#კულტურა

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საიუბილეო მე-15 სეზონისთვის ემზადება

გაზიარება:

2023 წლის შემოდგომაზე, თბილისი კულტურულ ციებ-ცხელებაში გადაეშვება, 30 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით დედაქალაქში ყველაზე მნიშვნელოვანი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, საიუბილეო, რიგით მე-15 სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადება, სამი ნაწილისგან შემდგარი ფესტივალი, წელს ექვსი ქვეყნის, მათ შორის პოლონეთის, ესპანეთის, გერმანიის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების, დასს უმასპინძლებს. მაყურებელს საშუალება ექნება 45-ზე მეტ სპექტაკლს მიადევნოს თვალი და არაერთი საერთაშორისო დადგმა იხილოს.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დაფუძნდა და მიზნად საქართველოს ინტეგრირება დაისახა საერთაშორისო კულტურულ მოვლენებსა და რუკაზე. ბოლო 15 წლის განმავლობაში, ფესტივალმა აქტიურად შეუწყო ხელი თბილისისა და საქართველოს კულტურული ცხოვრების გამდიდრებას თანამედროვე თეატრალური ხელოვნებისა და კულტურის ყველაზე გამომწვევი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ნამუშევრებით.

ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘ

რეჟისორი: ლუკაშ ტვარკოვსკი

თეატრი:სტუდია Theatregallery

მასპინძელი თეატრი: სილქ ფაქტორი სტუდია

თარიღი: 30 სექტემბერი - 20:00 სთ

1 ოქტომბერი - 20:00 სთ

სპექტაკლის შესახებ:

„თანამშრომლებში“ ლუკაშ ტვარკოვსკი და მისი ჯგუფი იმ ორიგინალური მულტიმედიური თეატრალური ფორმის ძიებას აგრძელებენ, რომელშიც გამოსახულება, ბგერა და მოქმედება მაყურებელს შეუცნობელ სამყაროში სრულ ,,ჩაძირვას“ უადვილებს. ამჯერად ეს მომავლის სამყაროა: კოსმოსური ხომალდის ბორტზე ექსპერიმენტი ტარდება: როგორ განვითარდება თანამშრომლობა ადამიანებსა და მათს ჰუმანოიდ თანამოძმეებს შორის? ორივე ჯგუფს ყურადღებით აკვირდება და აკონტროლებს  იდუმალი ორგანიზაცია და მათი წარგზავნილი ექსპედიცია, მაყურებელი კი თან ამ ურთიერთობების, მათი მუშაობის,  კომუნიკაციისა და თანაარსებობის ამსახველ ანგარიშს ეცნობა. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების შემუშავებისას, ადამიანისა და უცხოპლანეტური არსებების ურთიერთობის საკითხი ჯერ არასდროს მდგარა ასე მწვავედ. პიესა იკვლევს ადამიანის ცნობიერებას, რომელიც მის ანალოგში ისახება და ამით აძლიერებს შემზარავი, ზეადამიანური ველის შეგრძნებას - ამგვარ უცხოობას შევიგრძნობთ, როდესაც პირისპირ ვდგებით „უცხოს“, მაგრამ ადამიანის მსგავსი არსებების პირისპირ. როგორია გრძნობის, ემოციის ბუნება? შეუძლია კი ალგორითმებს სუბიექტიური მდგომარეობების ასახვა და შეგრძნობა? უქმნის ხელოვნურად შექმნილი „მე“-ს განცდა საფრთხეს ადამიანთა მოდგმას? არის თუ არა აჩრდილი მყიფე გარსში?

კინოსახეების გამოყენებისას, პერფორმატიული ინსტალაციისა და  თეატრალური მოქმედების შერწყმისას, რეალურსა და ფანტასტიკურს შორის დაძაბულობის გასაოცრად აგებისას, აშკარა ხდება რეჟისორის დაუჯერებელი ოსტატობა, რომლის უკანაც დიდი სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწარმოებების ცნობილ ტოპოსები იკითხება - არა ინტელექტუალური დისკურსის მეშვეობით, არამედ ინტენსიური მულტისენსორული სამყაროს შეგრძნებით. 

