#პოლიტიკა #საზოგადოება

პარლამენტი გენდერულ კვოტირებას აუქმებს

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

გენდერული კვოტირების თემა აქტუალობას არ კარგავს. ამ საკითხზე საუბარი გაგრძელდება მანამ, სანამ გენდერული ნიშნით ჩაგვრის პრობლემის მოგვარება პარლამენტის, სასამართლოსა თუ სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს დღის წესრიგში არა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივად იდგება. ბოლო ათი წლის განმავლობაში მწიფდებოდა გენდერული კვოტირების კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და მან გასული დეკადის განმავლობაში რამდენიმე ცვლილებაც განიცადა.

2015 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 53% ქალი გახლდათ, საქართველოს პარლამენტში კი ქალები დეპუტატების 12% -ს შეადგენდნენ, უფრო ზუსტად, უმრავლესობის 85 წარმომადგენლიდან 11, ხოლო ოპოზიციური უმრავლესობის 51 დეპუტატიდან მხოლოდ 5 გახლდათ ქალი. 2024 წლამდე მოქმედებდა კანონი, რომელიც საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების პროპორციულ სიებში გენდერული ბალანსის შენარჩუნებას ემსახურებოდა. 

უფრო ზუსტად გავეცნოთ კანონის შინაარსს: საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, 2032 წლამდე კვოტების კანონი არ უნდა გაუქმებულიყო. კანონის ეს მუხლი ითვალისწინებს, რომ საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, პარტიების სიებში, ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. 2028 წლის და 2032 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი, 2032 წლის ჩათვლით, მუნიციპალური არჩევნებისთვის პარტიულ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს ქალი.

3 აპრილს, მეათე მოწვევის პარლამენტმა, პირველი მოსმენით, პარტია “გირჩის” საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო. პარტიულ სიებში ქალთა კვოტირება გაუქმდება. 82 მომხრე და 15 წინააღმდეგი.

ქართველი მოქალაქეების ნახევრის ბედი, 15 წუთში, კაცების სხდომაზე გადაწყდა. - თამუნა კორძაია

რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული კვოტირება პარლამენტში?

გენდერული ბალანსი პარლამენტში ბუნებრივად უნდა მოხდეს, ეს იდეალური პირობებისა და გარემოს შედეგადაა შესაძლებელი. ქალების მიმართ დამოკიდებულების ცვლილება რომ დასწავლადია, ამაზე შეთანხმება უკვე შესაძლებელია. ისიც ვიცით, რომ პარლამენტამდე მისასვლელად ნებისმიერ ადამიანს დიდი გზის გავლა უწევს, შესაბამისად ამ გზაზე თუ გენდერული ნიშნით ჩაგვრას აღმოვფხვრით, პარლამენტში სქესთა ბალანსი ბუნებრივად დამყარდება. თუმცა, დღევანდელ რეალობაში, მანამ, სანამ ეს პროცესი ბუნებრივად მოხდება, საჭიროა მოვლენების განვითარების დაჩქარება და სხვადასხვა ხერხით ხელშეწყობა. სწორედ ამ ხერხთაგანია გენდერული კვოტირების შესახებ საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლიც.

საქართველოს პარლამენტში ქალები აყენებენ ინიციატივებს საკითხებზე, როგორიცაა ბავშვთა შიმშილი საჯარო სკოლებში, დეკრეტული შვებულება, ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი და სხვა.

„პოლიტიკურ გარემოში გენდერული ბალანსის შესახებ სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ თანასწორობა არ გამოიხატება ძალაუფლების არც ერთ საფეხურზე. ევროკავშირის პარლამენტიდან დაწყებული, ადგილობრივ დონეზე დასრულებული."

"ეს ნიშნავს, რომ ქალებს აქვთ უფრო მცირე და შეზღუდული შესაძლებლობები, ჰქონდეთ გავლენა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში თავად ქალებს ეხებათ. ნათელია, რომ საჭიროა ქმედებები, რათა ხელი შევუწყოთ გენდერულად დაბალანსებულ პოლიტიკურ წარმომადგენლობას“.

