საიუბილეო 20 წლის აღსანიშნად LOVE ACTUALLY დიდ ეკრანებზე ბრუნდება

ჯადოსნური საახალწლო ამბები უკვე ხდება, რადგან ყველა დროის ყველაზე საყვარელი სადღესასწაულო ფილმი, Love Actually, კინოთეატრებში 7 დეკემბერს ბრუნდება.  რომანტიკული კომედიის შემქმნელები, მისი შემოქმედებითი გუნდი და სამსახიობო შემადგენლობა, ფილმის გამოსვლიდან მე-20 საიუბილეო წელს აღნიშნავენ.

სწორედ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რიჩარდ კერტისის საშობაო კლასიკა დიდ ეკრანებზე 4K გამოსახულებით და ათწუთიანი ექსკლუზიური ბონუს კონტენტით ბრუნდება, რომელიც Love Actually-ს მსახიობებს 20 წლის შემდეგ აერთიანებს.

2003 წელს, გამოსვლიდან ორი ათწლეულის შემდეგაც, ჯადოსნური ისტორიებისგან აკინძული საშობაო ეკრანიზაცია, მილიონობით ადამიანისთვის, ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ საახალწლო/საშობაო ფილმად არის მიჩნეული. 8 წყვილის სასიყვარულო ცხოვრებაზე მოყოლილი ამბები, რომელიც შობის წინ იდეალურად იკვეთება ერთმანეთში, დღემდე აგრძელებს მნახველის მოჯადოებას.

და ისევე როგორც ფილმის ყოველი ხელახალი გადახედვისას, მასში გამუდმებით, ახალ-ახალ დეტალებს აღმოვაჩენთ ხოლმე, Love Actually-ს შექმნის შესახებ საინტერესო ფაქტები არ სრულდება. დიდი ალბათობით, ექსკლუზიური ბონუს ვიდეო, რომელთან ერთადაც წელს ფილმი დიდ ეკრანებზე გავა, სწორედ ასეთ უთქმელ ამბებს გააერთიანებს. და სანამ ამ ისტორიების მოსმენას შევძლებთ, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ჩვენი საყვარელი საახალწლო რომანტიკული კომედიის შესახებ.

ორი - ერთში

რიჩარდ კერტისი, თავდაპირველად, ორი განსხვავებული ფილმის სცენარზე მუშაობდა. ერთ მათგანს პრემიერ მინისტრ ჰიუ გრანტის ხაზი უნდა განევითარებინა, მეორეს კი კოლინ ფერტის და მისი ოჯახური პრობლემების. თუმცა, მუშაობის პროცეშივე რეჟისორმა ამ ორ ხაზს შორის მსგავსება დაინახა და მათი გაერთიანება გადაწყვიტა. ვერ შევედავებით, ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მიღებული, რიჩარდ.

ფილმიდან ამოჭრილი 4 სიუჟეტის ხაზი

ცნობილია ისიც, რომ დასაწყისში, რიჩარდ კერტისი Love Actually-ში 14 სასიყვარულო ისტორიის გაერთიანებას გეგმავდა. თუმცა ორი მათგანი სცენარის წერის პროცესშივე ამოჭრა. რაც კიდევ უფრო საინტერესოა ის არის, რომ დარჩენილი ორი ისტორია, რეჟისორმა ჩვენთვის უკვე ნაცნობ და საყვარელ ამბებთან ერთად გადაიღო, თუმცა წარმოების პროცესში ჩამოაცილა მთავარ ხაზს.

თითქმის არ შემდგარი საკულტო სცენა

მართალია, Love Actually ძალიან ბევრ ემოციურ სცენას აერთიანებს, ისეთებს სიხარულის თუ სევდის ცრემლებს რომ გვრიან ხოლმე, თუმცა არსებობს საკულტო სცენები, რომლებიც უფრო დიდ მოვლენად იქცა და ეს ერთ-ერთი მათგანია. როგორც ფილმის რეჟისორმა გაამხილა, მან ამ აკრძალული სიყვარულის აღსარების მომენტისთვის, 5 განსხვავებული იდეა მოამზადა და საკუთარ ოფისში ქალებს გაუმხილა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად და ერთის ამოსარჩევად. „მე ვუთხარი მათ: „აი ეს არის ბიჭი, რომელსაც არასდროს უთქვამს თქვენთვის რომ უყვარხართ. ამ იდეებიდან რომელია თქვენთვის რომანტიკული და რომელი უაზრო?“ - აღნიშნა რიჩარდმა.

პირველი ოთხი ვარიანტის დაწუნების შემდეგ, ბობ დილანის ნიშნებით შთაგონებული სცენის დროც დადგა, რომელმაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. საინტერესოა, რამდენად მოულოდნელად გადაწყდა ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სცენის ბედი რიჩარდ კერტისის ოფისში.

აეროპორტის კადრები გადაღებულია ფარული კამერით

ჰითროუს აეროპორტში, მგზავრების ჩამოსვლისა და მათი დახვედრის კადრები სრულად ფარული კამერით არის გადაღებული. ამ კადრების მოპოვებას ერთი კვირა დასჭირდა. ფილმის DVD კომენტარში, მწერალი და რეჟისორი რიჩარდ კერტისი აღნიშნავს, რომ როდესაც ის და მისი გუნდი, რაღაც განსაკუთრებულს დააფიქსირებდნენ კამერებზე, მაშინვე იმ ადამიანებთან გარბოდნენ რათა მათგან ფილმში ამ მომენტების გამოყენების უფლება მიეღოთ.

ჰიუ გრანტს ცეკვა არ სურდა

„ის ძალიან შეწუხებული იყო ამ სცენის გამო“ - აღნიშნავს რეჟისორი. „მას [ჰიუს] სურდა, რომ მაქსიმალურად ბუნებრივად მოერგო პრემიერ მინისტრის როლი. ყველაზე დიდი პრობლემა მისთვის კი ცეკვა იქცა, რადგან ამის გაკეთება მინისტრის მანერით უბრალოდ არ შეეძლო. ეს მოემნტი რამდენჯერმე გადავიღეთ, ჰიუ კი მუდმივად უკმაყოფილო იყო. თავდაპირველად შერჩეული Jackson 5 სიმღერა შევცვალეთ და გადავწყვიტეთ, რომ სცენის კადრი მხოლოდ ბოლო დღეს გადაგვეღო. ამ მიდგომამ გაამართლა, მონტაჟისას ჰიუ მღეროდა“.

ზევით