#UKRAINE

პრაღის ცენტრში უკრაინელი დედებისთვის მიძღვნილი სკულპტურა გამოჩნდა

გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ პრაღის ქუჩებში, ჩეხი არტისტის ვერონიკა ფსოტკოვას სკულპტურა გამოჩნდა, რომელიც ხელოვანმა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ დედებს მიუძღვნა. თხელი ლითონისგან დამზადებული ფუტურისტული სკულპტურა ჰაერში რამდენიმე მეტრის სიმაღლეზეა გამოკიდებული.

ტრადიციულ უკრაინულ სამოსში გამოწყობილი ქალის სკულპტურას, რომელსაც აგრეთვე ტრადიციული უკრაინული თავსაბურავი ამშვენებს, ვერონიკამ „გვირგვინი“ უწოდა. თავსაბურავის სახელად ვინოკის ქსოვის კულტურა ჯერ კიდევ წარმართულ პერიოდში იღებს სათავეს. ამ დეკორატიულ ნივთს, როგორც საგაზაფხულო ფესტივალებისა და ბანაობის ფესტივალების ატრიბუტს, უკრაინელებისთვის ჯადოსნური მნიშვნელოვა ჰქონდა. დროთა განმავლობაში ვინოკი თაყვანისცემისა და დედამიწის სიმბოლოდ იქცა.

უკრაინელი ერის კულტურის განუყოფელ ნაწილს მზის სიმბოლიკაც ჰქონდა, გოგონა თავსაბურავით უკრაინელებისთვის ამომავალ მზეს წარმოადგენდა. ის ასევე არის დიდების, გამარჯვების, ბედნიერების, წარმატების, მშვიდობის, უმანკოების, ახალგაზრდობისა და ქალურობის სიმბოლო.

1981 წელს დაბადებული ვერონიკა ფსოტკოვას ხელწერა პოპკულტურის ძლიერ გავლენას განიცდის. ფიგურულ ხელოვნებაზე ორიენტირებული მოქანდაკისთვის გენდერული თემები, სხეულის ესთეტიკა და ადამიანური კომუნიკაციის საშუალებები შთაგონების მთავარ წყაროებად იქცა. 

ვერონიკას ნამუშევრების უდიდესი ნაწილი სწორედ მავთულის ფიგურის კომპოზიციებით არის წარმოდგენილი. ხელოვანისთვის ყველაზე აღმაფრთოვანებელი უშუალოდ სკულპტურებზე მუშაობის პროცესია, თუმცა იმის ხილვა თუ რა გავლენას ახდენს მისი ნამუშევრები მნახველზე, ეს მისთვის მოტივაციის უშრეტი წყაროა.

ზევით