#მუსიკა

უკრაინული კულტურის მრავალფეროვნების ზეიმი „ევროვიზია“ 2022-ის სცენაზე

გაზიარება:

იტალიის ქალაქ ტურინში მიმდინარე, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზია“ 2022-ის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra გახდა. ჯგუფმა საერთაშორისო ჟიურისგან და მაყურებლებისგან რეკორდული 631 ქულა მოიპოვა და ამ დიდი გამარჯვებით, 2023 წლის საერთაშორისო კონკურსის ლოკაციად უკრაინა მონიშნა.

Kalush Orchestra-მ „ევროვიზიის“ სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო, უკრაინელმა მუსიკოსებმა არამხოლოდ თავბრუდამხვევი ქარიზმითა და გადამდები ენერგიით შეძლეს მაყურებლებისა და ჟიურის მონუსხვა, აგრეთვე, თავიანთ თანამედროვე კულტურას, მის მრავალფეროვნებას და უკრაინელი ერის სიმტკიცეს გაუსვეს ხაზი. უკრაინულ ბენდს შესაძლოა კონკურსის დაწყებამდეც უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას, თუმცა ეს მიკერძოებისა და ომისგან გამოწვეული ემპათიის დამსახურება სულაც არ გახლდათ.

Kalush Orchestra-მ „ევროვიზიაზე“ ჰიტი Stefania წარადგინა, სამშობლოსადმი რწმენისა და ერთგულების ჰიპ-ჰოპის ჟანრში შესრულება, Kalush-ის მთავარი ნიშაა, არც სიმღერა Stefania ყოფილა გამონაკლისი. უანგაროდ გაცემული დედობრივი სიყვარული, უკრაინული მიწა და მისი ენერგია და სამყაროს აღორძინება სიმღერის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ Stefania რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ბევრად ადრე დაიწერა, ის აღმოჩნდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დროული რეფლექსია და ძლიერი კულტურული გზავნილი სამყაროსთვის, რაც უკრაინას და უკრაინელებს, დღეს ასე სჭირდებათ..

უკრაინის კულტურის მრავალფეროვნება „ევროვიზიის“ სცენაზე არა მარტო სიმღერით არამედ, კოსტიუმების ტრადიციული ელემენტებითაც წარმოჩნდა. უკრაინული ხალხური სამოსის გათანამედროვებული ვარიაციები, სპეციალურად „ევროვიზიისთვის“ შეიქმნა.

Kalush Orchestra-ს ერთ-ერთ სილისტ ოლეგ ფსიუკის, სცენაზე, XX საუკუნის ადრეული წლებისთვის დამახასიათებელი ავთენტური უკრაინული სადღესასწაულო სამოსი ამშვენებდა, ნაქარგებითა და მძივებით, ოლეგის ვარდისფერი პანამა კი უბრალოდ მისი იმიჯის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ჯგუფის კიდევ ერთ წევრს ტიმოფეი მუზიჩუკს, XX საუკუნის ჰუცულის სტილის, წარმოჩენა ხვდა წილა. ჰუცულები კარპატებში მცხოვრები ერთ-ერთი უძველესი უკრაინელი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან. ტიმოფეის კოსტიუმის ნაწილი გახლდათ საკოლექციო ტაისტრა (ჩანთა) ბუკოვინადან.

„ევროვიზია“ 2022-ის გამარჯვებული Kalush Orchestra-ს სოლისტი ოლეგ ფსიუკი, გამარჯვების შემდეგ უკრაინაში, ფრონტის ხაზზე, საკუთარი სამშობლოს დასაცავად წავიდა, უკრაინელები დღეს, ხვალ და ზეგ, და კიდევ იმდენი დღის შემდეგ, რამდენიც საჭირო იქნება, გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალ წელს საერთაშორისო კონკურსი მშვიდობიან, გამთლიანებულ უკრაინაში ჩატარდეს.


საქართველოს წარმომადგენელი Circus Mircus 2022 წლის „ევროვიზიაზე“ სიმღერით Lock Me In წარდგა, თუმცა კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. 

დიდი ხმაური გამოიწვია საქართველოს ეროვნული ჟიურის შეფასებების გადანაწილებამ, რომლის თანახმადაც, საქართველომ, ყველაზე მაღალი 12 ქულა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს მიანიჭა, უკრაინას კი მხოლოდ 6 ქულა დაუწერა. ჟიურის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ „ევროვიზიაზე“ ქულები შეცდომით გამოცხადდა, რადგან საქართველოსგან უმაღლესი ქულის მფლობელი უკრაინა გახდა.

ზევით