რობერტ ბიედრონი

ეს სიტყვები ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. გენდერულ კვოტას ხომ პრობლემის აღმოფხვრის მიზსნით ისეთი ქვეყნები იყენებდნენ, როგორებიცაა საფრანგეთი, ბელგია, ესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია და კიდევ ბევრი სხვა.

ქალების უმრავლესობას შეუძლია გაიხსენოს ამბავი საკუთარი ცხოვრებიდან, როდესაც მათ შეაწყვეტინეს საუბარი, ეჭვ ქვეშ დააყენეს მათი კომპეტენცია, არ მიიღეს სერიოზულად, ან საერთოდ დააიგნორეს მათი შემოთავაზებები, ჩათვალეს რომ მათ სჭირდებოდათ “პატრონი”, ან "ემოციების გაკონტროლება". დღეს ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც კაცების კომპეტენციის განსაზღვრა მათ სქსესთანაა პირდაპირ კავშირში, ხოლო ქალის კომპეტენციის დასაჯერებლად, მისი მხრიდან დამადასტურებელი საბუთის წარდგენა, ან მამრობითი სქესის "კომპეტენტური" წარმომადგენლის "სიტყვის შეწევნაა" საჭირო. 

როგორ შეიძლება ეს პრობლემა გადაიჭრას?

მთავარი ცვლილება საზოგადოების ქცევასა და დამოკიდებულებებში უნდა მოხდეს. უნდა ვისწავლოთ, როგორ მოვუსმინოთ ადამიანს და როგორ გავაანალიზოთ მათი სათქმელი ისე, რომ სქესს არ მივაქციოთ ყურადღება. უნდა შეიცვალოს ისეთი სტატისტიკები, რომელთა თანახმადაც მამაკაცების 70%, ერთი და იმავე საქმის შესრულებისთვის კაცს უფრო მაღალ შეფასებას აძლევს, ვიდრე ქალს. ქალები, რომლებსაც აქვთ ზუსტად იგივე კვალიფიკაცია, რაც მამაკაცს, 30%-ით ნაკლები შანსით არიან დაბარებულები გასაუბრების შემდეგ სამსახურში აყვანის თაობაზე. ქალები სოციალიზებულნი არიან ისე, რომ კაცებზე ნაკლებად თავდაჯერებულები იყვნენ და თუ ჩვენ თავდაჯერებულად ვიქცევით, ხალხს ეს არ მოსწონს. ამბობენ, რომ უფროსობა გვინდა, ზედმეტად ემოციურები ვართ, ვაზვიადებთ და ჩვენი ადგილი არ ვიცით. 

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ქალების წარმომადგენლობა პარლამენტში 50 პროცენტამდეც კი გაიზარდოს. მომავალში, როდესაც პირდაპირი ტრანსლაციით გაშუქდება სხდომები, იმ მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ, რომ ერთ დღეს ხალხის ხმა პარლამენტში გააჟღერონ, დავანახოთ, რომ ქალის პარლამენტში ყოფნა მნიშვნელოვანი და ბუნებრივია. მათ აზრს პატივს ვცემთ და ზუსტად ისევე აქვთ უფლება თავიანთი შრომითა და მიღწევებით, ერთ დღესაც გახდნენ დეპუტატები, მოსამართლეები, ადვოკატები ან ქირურგები, როგორც თავიანთ მათ კაცებს. მათ აქვთ უფლება, მოუსმინონ, სერიოზულად მიიღონ მათი აზრი, იყვნენ ერთ-ერთი ბევრ ქალს შორის და არა გამონაკლისი კაცთა უმრავლესობაში.

თუ თვლით, რომ საქართველოში, ან მსოფლიოში უკვე თამამად შეგვიძლია გენდერული კვოტირების მსგავსი კანონების გარეშე სქესთა შორისი ბალანსის წახალისება, ჩვენი რჩევა იქნება, მოუსმინოთ მერი ენ სიგჰართს, რომელიც Authoroty Gap-ზე საუბრობს და საინტერესო აქცენტებს სვამს. ასევე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღევანდელი მონაცემებით პარლამენტის 174 წევრიდან 136 კაცია, ხოლო ქალი სულ რაღაც 38.

 

ზევით