#კინო

საიდან გვეცნობა „დრაკონის სახლის“ სამსახიობო შემადგენლობა?

გაზიარება:

„სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის გამოსვლიდან 3 წლის შემდეგ, HBO ლეგენდარული სერიალის პრიქველით დაგვიბრუნდა და „დრაკონის სახლის“ პრემიერის რეკორდებით, დღემდე გამოსული 3 ეპიზოდის მაღალი შეფასებებით, ჯორჯ მარტინის 2018 წელს გამოსული წიგნის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ადაპტაციას ჩვენთვის იმედები წამითაც არ გაუცრუებია. მეტიც, ამ 3 ეპიზოდზე დაყრდნობით, ორიგინალი სერიალის ერთგული მაყურებლები იზიარებენ იმ აზრს, რომ „დრაკონის სახლი“ „სამეფო კარის თამაშების“ ფატალური სეზონის შემდეგ ხსნადაც კი მოგვევლინა.

„დრაკონის სახლში“ მოქმედება ჩვენთვის ცნობილ სიუჟეტის ხაზამდე 200 წლით ადრე ვითარდება და ტარგარიანების დინასტიის ახალ თაობას გაგვაცნობს, რომლებიც ტარგარიანების ძლევამოსილების მწვერვალზე იმყოფებიან. მაგრამ მათ ვისაც „სამეფო კარის თამაშები“ უნახავს, ან მარტინის ფენომენალური წიგნები წაუკითხავს ეცოდინება, რომ ტარგარიანების გვარი საბოლოოდ ცეცხლისა და სისხლის მანტრაში იღუპება. დაღმასვლა კი სწორედ „დრაკონის სახლიდან“ იწყება, რომელიც საბოლოოდ შეშლილი მეფის, აირის ტარგარიენ II-ის დაბადებით, მისი ტირანული მმართველობითა და რკინის ტახტისთვის ომებით გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ „დრაკონის სახლისკენ“ იმთავითვე სკეპტიკური მზერა იყო მიპყრობილი, შოუმ გაამართლა და ამაში ლომის წვლილი პრიქუელის სამსახიობო გუნდს მიუძღვის. ვარსკვლავებითა და ახალბედა მსახიობებით დაკომპლექტებულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა უკვე მოახერხა მაყურებლის გულების დაპყრობა და თუ დღემდე ვერ გაგიგიათ საიდან გეცნობათ პრინცი დეიმონის, მეფე ვისერისისა თუ კორლის ველარიონის როლის შემსრულებლები, მაშინ გახსენებაში დაგეხმარებით.

მეთ სმიტი პრინცი დეიმონ ტარგარიანის როლში

„დრაკონის სახლის“ დრამის ცენტრში მდგომი პრინცი დეიმონ ტარგარიანის როლს ინგლისელი მსახიობი მეთ სმიტი ასრულებს. სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულები სმიტს - იგივე მეთერთმეტე ექიმს Doctor Who-დან უცილობლად იცნობენ. როლი, რომელიც მსახიობმა 2010 წლიდან 2013 წლამდე, 3 სეზონის განმავლობაში შეასრულა, მეთს ფართო აღიარება მოუტანა. ისტორიული დრამების გულშემატკივრებს სმიტი Emmy-ს ნომინაციის მომტანი პრინცი ფილიპის როლიდან უნდა გეცნობოდეთ The Crown-ში.

დიდ ეკრანზე მეთ სმიტის ყველაზე ცნობილი ფილმებია: Last Night in Soho, Terminator Genisys, Morbius და მრავალი სხვა.

პედი კონსიდინი მეფე ვისერის ტარგარიანის როლში

ყველასათვის სასურველ რკინის ტახტზე „დრაკონის სახლში“ მეფე ვისერის ტარგარიანი ზის, რომლის როლსაც ვეტერანი მსახიობი პედი კონსიდინი ასრულებს. ვესტეროსის გარეთ კონსიდინს ხანგრძლივი და მრავალფეროვანი კარიერა ჰქონდა, როგორც კინოში, ასევე ტელევიზიაში. მსახიობი ცნობილია ფილმ Tyrannosaur-ით, რომლის სცენარისტად და რეჟისორად პედი ერთდროულად გვევლინება. კონსიდინი ასევე თამაშობდა საიმონ პეგთან და ნიკ ფროსტთან ერთად ფილმებში: Hot Fuzz და The World's End.

