#მუსიკა

Tbilisi Open Air 2023 დღე #1

გაზიარება:

და აი ისიც, 2023 წლის Tbilisi Open Air-ის 3-დღიანი თავგადასავლისთვის, ნავსი საბოლოოდ გატყდა, როგორც ჩანს თბილისის ცამ მთელი თვის სამყოფი უკვე იწვიმა და ახლა, თავისუფლად შეგვიძლია ჩვენი საყვარელი ფესტივალის დღეებით დავტკბეთ. არამხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალის კარი გუშინ, 23 ივნისს, 15 საათზე გაიღო და ჯადოსნური პორტალის დახმარებით საოცრებათა ქვეყანაში კიდევ ერთხელ გადაგვისროლა.

Tbilisi Open Air აღარ არსებობს Lisi Wonderland-ის გარეშე და პირიქით. ლოკაცია, რომელიც წლობით ძიებისა და ექსპერიმენტების შემდეგ, მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორებმა აღმოაჩინეს და ფესტივალისა და მისი ოჯახის ნავსაყუდლად აქციეს, წელსაც ჩვენი შეხვედრის ადგილია.

შესაძლოა საოცრებათა ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ამ მუსიკალური დღესასწაულს დღის წესრიგს ქმნიან და გვაერთიანებენ ისევ აქ არიან!

Tbilisi Open Air ქართველი არტისტებისთვის შესაძლებლობების კარი ჯერ კიდევ წლების წინ, Tbilisi Newcomers-ის შექმნით გახსნა. ტრადიციისამებრ, იმ ახალბედა და საოცრად ნიჭიერ მუსიკოსებს, რომლებიც ფესტივალის შემქმნელების პირად აღმოჩენად იქცნენ, არც ერთხელ არ გაუცრუებიათ იმედები ჩვენთვის.  გამონაკლისი არც 2023 წლის Best Newcomer-ი აღმოჩნდა, Will Kolak-მა გასულ დღეს მთავარ სცენაზე ის ცეცხლი დაანთო, რომელიც ფესტივალის თითოეულ სტუმარს ჰაერივით ესაჭიროებოდა.

Newcomer-ების შემდეგ მთავარი სცენა ლაშა ჩაპელმა, იგივე „თამადამ“ დაიკავა და გამოჩენისთანავე, ყველანი იმ აკუსტიკური რეალობის მონაწილედ გვაქცია, რომელიც მისეული სითამამით, მჭევრმეტყველებითა და ემოციურობით გამოირჩევა.

Open Air-ის სცენიდან ჩვენთვის დაუვიწყარი მოგონებების შექმნაზე პასუხისმგებლობა Bedford Falls-მა კიდევ ერთხელ აიღო და ჩვენი საყვარელი ჰიტებიც ერთმანეთის მიყოლებით შეასრულა.

მთავარი სცენის ყველაზე მოსალოდნენლი ჰედლაინერის ტომ ოდელის გამოჩენის დროც დადგა, პოპულარულ ბრიტანელ არტისტს ქართველი მსმენელი ფესტივალის ფარგლებში, პირველად, 2018 წელს შეხვდა, 5 წლის შემდეგ მისი დაბრუნება ერთდროულად ნოსტალგიური და იმედისმომცემიც აღმოჩნდა. მაშინ, 2018 წელს Another Love ჯერ კიდევ არ ქცეულიყო უკრაინის არაოფიციალურ ჰიმნად და პროტესტის ნამდვილ სიმბოლოდ, გუშინ, სცენიდან ბევრი ნაცნობი და ბევრი უცნობი სიმღერა ისმოდა, მაგრამ აღარაფერი ჩანდა ისე, როგორც უწინ.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ტომ ოდელის ემოციური შესრულება, მუსიკოსი გასულ ღამეს Open Air-ის მსმენელისთვის ბოლომდე დაიხარჯა, რათა შესაძლებლობა გვქონოდა მისი გამოსვლის ყოველი წამით მიგვეღო სიამოვნება.

და მართალია, მთავარი სცენის ხმაური ამით დასრულდა, თუმცა ფესტივალის მხიარულება ღამის სცენებზე - EYESTAGE-ზე, Singer Stage-ზე და Zion Garden-ზე გაგრძელდა.

დღეს კი #2 დღისა და მისი გიჟური თავგადასავლების დროა...

ზევით