And Just Like That-ის სცენარისტებმა ზუსტად იცოდნენ, როგორ უნდა მიეჯაჭვათ მაყურებელი სერიალის მეორე სეზონისთვის და მხოლოდ კულმინაციურ მომენტში, სეზონის ფინალურ ეპიზოდში ეჩვენებინათ მსახიობი, რომელსაც მთელი ფანდომი გულმოდგინედ ელოდა. კიმ კატრალის დაბრუნება შედგა, სულ რამდენიმე წამით And Just Like That-მა ორიგინალი სერიალის ელფერი შეიძინა, როდესაც ეკრანებზე სამანტა ჯონსის პერსონაჟი გამოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, სამანტა ნიუ-იორკში ჩაფრენას და კერის საკულტო აპარტამენტთან გამომშვიდობებას აპირებდა, თუმცა ჯონსის ფრენა გაუქმდა, სამანტას კი ბინასთან გამომშვიდობება სპიკერზე მოუწია.
Thank you for everything you f------ fabulous, fabulous flat - განაცხადა სამანტამ მისთვის ჩვეული გრაციოზულობით და მცირე ინგლისური აქცენტითაც.
კიმ კატრალის 60 წამიანი მონაწილეობა სერიალის ფინალურ სერიაში ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი და დიდი ალბათობით ყველაზე მაღალანაზღაურებადი გამოჩენა იყო.
წლის დასაწყისში, თოქ-შოუ The View-ში სტუმრობისას კიმ კატრალმა HBO-ს სპინოფის სერიალში გამოჩენის შესახებ პირველად ისაუბრა. მსახიობმა გაამხილა, რომ მისი სცენა სხვა მსახიობებისგან განცალკევებით გადაიღეს და სამანტას სტილის შესაქმნელად Sex and the City-ის ცნობილი სტილისტი პატრიცია ფილდი (რომელიც ამჟამად არ მუშაობს AJLT-ის კოსტიუმებზე) დააბრუნეს.
„ძალიან საინტერესოა HBO-ს ხელმძღვანელისგან ზარის მიღება, „რა შეგვიძლია რომ ვქნათ?“ და მე ვუპასუხე: „ჰმ...“ - თქვა კატრალმა. „ნება მომეცით ვიყო კრეატიული და ერთ-ერთი მათგანი იყო პეტ ფილდის დაბრუნება სერიალში, რადგან მე ვფიქრობდი, რომ თუ დავბრუნდები სამანტას სტილით უნდა დავბრუნებულიყავი“.
შოუს შემქმნელმა მაიკლ პატრიკ კინგმა Forbes-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამანტა ჯონსის სერიალში დაბრუნება ცუდად შენახული სიურპრიზი აღმოჩნდა, თუმცა ეს Sex and the City-ის ერთგული გულშემატკივრებისთვის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად დიდებული საჩუქარი გამოდგა.
მეორე სეზონის ფინალური ეპიზოდის გამოსვლამდე, ცნობილი გახდა ისიც, რომ And Just Like That-ს მე-3 სეზონიც დაუმტკიცდა. უკანასკნელ სერიაში კერი ბრედშოუ საკუთარ აპარტამენტს გამოემშვიდობა, თუმცა მას გარკვეული პერიოდით, უფრო ზუსტად კი 5 წლით, ეიდენთანაც მოუწევს დამშვიდობება, რადგან ეიდენი უმცროსი ვაჟის ავტოსაგზაო შემთხვევაში საკუთარ თავს მიიჩნევს დამნაშავედ და როგორც კერის ეუბნება, ვერ შეძლებს მასთან ბედნიერი იყოს სანამ არ დარწმუნდება, რომ მისი ვაჟი უსაფრთხოდაა.
მირანდამ ყოფილ პარტნიორებთან ურთიერთობის დალაგება მოახერხა, შარლოტა კი ცდილობს სრული განაკვეთით დაბრუნდეს სამსახურში და ჰარისთან პასუხისმგებლობის გაზიარებას სწავლობს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის ვიხილავთ And Just Like That-ის ახალ სეზონს, ჰოლივუდში მიმდინარე გაფიცვის ფონზე რაიმეს დაზუსტებით თქმა შეუძლებელია.