#პოლიტიკა

„ციფრული დიპლომატიის სპეციალური შტაბის“ მიმართვა Meta-ს, Twitter-სა და Google-ს #SuspendKremlin

გაზიარება:

ციფრული დიპლომატიის სპეციალურმა შტაბმა ტექნოლოგიურ გიგანტებს Meta-ს, Twitter-სა და Google-ს, რუსეთის მთავრობისა და ასოცირებული ანგარიშების შეჩერების მოთხოვნით მიმართა. უკრაინის, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ლიტვის და გლობალური სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების მოთხოვნას ახლა უკვე საქართველოც შეუერთდა და ერთიანი ძალებით „ომის პროპაგანდის“ ხელშემწყობი რუსეთის სამთავრობო სტრუქტურების, პოლიტიკოსების, კანონმდებლების, ასოცირებული მედიის და სხვა ადამიანების ანგარიშების შეჩერებას მოვითხოვთ.

უკვე რამდენიმე თვეა რუსეთი სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში მოექცა, მათმა მთავრობამ მოსახლეობას Twitter-სა და Google News-ზე წვდომა აუკრძალა, ხოლო Meta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, თუმცა რუსეთის მთავრობა აგრძელებს ამავე პლატფორმების გამოყენებას უკრაინაში მისი შეჭრის გასამართლებლად და ციფრულ სივრცეში წარმართულ დემოკრატიულ დისკუსიაში საკუთარი თავის ლეგიტიმურ მხარედ წარმოსაჩენად.

ციფრული დიპლომატიის სპეციალური შტაბის მოთხოვნაც, რომელიც ნიკ კლეგის, შინეიდ მაკსვინისა და კენტ უოლკერის სახელზე გაიგზავნა, Meta-ს, Twitter-სა და Google-ს, სწორედ ამ „ბოროტების მანქანის“ შესაჩერებლად მიმართული ბერკეტის ამუშავებისკენ მოუწოდებს. 

„ჩვენი გუნდის წევრები საკმაოდ გამოცდილი ადამიანები არიან, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ამ სფეროს ვაკვირდებით და ძალიან უსამართლო და არაკანონიერია, როდესაც „ომის პროპაგანდის“ გამავრცელებელი რუსეთის არამხოლოდ დაფარული, ეგრეთ წოდებული ტროლების ქარხნები, არამედ ოფიციალური ექაუნთები უქმნიან საფრთხეს ინფორმაციულ სანდოობას და ჩვენს ინფორმაციულ უსაფრთხოებას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ პრობლემისთვის მიგვეხედა და მიგვემართა როგორც Meta-ს, აგრეთვე Twitter-სა და Google-ის წარმომადგენლებისთვის“ - აცხადებს ზვიად აძინბაია, ციფრული დიპლომატიის სოციალური შტაბის დამფუძნებელი.

რუსეთისთვის Meta, Google და Twitter დეზინფორმაციის გავრცელების საუკეთესო საშუალებებია, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან კი რუსეთის მთავრობა სწორედ ამ პლატფორმებს იყენებს „ომის პროპაგანდის“ გასაძლიერებლად, რაც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ გაეროს საერთაშორისო პაქტის პირდაპირი დარღვევაა. გაეროს გენერალური ასამბლეა გმობს ომის პროპაგანდას, როგორც „ნებისმიერ ქვეყანაში განხორციელებული პროპაგანდის ყველა ფორმას, რომელიც მიმართულია მშვიდობის დარღვევის ან აგრესიის ხელშეწყობისკენ“.

„გასული ორი კვირის განმავლობაში პირადად ვიყავი ჩართული როგორც Meta-ს, ასევე Google-სა და Twitter-ის საკმაოდ მაღალი რანგის წარმომადგენლებთან დიალოგში. მათი მხრიდან დავინახეთ მიმღებლობა სოციალურ მედიაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვეძებთ ლეგალურ გზებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით რა გავლენას მოახდენს რუსეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დანარჩენ მსოფლიოზე“ - ზვიად აძინბაია.

ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ Meta-სთან, ეს არ არის მოწყვეტილი პროცესი, ჩვენ მათ ჰეშთეგებით არ ველაპარაკებით - ზვიად აძინბაია.

თუკი, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთის სახელმწიფო აპარატის წევრები, რომლებიც ხელს უწყობენ „ომის პროპაგანდას“, მონაწილეობენ ან მხარს უჭერენ უკრაინაში შეჭრას და ჩართული არიან ადამიანის უფლებების ფართოდ დარღვევაში არ უნდა იყვნენ დაშვებული ისეთ ციფრულ პლატფორმებზე, როგორებიცაა Meta, Twitter და Google, მაშინ პირადად შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ ციფრული დიპლომატიის სპეციალური შტაბის კამპანიაში და გადავაზიაროთ ჩვენს მედია პლატფორმებზე მოთხოვნა ჰეშთეგით #SuspendKremlin, რაც შეიძლება ბევრჯერ და ხშირად. ერთი მოკლე კლიკით შესაძლებელია თქვენც გახდეთ ამ დიდი პროცესის ნაწილი.

ზევით