#კინო

ყველაფერი, რაც Wednesday-ს მე-2 სეზონის შესახებ ვიცით

გაზიარება:

Wednesday-ს მეგა პოპულარული დებიუტის შემდეგ, ალბათ მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, როდესაც Netflix-მა ტიმ ბარტონის სერიალის მეორე სეზონიც დაგვიანონსა. გამოსვლიდან ორ თვეზე ნაკლებ დროში სერიალმა უკვე დააგროვა 1 მილიარდზე მეტი ნახვის საათი, Wednesday-ს მთავარი როლის შემსრულებელმა ჯენა ორტეგამ კი ნომინაციები მოიპოვა როგორც ოქროს გლობუსზე, ასევე კინომსახიობთა გილდიის ჯილდოზე. Wednesday-ს ცეკვის ვირუსული სცენა YouTube-ზე 36 მილიონზე მეტ ნახვას ითვლის, TikTok-ზე კი პოპულარულ ტრენდს ჩაუყარა საფუძველი.

ნევერმორის აკადემიაში უცნაური ამბები მე-2 სეზონით გაგრძელდება და ჩვენც გიამბობთ ყველაფერს, რაც ახალი სეზონის შესახებ ამ ეტაპზე ვიცით ან სულაც ვვარაუდობთ.

ვის ვიხილავთ მე-2 სეზონში?

რასაკვირველია, ახალ სეზონში ყველასათვის საყვარელი ჯენა ორტეგა შავ ნაწნავებს კიდევ ერთხელ მოირგებს და სახეზე ყველა კუნთის მოდუნებით ვენსდეის გამჭოლი მზერით მოგვევლინება ეკრანებზე. თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველი სეზონის საყვარელი პერსონაჟები უცვლელად დაგვიბრუნდებიან ახალ ეპიზოდებში; არსებობს მოსაზრება იმის თაობასე, რომ დირექტორი უიმსი, რომლის როლსაც გვენდოლინ კრისტის ასრულებს, შესაძლოა ცოცხალი ვიხილოთ, მთავარია გვახსოვდეს, რომ ტიმ ბარტონის სამყაროში ყველაფერი ხდება.

რის შესახებ იქნება მე-2 სეზონი?

პირველი სეზონის დასასრულს, ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედის ჰაიდის ვინაობა შევიტყვეთ და გამომდინარე იქიდან, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია და თუ ბოლო სერიის კადრს გავიხსენებთ, დიდი ალბათობით თავისუფალიცაა, მოსალოდნელია, რომ Wednesday-ს ახალ ეპიზოდებში ტაილერ გალპინი ისევ მოგვევლინება ვილიანად. ვენსდეის მისი სტალკერის ვინაობაც გასარკვევი აქვს, რომელიც როგორც აღმოჩნდა არა მხოლოდ მას, არამედ მის საყვარელ მეგობარსაც ემუქრება.

როდის გამოვა Wednesday-ს ახალი სეზონი?

მიუხედავად იმისა, რომ Wednesday-ს მე-2 სეზონი უკვე დადასტურებულია, მისი გამოსვლის თარიღი ჯერაც უცნობი რჩება. თუ რომელიმე მსახიობი რუმინეთში დაბრუნდება, ეს ნამდვილად იქნება იმის მანიშნებელი, რომ გადაღებები განახლდა, პრემიერის დეტალები კი მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა.

ზევით