#ლიტერატურა

„საბა“ 2022: წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენის გამარჯვებულები ცნობილია

გაზიარება:

გაულ ღამეს, მთაწმინდაზე, ფუნიკულიორზე ლიტერატურული პრემია „საბას“ მე-20 საიუბილეო დაჯილდოება გაიმართა. 2022 წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები ჟიურიმ 9 ნომინაციაში გამოავლინა, წელს პრემიაზე სხვადასხვა ჟანრის 230-მდე წიგნი იყო წარდგენილი.

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში თემო რეხვიაშვილმა და მისმა „კურიერის ამბებმა“ გაიმარჯვეს. ლაურეატის სიტყვით გამოსვლა განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ქართველი საზოგადოებისთვის.

„მინდა ეს ჯილდო მივუძღვნა ჩემს ემიგრანტ დედას და სხვა ემიგრანტ დედებს. ასევე მადლობა უმუშევრად დარჩენილ მამაჩემს, და სხვა მამებს, რომლებიც, ამ ქვეყანაში, სადაც პატიოსანი შრომით არსებობა შეუძლებელია, თავს ვერ იმკვიდრებენ.

რამდენიმე დღეში მეც დავტოვებ ქვეყანას, სადაც მედიკამენტების ხელოვნურად გაბერილი ფასები, ბანკების არანორმალურად მაღალი პროცენტები, შრომის კოდექსის უფუნქციობა და კიდევ მრავალი სხვა რამ გვაწამებს და ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს საქართველოს მოსახლეობის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას.

მივდივარ და ვიტოვებ იმედს, რომ ყველაფერი მალე შეიცვლება” – თქვა მწერალმა დაჯილდოების ცერემონიალზე.

წელს, უკვე მეორედ, ჟიურიმ ნომინაციაში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში გამარჯვებული გამოავლინა - პრემია „დიქტატურის გემოს“ ავტორს რუსუდან გორგილაძეს გადაეცა.

ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლიტერატურული პრემია „საბა“ 2022 გადაეცა საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ჟურნალ „არილს“.

წარმოგიდგენთ 2022 წლის „საბას“ გამარჯვებულთა სრულ სიას:

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

ნუგეშა გაგნიძე, „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“

წლის საუკეთესო პიესა

მანანა დოიაშვილი, „მეცამეტე თვე“

წლის საუკეთესო ესესიტიკა და დოკუმენტური პროზა

ლანა ღოღობერიძე, „ვისთვის გალობს შაშვი“

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

რატი რატიანი (ნინო სურამელაშვილი), „მკვლელობა სადგურის უბანში“

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

ლელა სამნიაშვილი, „ავირეკლოთ“

წლის საუკეთესო რომანი

არჩილ ქიქოძე, „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ და ირმა ტაველიძე, „ბნელ წყლებში“ 

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი

კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“

ზევით