#მუსიკა

Tbilisi Open Air 2023 დღე #2

გაზიარება:

Tbilisi Open Air 2023-ის Paid Actor-ად, უდავოდ, ამინდი გვევლინება, ლისის საოცრებათა ქვეყანაში მოფენილი მზის წყალობით, ყოველი აქტივობა, სცენაზე გამოსული ყოველი შემსრულებლის გამოსვლა, ერთი ორად სასიამოვნო გამოცდილებად იქცა, რომ აღარაფერი ვთქვათ სამახსოვრო ფოტოებზე, რომელიც წლევანდელი ფესტივალიდან მაინც შემოგვრჩება.

Open Air 2023 მეორე დღით 24 ივნისს გაგრძელდა... ბედნიერი მომენტები, საყვარელი შემსრულებლები, მეგობრებთან ერთად გატარებული დაუვიწყარი დრო - Open Air-სკენ ყველა სხვადასხვა მიზნით გავემართეთ, მაგრამ ყველაზე მთავარი რამაც კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა ეს მუსიკაა. ეჭვი გვეპარება იმაში, რომ გუშინ, ფესტივალის სტუმარი მისთვის საყვარელი ჟანრის მოსმენას ვერ შეძლებდა სცენიდან. 

მთავარ სცენაზე პირველი გამომსვლელების Luna Flowers + Sabana-ს დამსახურებით, ის მუხტი შევიძინეთ, რომელიც დღის განმავლობაში გაიზარდა, გაიზარდა და კულმინაციის მომენტში ემოციურ ფეიერვერკადაც კი იქცა.

სცენაზე Circus Mircus-ის გამოჩენის დროც დადგა, მოძრაობა, რომელიც ჩამოყალიბების დღიდან სხვადასხვა დარგის პროფესიონალს აერთიანებდა, გუშინაც გაფართოვდა, როდესაც სცენაზე ფსიქოლოგი მუსიკალური მონოლოგით და ვირტუოზი საქსოფონისტი გამოჩნდნენ. Circus Mircus თავისი არაორდინალურობითა და გადამდები ენერგიით, გასულ დღესაც მოწოდების სიმაღლეზე იყო.

7 წლიანი განშორების შემდეგ, Tbilisi Open Air-ს Rejjie Snow დაუბრუნდა, თუმცა ამჯერად მთავარ სცენაზე. 2018 წელს, არტისტის ვერშემდგარი პერფორმანსის კომპენსაცია გასული დღის სცენაზე მოხდა. 

მუსიკალური ფესტივალის მეორე დღის ბოლო აკორდი კი ისლანდიელმა ბლუზ როკ-ჯგუფმა KALEO-მ დაუკრა. არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც მთავარ სცენაზე გამოსული არტისტისგან მუსიკალურ ჰანგებთან ერთად მისი ენერგეტიკაც იღვრება. თითქმის ორსაათიან კონცერტზე ჯგუფმა თითოეული გულშემატკივრისთვის და არამარტო, დაუვიწყარი წუთები შექმნა და აუდიტორიისთვის ქართულად გადახდილი მადლობის შემდეგ სცენაზე კიდევ ერთხელ დაბრუნდა და უფრო მეტი ემოციით შეგვეგება. 

დღეს, Tbilisi Open Air 2023-ის უკანასკნელი დღეა, თუ ჯერ კიდევ არ ასულხართ ლისის საოცრებათა ქვეყანაში, გირჩევთ, დღევანდელი შანსი აუცილებლად გამოიყენოთ და მუსიკალური დღესასწაულის თანამონაწილე გახდეთ.

ზევით