ᲑᲐᲛᲑᲘᲡ ᲛᲘᲜᲓᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲘᲛᲐᲠᲢᲝᲕᲔᲨᲘ

რეჟისორი: ტიმოფეი კულიაბინი

თეატრი:ლატვიური „დაილეს“ თეატრის და ეკატერინა იაკიმოვას კოპროდუქცია

მასპინძელი თეატრი:გრიბოედოვის თეატრი

თარიღი: 7/8 ოქტომბერი - 20:00 სთ

სპექტაკლის შესახებ:

მათი გარიგება  კომერციული ტრანზაქციაა, რომელიც  აკრძალულ ან სხვაგვარად მკაცრად კონტროლირებულ საქონელს უკავშირდება. გარიგებები ნეიტრალურ და დაუკონკრეტებელ სივრცეებში ხდება - სივრცეებში, რომლებიც არ არის განკუთვნილი ასეთი ტრანზაქციებისთვის - გარიგებაში ორი მხარეა: პირველი, ვისაც საქონელი აქვს,  და მეორე, ვინც მას ეძიებს. ისინი მოქმედებენ უხმო ურთიერთგაგებით, შეთანხმებული სიგნალებით, მინიშნებებით - ნებისმიერ დროს, დღისით თუ ღამით - გარდა იმ საათებისა, როდესაც ყველა წესის დაცვით ლიცენზირებული ბიზნესები ღიაა, უფრო სწორად, როდესაც ამგვარი კომერციული დაწესებულებების კარი დაკეტილია.  აქ მთავარი ღალატისა და ძალზე ხშირი თაღლითობის რისკი აცილებაა, რაც ხშირია ასეთ გარიგებებში“.

„ამიტომ, მინდა შემოგთავაზოთ თანასწორობა. ერთ მტვრიან მოსაცმელში მეც მტვრიანი მოსაცმელის ფასს გთავაზობთ. ვიყოთ თანაბარნი, თანასწორუფლებიანები სიამაყეშიც და უსუსრობაშიც. ერთნაირად შეუიარაღებლებმა ერთნაირად ვიწვალოთ. მე თქვენი სანახევრო სიშიშვლისას ვიხდი და ზედ ჩემს სანახევრო სიშიშვლეს ვამატებ“. 

ბერნარ მარი კოლტესის ეს ცნობილი პიესა 1985 წელს დაიწერა. მისი გარემოებები უცნაურია. ბნელ გზაჯვარედინზე ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს. ერთი „გამყიდველია“, მეორე „მყიდველი“. გამყიდველი ცდილობს მყიდველს ის მიყიდოს, რაც მას თავად უნდა ეთქვა. თუმცა, მყიდველს არ სურს ამ „საქონლისთვის“ სახელის დარქმევა და ამგვარ ტრანზაქციაზე უარს ამბობს. მთელი სპექტაკლი მათი კამათია - ორი ადამიანის დაპირისპირება სიტყვებისა და მნიშვნელობების თამაშით.

ᲡᲘᲑᲜᲔᲚᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ

რეჟისორი: კატერინა კისტენი და იჰორ რუბაშკინი

თეატრი:უკრაინა

მასპინძელი თეატრი:ქარვასლა ივენთ ჰოლი

თარიღი: 10 ოქტომბერი - 20:00 სთ

სპექტაკლის შესახებ:

სპექტაკლი „სიბნელის წინააღმდეგ“  შვედი დრამატურგის იორგენ იერდტის პიესის „სიბნელეში“ მიხედვითაა დადგმული.

„გარკვეული გაგებით, სპექტაკლის რეალობას დროის პირობითი ზღვრები აქვს , მაგრამ იგი სრულად ასახავს ვითარებას, რომელშიც დღეს მსოფლიო იმყოფება. იყო რაღაც, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც მინდოდა დამეწერა - ადამიანთა შორის ნდობა და ერთობა“, - ამბობს პიესის „სიბნელის წინააღმდეგ“ ავტორი იორგენ იერდტი. 

კრისი და კიმი მცველები არიან, ან, ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთს ასე ეუბნებიან. იმდენია ხანია,  თავიანთ პოსტებზე დგანან, რომ მაყურებელს ნელ-ნელა ეჭვი ეპარება - „სწორ" ადგილას არიან კი ნამდვილად?... იქნებ მათი მისია დასრულებულია?  დროის შეგრძნება დაკარგული აქვთ, მაგრამ იციან, რომ  საფრთხე, რომელიც ემუქრებათ, რეალურია.

სიუჟეტი მაყურებლის თვალწინ და გვერდით ვითარდება, იგი, პრაქტიკულად, თეატრალური ქმედების  თანამონაწილე ხდება. სპექტაკლი "სიბნელეში" იმ გაურკვევლობის შესახებაა, რომელიც შეუცნობლის უფსკრულის პირას, გარდაუვალი უბედურების მომენტამდე გვეუფლება....