ოლივია კუკი ალისენტ ჰაიტაუერის როლში

მიუხედავად იმისა, რომ „დრაკონის სახლის“ ყურადღების ცენტრში ტარგარიანების გვარია მოქცეული, ჩვენ აგრეთვე ვეცნობით ვესტეროსის მდიდარ ისტორიის მქონე ძლევამოსილ ოჯახებს, ერთ-ერთი მათგანი კი ჰაიტაუერების გვარია. უკვე დღესავით ნათელია, რომ ალისენტ ჰაიტაუერი და მამამისი ოტო ჰაიტაუერი, რომელიც იმავდროულად მეფის მარჯვენის მოვალეობას ასრულებს, სამეფო კარის ჩახლართულ თამაშებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. 

„დრაკონის სახლში“ ახალგაზრდა ალისენტის როლი ემილი ქერიმ მოირგო, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში მცირე დროში მოგზაურობით მეფის მეორე ცოლის როლში ოლივია კუკს ვიხილავთ, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილი BBC-ის მინისერიალებიდან: Blackout და Crickley Hall-დან გახდა. ოლივია აგრეთვე მონაწილეობდა ალფრედ ჰიჩკოკის შთაგონებულ შოუში სახელად Bates Motel და ისტორიულ დრამა Vanity Fair-ში.

სტივ ტუსენი კორლის ველარიონის როლში

რა იქნებოდა „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ იდუმალი მეომრის გარეშე? ეს ის არქეტიპია, რომელსაც ლორდ კორლის ველარიონი - ზღვის გველი ირგებს. „დრაკონის სახლში“ ყველაზე მეტად სწორედ მსახიობის სტივ ტუსენის გახსენება გვიჭირს, რადგან მისი გარდასახვა ბრწყინვალეა, თუმცა ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ მსახიობი ამ დრომდე უდავოდ სადღაც გვინახავს. სტივ ტუსენის ფილმოგრაფია აერთიანებს ისეთ ფილმებს, როგორებიცაა: Judge Dredd, Prince of Persia: The Sands of Time თუ Shooting Dogs, აგრეთვე მინისერიალებს: Broken News და Pine Gap-ს.

ემა დ'არსი პრინცესა რეინერა ტარგარიანის როლში

„დრაკონის სახლის“ კიდევ ერთი მთავარი პერსონაჟი, რომლის შეყვარებაც მაყურებელმა უკვე მოასწრო პრინცესა რეინერა ტარგარიანია, მეფე ვისერისის უფროსი შვილი და რკინის ტახტის მემკვიდრე, მეფემ რეინერა მემკვიდრედ სიცოცხლეში დაასახელა, თუმცა ეს მანამდე იყო, სანამ მას ვაჟი ეიგონი შეეძინებოდა. ახალგაზრდა რეინერას სერიალში ახალბედა მსახიობი მილი ალკოკი განასახიერებს, რომელსაც მაყურებელი სულ მალე დაემშვიდობება და გაიცნობს ემა დ'არსის, უკვე ზრდასრულ პრინცესას.

ემა დ'არსის შესაძლოა იცნობდეთ მინისერიალიდან Wanderlust, Amazon-ის თრილერიდან Hanna ან სულაც Truth Seekers-დან.

რის იფანსი ოტო ჰაიტაუერის როლში

„სამეფო კარის თამაშების“ მაყურებლება კარგად ვიცით რამდენად მნიშვნელოვანი მოვალეობაა მეფის მარჯვენას პასუხისმგებლობის აღება და ისიც, რომ ხშირად ეს სტატუსი რკინის ტახტის ირიბ მართვას გულისხმობს. „დრაკონის სახლის“ პირველივე სერიაში დავრწმუნდით, რომ საქმე სწორედ მსგავს შემთხვევასთან გვქონდა და რომ რეალურად ვესტეროსს ახლა ოტო ჰაიტაუერი მართავს.

ოტოს როლს სერიალში უელსელი მსახიობი რის იფანსი ასრულებს, რომელსაც Notting Hill-დან, Harry Potter-დან, The Amazing Spider-Man-დან, Temple-დან და Elementary-დან ვიცნობთ.

ზევით