სავარჯიშო დარბაზის ხშირი სტუმარია, კვირაში ერთხელ კი ველოსიპედით 20-30 კმ-ს გადის.

ჰილარი კლინტონი

კრისტინ ლაგარდი ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე

Washington Post-თან ინტერვიუში ლაგარდი აღნიშნავს, რომ წარმატებისთვის თვითდაჯერება საკმარისია. „მახსოვს ჰილარი კლინტონმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლებს მიმართა: „ნუ ხართ შეპყრობილი წონის დაკლებით. იყავით საკუთარ თავთან ჰარმონიაში“.  ვფიქრობდი მის ნათქვამზე და ის მართალია! პირველ რიგში უნდა შეიყვარო საკუთარი თავი,  მიიღო საკუთარი „მე“ და შეწყვიტო ბრძოლა მასთან. რთულია, თუმცა საკუთარ პიროვნებასთან შერიგება პირველი ნაბიჯია, მეორე ნაბიჯი კი გულწრფელობაა, იყოს ის ვინც ხარ შინაგანად და არ მოიტყუო იმაზე რაც არ ხარ“.

ზევით