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲘᲮᲐᲠᲨᲔᲑᲐ ᲑᲐᲕᲨᲕᲘ ᲞᲝᲚᲔᲜᲢᲐᲨᲘ

რეჟისორი: ნინო ხარატიშვილი

თეატრი: სამეფო უბნის თეატრი - ჰესენის მიწის მარბურგის თეატრი HLTM (საქართველო-გერმანია)

მასპინძელი თეატრი:სამეფო უბნის თეატრი

თარიღი: 13/14/15/16/17 ოქტომბერი - 20:00 სთ

სპექტაკლის შესახებ:

რუმინელმა მწერალმა ქალმა, აგლაია ვეტერანიმ დაწერა რომანი ბავშვზე, რომელიც  მისეულად აღიქვამს ცირკის მსახიობი მშობლების ცხოვრებას -  ოჯახი ყოველდღე საოცარი იმედით გადის ბეწვის ხიდს  დაუნდობელ სამყაროში - სამყაროში, სადაც ადამიანებს სხეულებით ითვლიან,  ილუზიებით ცხოვრება გარდაუვალია, მაგრამ იმედი ყველაზე მძლავრად გიზგიზებს. 

მუდმივი უცხოობა უცნობ სამყაროში, დაუსრულებელი გადააგილებები; სახლის, საკუთარი ქვეყნის მონატრება; და, ბოლოს და ბოლოს, ყოველდღე ბოსტნეულით სავსე თეფში მაგიდაზე - ესაა ახალგაზრდა გოგონას იდენტობა. მაგრამ იმედის ძაფი მომავლისკენ მეტისმეტად ძლიერ ირხევა. ცირკის საზიდარიც კვლავ შარაგზასაა გამოდებული და გაურკვევლობისაკენ მიექანება - იმის მიუხედავად, რომ ახალ ენაზე პირველი ახალი სიტყვები თითქოს ნასწავლია.. და მაინც, ესაა იმ სასტიკის რეალობის პოეტური სარკე, რომელშიც მიუსაფარ, გაუცხოებულ ადამიანებს  იყენებენ.

ᲒᲐᲛᲝᲒᲝᲜᲔᲑᲔᲑᲘ

რეჟისორი: პეპ რამისი და მარია მუნიოსი

თეატრი:მალ პელო

მასპინძელი თეატრი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (დიდი სცენა)

თარიღი: 14 ოქტომბერი - 20:00 სთ

სპექტაკლის შესახებ

„გამოგონებები“ არის ნამუშევარი სულიერისა და ამქვეყნიურის ძიებაზე, პასუხგაუცემელ კითხვებზე, კაცობრიობის დროით პარადოქსზე, რომელიც ისტორიის ღრმა დროის გააზრებისას გახდა ხილული.

ესაა მოგზაურობა ბგერასა და გამოსახულებაში, რომელშიც მაყურებელი გრძნობს როგორც ჯგუფის ძალას სივრცეში, ისე ინდივიდის მნიშვნელოვნებას. ამ მოგზაურობაში სხვადასხვა დისციპლინის შერწყმა  სხეულთა სიმრავლეს წარმოშობს,  სივრცეში ხელახლა დასაბინავებლად, ახალი  გავლენების შესათვისებლად რომ არიან ღიანი.

ᲝᲛᲘᲡ ᲠᲔᲞᲝᲠᲢᲘᲝᲠᲔᲑᲘ

რეჟისორი: სებასტიან ფუკო

თეატრი:კომპანია ,,Cie QUE FAIRE?''

მასპინძელი თეატრი:კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (დიდი სცენა)

თარიღი:

17/18 ოქტომბერი - 20:00 სთ

სპექტაკლის შესახებ

„ომის რეპორტიორები“ თეატრალური დოკუმენტური სპექტაკლია ბოსნიის ომის შესახებ -  დღევანდელი მოვლენებისთვის აქტუალური მეტაფორა.

90-იანი წლების დასაწყისში ასობით ჟურნალისტი ჩავიდა მთელი მსოფლიოდან ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტის გასაშუქებლად - იუგოსლავიაში, იმ ევროპის გულში, რომელსაც სწამდა, რომ ომის წინააღმდეგ აცრა ხელთ ეპყრა. და რა გვახსოვს ჩვენ, როგორც მაყურებელს, ამ ომებზე ოცდახუთი წლის შემდეგ? ლამის აღარაფერი, მხოლოდ ბუნდოვანი კლიშირებული წარმოდგენები შემოგვრჩა - მიწა და მტვერი.

ზევით