თბილისის მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 9-14 სექტემბერს გაიმართება

თბილისის მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2022 წლის 9-14 სექტემბერს გაიმართება. პროგრამაში წელს მონაწილეობას 14 ავტორი მიიღებს 11 ქვეყნიდან.

ფესტივალის თემაა „შინ“ - სახლის კონცეფცია და არქეტიპი კულტურასა და ლიტერატურაში, როგორც ადამიანის იდენტობის მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი ნაწილი. ამ თემით ფესტივალი ეხმიანება ომს უკრაინაში და მსოფლიოში მიმდინარე სხვა მწვავე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს.

კვირეულის განმავლობაში გაიმართება პოეზიის საღამოები, შეხვედრები ავტორებთან და დისკუსიები. ინფორმაციას ფესტივალის პროგრამის, მონაწილე ავტორებისა და მხარდამჭერების შესახებ უახლოეს დღეებში გავეცნობით.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი (TIFL) 2015 წლიდან ქვეყნის ლიტერატურული პროცესების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. განვლილი ფესტივალების სტუმრები იყვნენ ისეთი ავტორები, როგორებიც არიან ჩარლზ ბერნსტაინი, ვიქტორ ეროფეევი, დიბისი პიერი, ეთგარ კერეთი, იბრაჰიმ ალ-ქუნი, სერგეი ჟადანი, ტომას ვენცლოვა, ტადეუშ დაბროვსკი, იულია ფიედორჩუკი, ნინო ხარატიშვილი, იური ანდრუხოვიჩი, აიზეკ მერიონი, ვერა პავლოვა და სხვები - ლიტერატურული წრეებისა თუ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მწერლები.

პროექტი განსაკუთრებულია იმ მხრივაც, რომ სარგებლიანია მრავალი მომიჯნავე სფეროსთვის: ფესტივალი თანამედროვე ავტორებს, ლიტერატურის კრიტიკოსებს, მკვლევრებს  და მთარგმნელებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ცოცხალ და მუდმივად განვითარებად საერთაშორისო ლიტერატურულ პროცესებში. მჭიდროდ თანამშრომლობს ლიტერატურულ ჟურნალებთან, გამომცემლობებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ყოველწლიური ლიტერატურული ფესტივალის წყალობით ქვეყანას სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის აზრის ლიდერები (opinion leaders), რაც ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციასაც.

ზევით