#ლიტერატურა

თანამედროვე ფრანგ მწერალ ანი ერნოს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა

გაზიარება:

ერნესტ ჰემინგუეიდან - მარიო ვარგას ლიოსამდე, ლიტერატურის უდიდესი მოვლენები პრესტიჟული ნობელის პრემიის ლაურეატები იყვნენ. თანამედროვე ფრანგი ავტორი ანი ერნო ამ დიდებულთა სიას დღეიდან შეუერთდა, შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ მწერალს 2022 წლის ლაურეატის სტატუსი მიანიჭა. 2014 წელს პატრიკ მოდიანოს შემდეგ, ანი ერნო გახდა პირველი ფრანგი მწერალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო.

თავის უნიკალურ ავტობიოგრაფიულ მხატვრულ ლიტერატურაში ერნო „იკვლევს სქესის, ენისა და კლასების ძლიერ განსხვავებულ ცხოვრებას“, - ნათქვამია აკადემიის განცხადებაში.

თანამედროვე ფრანგი მწერალი და ლიტერატორი ანი ერნო 1940 წელს ლილბონში (ნორმანდია) დაიბადა, მისი ლიტერატურული კარიერა 1974 წელს წიგნით Les Armoires vides („ცარიელი უჯრები") დაიწყო, რომელიც უკვე იკვლევდა მისი მუშათა კლასის ავტობიოგრაფიულ ასპექტებს, ბავშვობას, ახალგაზრდობას და აბორტს. სადებიუტო ნაწარმოებიდანაც ნათელი გახდა, რომ ანი ერნო ავტობიოგრაფიულ ჭრილში, დაბალი სოციალური წრის გადმოსახედიდან გვიამბობდა ისტორიებს და მკითხველს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სოციოლოგიური თემებით მოხიბლავდა.

ასეც მოხდა, ერნოს რიგით მეორე რომანმა სახელწოდებით „ადგილი" რენოდოს პრემია მოიპოვა, მას მოჰყვა რომანების მთელი სერია: „სხვა გოგონა", „ქალიშვილის მეხსიერება" და „წლები". სწორედ ეს უკანასკნელი მიიჩნევა ფრანგი მემუარისტის შემოქმედების განმსაზღვრელად. 2008 წელს გამოცემული რომანი „წლები" იკვლევს პერიოდს 1941 წლიდან 2006 წლამდე, იგი აგებულია მწერლის თორმეტი ფოტოსურათისა და მეხსიერებაში დალექილი მოგონებების, განცდების, მოვლენების გარშემო. ეს წიგნი არის ცდა აღადგინოს კოლექტიური მეხსიერება ინდივიდუალურ მეხსიერებაში.

ნობელის პრემია ლიტერატურაში ყოველწლიურად გაიცემა მრავალსაუკუნოვანი შვედეთის აკადემიის, 18 ადამიანისგან შემდგარი ელიტური ჯგუფის მიერ. ნობელის ასამბლეაში ერთიანდებიან როგორც ლიტერატურათმცოდნეები და ისტორიკოსები, აგრეთვე ლინგვისტები და შვედი მწერლები.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯილდო შვედი ქიმიკოსისა და ბიოლოგის, ალფრედ ნობელის 1895 წლის ანდერძის თანახმად დაარსდა. გარდაცვალებამდე ალფრედ ნობელმა ნობელის პრემიის ინსტიტუტი დააარსა, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოოღვაწე ადამიანებს 5 პრიზს გადასცემდა „კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის". თავისი უზარმაზარი ქონების დიდი ნაწილი ორგანიზაციას დაუტოვა.

1901 წლიდან მოყოლებული, ნობელის პრემია ლიტერატურაში 118-ჯერ მიენიჭა (თუმცა მხოლოდ 17-ჯერ ქალ მწერლებს). 2018 წელს, შვედეთის აკადემიამ შეაჩერა პრიზის მიცემა სკანდალის გამო, რომელშიც მონაწილეობდა დაწესებულების მაშინდელ წევრზე დაქორწინებული ფრანგი ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო.

ზევით