Sophie Villy: „Blackout ჩემთვის მანიფესტიცაა და ლოცვაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე“

ქართველმა არტისტმა, სოფი ხუციშვილმა, სასცენო სახელით ცნოილმა როგორც Sophie Villy, უკრაინას და უკრაინელებს სიმღერა მიუძღვნა. Blackout - ასე ეწოდება მუსიკოსის ახალ სიმღერასა და მასზე გადაღებულ კლიპს, რომლის პრემიერაც გასულ კვირას გაიმართა. რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან-დღემდე, Blackout,  Sophie Villy-ს შემოქმედებაში რიგით მეორე ნამუშევარია და ერთგვარი მანიფესტის ხასიათს ატარებს. სიმღერა მეგობართან საუბრის შემდეგ, სულ რაღაც 15 წუთში დაიწერა, ზედმეტი ფიქრი საჭირო არ აღმოჩნდა, მოზღვავებულმა ემოციებმა და სათქმელმა გზა სიმღერის გავლით იპოვეს.

Blackout-ის შთაგონებაზე საუბრისას, სოფი აცხადებს, რომ მისთვის, ახალი სიმღერა გასული ერთი წლის ტკივილის რეფლექსიას წარმოადგენდა: „ზოგადად, ყველაფერი, რაც გარშემო ხდება და რაზეც გამუდმებით მეფიქრება, ადრე თუ გვიან ჩემს შემოქმედებაში აისახება. ბოლო ერთ წელს, ალბათ, ვერ ვუწოდებ შთაგონების წელს. ყველაფერი, რაც ამ პერიოდში შევქმენი, ფაქტობრივად იმ ტკივილის და მდგომარეობის ანარეკლია, რაც ომს მოაქვს“.

„We’d rather go through this, than live in soviet shit - თითოეულ უკრაინელს, რომელიც დღეს ბნელ დღეებს გადის, მინდა ამ სიმღერით მცირეოდენი სითბო და იმედი გავუგზავნო. როდესაც ყოველდღიურ რეჟიმში გაქვს კონტაქტი შენს უახლოეს მეგობრებთან, ნათესავებთან, ბენდის წევრებთან, რომლებიც ყველა ფრონტზე იბრძვიან, გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა პატარა ბავშვებთან ერთად, ძალიან რთულია ამდენი ტკივილი და ემოცია დაიტიო და ატარო.. ერთ მშვენიერ დღესაც უბრალოდ მოგაწვება ტალღა და ყველაფერი გადმოიღვრება“.

Blackout-ზე კინემატოგრაფმა და ოპერატორმა დიტო დეკანოსიძემ და ხმის დიზაინერმა გიორგი მაკარი გოგოლაძემ იმუშავეს. კლიპის გადაღება სოფიმ, მეგობრების დაჟინებული თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა და გონებაში წარმოდგენილ სიუჟეტს ახალი სიმღერის დახმარებით შეასხა ფრთები.

„ეკლესიაში, სანთლებით გადაღების იდეა ჯერ კიდევ გასულ წელს მქონდა, თუმცა სათანადო სიმღერა მაშინ არ მქონდა შექმნილი. Blackout - კი, სწორედ ის აღმოჩნდა, რომლისთვისაც სხვა ლოკაცია არც განიხილებოდა. მუშაობის პროცესი იყო საოცრად სასიამოვნო. სამივე აქტიურად ვიყავით ჩართული და სამივეს ხედვა ერთმანეთს ემთხვეოდა“.

„Blackout ჩემთვის მანიფესტიცაა და ლოცვაც, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გარდა, კიდევ უფრო გლობალურ, საკაცობრიო თემასაც ეხმაურება“..

«Even if everything You take And everything You give Is what we earned, Don’t leave please Lord Don’r leave this World”

ზევით