„ვალსი“: ჯგუფი „მგზავრებისა“ და ლადო კვატანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმ-კლიპი დანაკარგის შეგრძნებაზე

დღეს, 9 თებერვალს, ჯგუფი „მგზავრებისა“ და რეჟისორ ლადო კვატანიას საერთო პროდუქტის მოკლემეტრაჟიანი ფილმ-კლიპის პრემიერა გაიმართა, კლიპი „მგზავრების“ ახალი ტრეკისთვის „ვალსისთვის“ შეიქმნა, რომელიც ჯგუფის ახალი ალბომის „მგზავრები კამარას“ ნაწილი გახლავთ. 

ალბომი „კამარა“ „მგზავრების“ პირველი სტუდიური ნამუშევარია სენსაციური Geo- დან 5 წლის შემდეგ. კამარა ბავშვობის 10 ისტორიის შესახებ გვიამბობს: სიხარულის, ოჯახის, სიყვარულის, მშობლების გაგების, სამშობლოს გაგების, მეგობრობისა - და დანაკარგის პირველი შეგრძნების შესახებ.

გიგი დედალამაზიშვილი და ლადო კვატანია

„კამარა ეს არის 10 ამბავი ჩვენი ბავშვობიდან. ალბომი ძალიან განსხვავებული და ჟღერადობით „მგზავრებისთვის“ უჩვეულოა. მასში დომინირებს დისკო და ის ჟანრები, რომლებსაც ჩვენი მშობლები ჩვენს პატარაობაში უსმენდნენ, ისინი ახალგაზრდები და ყველა ერთად - ბედნიერები არიან“ - ამბობს გიგი დედალამაზიშვილი.

„ვალსი“ სწორედ ამ 10 ისტორიიდან ერთ-ერთია, ის ახლობელი ადამიანის დანაკარგით გამოწვეული ტკივილის შესახებ გვიყვება. სიმღერა, რომელიც  თითქმის 5 წლის განმავლობაში იწერებოდა, არის ცეკვა საკუთარ თავთან, ცეკვა სიცარიელეში, სინამდვილეში კი რიტმული მოძრაობა იმ ადამიანის სულთან, რომელიც ჩვენთან აღარ არის. სიმღერა შეიცავს იავნანას მოტივს, რომელსაც ბავშვობაში „მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის ბებია მღეროდა.

„ვალსი“ კადრს მიღმა

„მახსოვს, როდესაც მაძინებდნენ, მესმოდა რომ სამზარეულოში, სადაც ბევრი ხალხი იყო, უფროსები რაღაცაზე საუბრობდნენ, მუსიკა ისმოდა. მძინარეს მეგონა, რომ იქ, სამზარეულოში, ალბათ მსოფლიოში ყველაზე მაგრად ერთობოდნენ. მას შემდეგ გავიზარდე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უკეთესი გართობა არსად მინახავს“ - აცხადებს გიგი დედალამაზიშვილი.

„ვალსი“ პოსტერი

გიგი დედალამაზიშვილი და ლადო კვატანია ერთად მუშაობაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქრობდნენ, როდესაც მგზავრების სიმღერა „ვალსი“ დაიწერა, ჯგუფის სოლისტმა ის ლადოს გაუგზავნა, თუმცა არ აუხსნია რის შესახებ იყო სიმღერა.  „ტრეკის მოსმენის შემდეგ, მიუხედავად იმისა რომ სიმღერის სიტყვები არ ვიცოდი, დავწერე სცენარი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მთლიანად ემთხვეოდა „ვალსის“ გზავნილს. გასული წლის დასაწყისში გადაღებებისთვის მზადება დავიწყეთ“ - ამბობს ლადო კვატანია.

გიგი დედალამაზიშვილი

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კლიპში შავ-თეთრი კადრები არ წარმოადგენს საარქივო ქრონიკას, ამ კადრებს მე თვითონ ვიღებდი - ლადო კვატანია.

მოკლემეტრაჟიან ფილმ-კლიპზე მუშაობა 1 წელიწადს გაგრძელდა, გადაღებები მაღალმთიან ქართულ სოფლებსა და თბილისში მიმდინარეობდა. კლიპში მთავარ როლებს ქართველი მსახიობები აჩი მაკალათია, ვერონიკა კალანდარიშვილი და საქართველოს დამსახურებული არტისტი დათო დვალიშვილი ასრულებენ.

ლადო კვატანია

რეჟისორი ლადო კვატანია ცნობილია სადებიუტო ფილმით „სიკვდილით დასჯა“ (2022) რომელშიც მთავარ როლს ნიკო თავაძე თამაშობს, ხოლო როგორც კლიპის შემქმნელი - იგი შემდეგ შემსრულებლებთან გვხვდება: Cardi B & Kanye West, Manizha, Oxxxymiron, Monetochka, Noize MC და სხვა.

ზევით