29 წელი ოკუპაციიდან, რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს

ბრძოლა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა, სოხუმი დაეცა... ყოველი მომდევნო წლის 27 სექტემბერი ქართველი ერისთვის ამ სულისშემძვრელი მარცხის, მოუშუშებელი ტკივილისა და შეუგუებელი დანაკარგის შეხსენებაა. უკვე 29 წელია ამ უწყვეტ ციკლში ვართ მოქცეული და გამოსავალი ჯერაც ვერ გვიპოვია.

უკვე 29 წელია ოკუპაცია ყოველდღიურად გვახსენებს თავს, მარწუხების მოჭერა ბოლო თვეებში განსაკუთრებულად ვიგრძენით. თითქოს ის საკმარისი არ იყო, რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრისა და დასავლური სამყაროს მიერ დაკისრებული სანქციებს გამოქცეულმა რუსებმა საქართველოში მასიურად შემოდინება რომ დაიწყეს და თავი კვლავ "დიდი იმპერიის" გუბერნიად გვაგრძნობინეს; არც ის თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების ყოველ კუთხე-კუნჭულში რუსულად საუბარი ჩვეულებრივ მოვლენად რომ გვიქციეს; იუსტიციის სახლთან უძრავი ქონების შეძენის მსურველთა დაუსრულებელი რიგები დაგვიყენეს და საქართველოში დარეგისტრირებული რუსული კომპანიების რიცხვი 10-ჯერ რომ გაგვიზარდეს... არა, არაფერი აღმოჩნდა მათთვის საკმარისი, მეტიც დაუსრულებელი პანდემიისა არ იყოს, რუსების ახალი ტალღა სულ რამდენიმე დღის წინ დაგვატყდა თავს.

21 სექტემბერს, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობა ყოველდღიურად 10-11 ათასამდე გაიზარდა და სოხუმის დაცემიდან და 2008 წლის ომიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არასდროს გვიგვრძნია თავი ამდენად დაუცველად, ასე ოკუპირებულად.

უსუსურობის შეგრძნება სასოწარკვეთილებად, შემდეგ კი აპათიად რომ არ გარდაისახოს, დღევანდელმა დღემ ბოლო 29 წელი უნდა გაგვახსენოს; 300 ათასი დევნილი და ბუჩამდე რომ აფხაზეთი იყო, სწორედ ის ტრაგიკული ისტორიები, ქართველთა მასობრივი გენოციდი შეგვახსენოს და იქნებ მაშინ, ჩვენი ერის კოლექტიურ მეხსიერებაში ვიპოვოთ იმედის ნაპერწკალი - არდავიწყების ძალა, რომელიც ერთადერთია, რაც გათახსირებისგან დაგვიცავს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის ნაცვლად ხმის ამოღების ძალას მოგვცემს და შეგვაძლებინებს ვთქვათ: ქართული მიწის არც ერთი გოჯი საკუთარი ნებით არასდროს დაგვითმია და ამას არც მომავალში გავაკეთებთ.

ზევით