#აფიშა

„სახელოსნო 42“: ახალი თეატრალური სივრცე შექსპირის ტრაგედიით გაიხსნა

გაზიარება:

25 სექტემბერს, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, ლევან (ჭოლა) წულაძის ხელმძღვანელობით, თავისუფალი შემოქმედების კუნძული თეატრი „სახელოსნო 42“ გაიხსნა. ახალმა დამოუკიდებელმა თეატრალურმა სივრცემ პრემიერისთვის, უილიამ შექსპირის „ოტელო“ შეარჩია, რომლის ნახვა მაყურებელს, წერეთლის 114-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში, ოქტომბრის ბოლომდე შეეძლება. 

ახალი თეატრალური სივრცის საპრემიერო დღეების ფონზე, ყოველდღიურად იზრდება „სახელოსნო 42-ის“ დადებითი გამოხმაურებების რაოდენობაც.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by SOLO (@solo_ge)

„ეს არის უნიკალური სივრცე, რომელიც არც ერთ სხვა სივრცეს არ ჰგავს, ამიტომ ისეთი რაღაცების კეთების საშუალებას გაძლევს, რაც სხვაგან უბრალოდ ვერ მოხდება! თბილისს აქვს მართლა საოცარი ახალი სივრცე, რომლითაც შეუძლია იამაყოს ლევან წულაძისა და მისი განუმეორებელი გუნდის წყალობით... ჩემთვის ეს თეატრი ნამდვილი მორალური გამარჯვების სიმბოლოა ყველა თვალსაზრისით! მადლობას ვუხდი მათ, ზუსტად ამ ზნეობრივი მაგალითისთვის, მოთმინებისთვის და, რაც მთავარია, დიდი ნიჭისთვის, რომლითაც უმცირეს დეტალებამდე ყველაფერია გაჟღენთილი ამ ახალ სივრცეში და, რომელსაც ხანგრძლივ და ნაყოფიერ სიცოცხლეს ვუსურვებ!“ - აღნიშნა რეჟისორმა დათა თავაძემ.

ახალი თეატრალური სივრცის სახელწოდება სიმბოლურია, რადგან ყველასთვის საყვარელი თეატრალური სარდაფი, სწორედ რუსთაველის 42 ნომერში, წლების განმავლობაში მაყურებელს დაუვიწყარ სპექტაკლებს სთავაზობდა.

თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. 

გამორჩეული კონცეფციის სახელოვნებო სივრცე, მაყურებელს, ბევრ საინტერესო პროექტს ჰპირდება. „ოტელოზე“ დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც Tkt.ge აგრეთვე Biletebi.ge-ზე.

ზევით