კამალა vs ტრამპი - საპრეზიდენტო დებატების ჩემპიონი ვიცე პრეზიდენტია
2024 წლის საპრეზიდენტო დებატებში კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი "გაანადგურა". ვიცე პრეზიდენტს კი საჯარო მხარდაჭერა ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
| ანნა მათიაშვილი |
შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ კლაუდია შეინბაუმის შესახებ, თუმცა დღეიდან მის სახელს არაერთხელ გაიგებთ. არჩევნებში 58%-იანი შედეგით, კაუდიამ ისტორია დაწერა და მექსიკის რესპუბლიკის 200 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
კლაუდია შეინბაუმის მიღწევების სია საკმაოდ გრძელია - მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი ენერგეტიკის ინჟინერიაში, 2007 წელს კი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა მშვიდობის დარგში გაეროს კლიმატის მეცნიერთა პანელთან ერთად. ლოპეს ობრადორის პრეზიდენტობის პერიოდში კი იგი მექსიკის გარემოს დაცვის მინისტრისა და მეხიკოს მერის თანამდებობებს იკავებდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უმაღლეს თანამდებობებზე არაერთ ქალს ვხედავთ, კლაუდია შეინბაუმის გამარჯვება მნიშვნელოვანი პრეცედენტია, თუ მექსიკაში გავრცელებულ მაჩიზმის კულტურასა და ქალების მიმართ ძალადობას გავითვალისწინებთ. ქალი პრეზიდენტის დანიშვნა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმედისმომცემია ყველა მექსიკელი ქალისთვის, რომელთაც მკაფიოდ პატრიარქალურ სახელმწიფოში უწევთ ცხოვრება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის კლაუდია შეინბაუმი არ იყო ერთადერთი ქალი.
“რესპუბლიკის 200 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად გავხდები მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი და როგორც ადრე აღვნიშნე, მარტო არ ვარ. მე გავიმარჯვე ყველა იმ ქალთან ერთად, რომლებმაც სამშობლო დღემდე მოიყვანეს”, - განაცხადა 61 წლის პრეზიდენტმა.
მიუხედავად იმისა, რომ კლაუდია შეინბაუმმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ხალხის ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ იგი მექსიკაში არსებულ მძიმე გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ნავთობკომპანია ვალებშია, ქვეყნის გავლით მიგრაცია ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს, კარტელური დაჯგუფებები კი კვლავ აგრძელებენ მოსახლეობის წამებას. როგორც პრეზიდენმტა შეინბაუმმა აღნიშნა, ლოპეს ობრადორის პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს, რაც დაუსჯელობის პრაქტიკის აღმოფხვრასა და ეროვნული გვარდიის გაძლიერებას გულისხმობს. მიგრაციის პრობლემების დასაძლევად კი აშშ-ს მომავალ არჩევნებში გამარჯვებულ ნებისმიერ კანდიდატთან ერთად განიხილავს მუშაობას. აგრეთვე, ქვეყნის მიგრაციის მთავარი ორგანოს რეფორმირებას გეგმავს, სრრუქტურის, რომელიც არაერთხელ ამხილეს კორუფციაში.
წინასაარჩევნო პერიოდში ხშირი იყო შეინბაუმის კრიტიკა მისი მკაცრი რეპუტაციისა და თანამშრომლებთან ურთიერთობის გამო. როგორც ყოფილი ბალერინა, კლაუდია თავად ამბობს, რომ საკმაოდ დისციპლინირებული და მკაცრია, თუმცა თანამშრომლებისადმი მისი დამოკიდებულება სხვა არაფერია, თუ არა მომთხოვნი უფროსის მოვალეობა.
როგორც არ უნდა განვითარდეს ექვსი წელი ხელისუფლების სათავეში, კლაუდია შეინბაუმი ყოველთვის დარჩება მექსიკის ისტორიის გარდამტეხი ქალი ფიგურა. იგი აქამდე მექსიკის დედაქალაქის პირველი ქალი მერი გახლდათ, ხოლო ახლა ეროვნულ სასახლეს დაიკავებს და თავის მენტორს, წინა პრეზიდენტს ლოპეს ობრადორს ჩაანაცვლებს. მექსიკის არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რაც უკვე ყველამ კარგად ვიცით - ქალების ადგილი არის ყველგან.