#მუსიკა

„როკ-ენ-როლის დედოფალი“ სახელად ტინა ტერნერი

გაზიარება:

24 მაისს, ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა, ძლიერმა, მომნუსხველმა და მჭექარე ამერიკულმა ხმამ მარადიულ სიჩუმეში გადაინაცვლა. „როკ-ენ-როლის დედოფლის“ არაოფიციალური სტატუსის მატარებელი და ყველა დროის ყველაზე პოპულარული ქალი მუსიკოსი ტინა ტერნერი შვეიცარიაში, საკუთარ სახლში, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტერნერს 2016 წელს ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, 2017 წელს კი მას თირკმლის გადანერგვა დასჭირდა.

ბოლო 7 წლის განმავლობაში, ტინა ტერნერი ამაყად ებრძოდა ერთ-ერთ ყველაზე მტანჯველ და მტკივნეულ დაავადებას, მაგრამ ბრძოლა და დაბრკოლებების გადალახვა ხომ ის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო ცხოვრებაში, რაც „როკ-ენ-როლის დედოფალს“ საუკეთესოდ გამოსდიოდა.

„საშინელი ცხოვრება მქონდა, მე უბრალოდ სვლას ვაგრძელებდი, შენ უბრალოდ უნდა განაგრძო ცხოვრება და გქონდეს იმედი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება“ - დიდებამდე ბევრი წლით ადრე, ტენესის შტატში, სოფელ ნუტბუშში, 1939 წლის 26 ნოემბერს დაბადებულ ანა მეი ბალოკს ბავშვობიდანვე რთული ცხოვრება ხვდა წილად. მამა ოჯახზე სისტემატურად ძალადობდა, დედამ წნეხს ვეღარ გაუძლო და ანა (მომავალში მსოფლიოსთვის ცნობილი, როგორც ტინა ტერნერი) და მისი დები მიატოვა, გოგონები საცხოვრებლად ბებიასთან გადავიდნენ და გარკვეულ ასაკამდე, თუმცა არა სრულწლოვნებამდე მასთან ცხოვრობდნენ.

16 წლის ასაკში, ტინა, სენტ-ლუისში, მისურიში გადადის საცხოვრებლად, სადაც მისი ცხოვრების ახალი ტკბილ-მწარე თავი იწყება და ყველაფერი თავდაყირა დგება. 1956 წელს, ტინამ ღამის კლუბში შემსრულებელი ბენდის Kings of Rhythm-ის სოლისტი აიკ ტერნერი გაიცნო და მალევე შეუერთდა მის ბენდს. საბედისწერო შეხვედრამ ანა მეი ბალოკისგან ტინა ტერნერი წარმოშვა, თინეიჯერ ტინას თავდავიწყებით შეუყვარდა აიკი, რომელიც იმ პერიოდში უკვე სარგებლობდა პოპულარობით, ისინი მალევე დაქორწინდნენ და თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, დუეტში (Ike & Tina Turner Revue) წერდნენ და ასრულებდნენ ისეთ ჰიტებს, როგორებიცაა: It's Gonna Work Out Fine, River Deep - Mountain High, Proud Mary და Nutbush City Limits; თუმცა მუსიკალური დუეტიც და წყვილიც 1976 წელს დაიშალა, ამ წელს, ტინა ტერნერმა სამუდამოდ დააღწია თავი მოძალადე ქმარს და წლების შემდეგ, ინტერვიუში არ დაუმალავს, რომ სახლიდან გაქცევის დროს მას აღარ ეშინოდა იმის, რომ აიკი მას იპოვიდა და მოკლავდა, რადგან შინაგანად უკვე მკვდარი იყო.

1986 წელს გამოსულ ავტობიოგრაფიულ წიგნში,სახელად I, Tina, ტინა დეტალურად აღწერდა იმ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობრივ ურთიერთობას, რომელშიც წლები გაატარა, სწორედ ეს წიგნი დაედო საფუძვლად ტინა ტერნერის შესახებ, 1993 წელს გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმს What's Love Got Do With It.

და ტინა არც მარწუხებიდან თავის დაღწევის შემდეგ გაჩერებულა, განქორწინებიდან მალევე ტერნერმა, პოპ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი „ქამბექი დადო“, როდესაც სცენას სოლო შემსრულებლად დაუბრუნდა და საკუთარი წარმატების და დიდების წერა მხოლოდ საკუთარ თავს მიანდო. ფენიქსივით ფერფლიდან აღმდგარმა ტინა ტერნერმა გამოუშვა ყველასათვის საყვარელი ჰიტები: What's Love Got To Do With It, Private Dancer და The Best, მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული 180 მილიონზე მეტი ალბომით იქცა ცოცხალ ლეგენდად, რომელსაც მილიონები ეთაყვანებოდნენ, საკუთარ ბრწყინვალე კარიერას ჯამში 12 გრემის ჯილდო მოუტანა და არასოდეს დაუხრია თავი პრობლემებისთვის.

2013 წელს ტინა ტერნერმა, 27-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერვინ ბახზე იქორწინა, 2018 წელს გამოცემულ მემუარებში ტინა წერდა, რომ როდესაც თირკმლის გადანერგვის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდა, ერვინმა მას დონორობა დაუფიქრებლად შესთავაზა, ტინა მემუარებში წერდა, რომ გაოგნებული იყო ამ შემოთავაზების გამო. ერვინი ტინასთვის შეთავსებადი დონორი აღმოჩნდა, ოპერაციის წყალობით, ტერნერმა კიდევ რამდენიმე წელს ბედნიერად იცხოვრა შვეიცარიის სახლში.

ზევით