#კინო

10 პოლიტიკური დრამა, რომლებსაც "პოლიტიკურ სეზონზე" უნდა უყუროთ

გაზიარება:

| თორნიკე ჯანელიძე |

2024 წელი არჩევნების ჩატარების კუთხით რეკორდული წელი იქნება. პოლიტიკის ინსტიტუტის, ამერიკული პროგრესის ცენტრის ცნობით, მსოფლიოს 50 ქვეყანაში, არჩევნებში მიღების მონაწილეობის საშუალება 2 მილიარდზე მეტ ამომრჩეველს ექნება (დიახ, რა თქმა უნდა, რუსეთში გამართული არჩევნები სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ). წინ აშშ-ის, ინდოეთის, მექსიკის, სამხრეთ აფრიკისა და სხვა ქვეყნების საარჩევნო ციებ-ცხელებაა. სიაში საქართველოცაა, მიმდინარე წლის ოქტომბერში პარლამენტის დაკომპლექტების ბედი გადაწყდება. ხოლო, ჩვენი საარჩევნო კატალოგის გათვალისწინებით, წინ ჩვეულზე ცხელი ზაფხული გველის.

ამ სტატიით შევეცდებით პოლიტიკისა და სერიალების მოყვარულები გავაერთიანოთ. ჩვენს სიაში ისეთი პოპულარული დრამები, როგორებიცაა House of Cards, The Crown ან Scandal შეგნებულად არ მოვახვედრეთ. დღეს ნაკლებად ცნობილ, თუმცა ხარისხიან და თავშესაქცევ შოუებს შემოგთავაზებთ.

10. Ingobernable - შეუსაბამო (ესპანურად)

საპრეზიდენტო წყვილი საკუთარ ქვეყანას მშვიდობისკენ უბიძგებს, მაგრამ მათი მისია რთულდება, რადგან გაუთვალისწინებელი გამოწვევები ჩნდება და დიდი სკანდალიც იწყება. მექსიკის პირველი ლედი იდეალისტი ქალია. როდესაც ის საკუთარი ქმრის რწმენას დაკარგავს, მთელ ძალისხმევას ჭეშმარიტების გამოვლენისკენ მიმართავს. მექსიკური დრამა ნეტფლიქსის პროექტია, მაგრამ სანამ ყურებას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ, რომ სერიალის მესამე სეზონი „პოლიტიკური მიზეზებით“ აღარ დამტკიცდა.

9. Marseille - მარსელი

ამბავი ძალაუფლების, კორუფციისა და გამოსასყიდის შესახებ, რომელშიც მოქმედება საფრანგეთის საპორტო ქალაქ მარსელის მდიდარ წრეებში ვითარდება. მარსელის როლს ჟერარ დეპარდიე ასრულებს, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია, იცის როგორ მართოს ქალაქი, როგორ დაიცვას ბალანსი საზოგადო და კრიმინალურ ცხოვრებას შორის. 

8. The Politician's Husband - პოლიტიკოსის ქმარი

ეს გახლავთ პოლიტიკური დრამა ორი პოლიტიკოსის ქორწინების შესახებ. რა ხდება მაშინ, როდესაც ცოლის კარიერა ქმრის კარიერას ჩრდილავს? 2013 წლის სერიალში კარგად არის ნაჩვენები ძლიერი ქალის პიროვნება, მით უფრო ისეთ დაუნდობელ სფეროში, როგორიც პოლიტიკაა. ქმრის მთავარ როლს ბრიტანული დასის გამორჩეული მსახიობი, დეივიდ ტენეტი ასრულებს. 3 საათიანი დრამა პოლიტიკის მოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს.

7. Political Animals - პოლიტიკის ცხოველები

ლეგენდარული სიგურნი ვივერი განქორწინებული და ყოფილი პირველი ლედია, ამჟამად კი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებს. ის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საკითხებს აგვარებს და ამავდროულად ცდილობს შეინარჩუნოს ოჯახი. მსახიობთა შემადგენლობაში ოსკაროსანი ელენ ბარსტინი, კიარან ჰინდსი, კარლა გუგინო, სებასტიან სტენი და სხვები შედიან.

6. Roadkill - ავტოსაგზაო შემთხვევა

იუსტიციის მინისტრი, პიტერ ლორენსი დამოუკიდებელი, ძლიერი და ქარიზმატული პოლიტიკოსია, რომელსაც პირადი ცხოვრება თავზე ენგრევა. ამის მიუხედავად მას არ აწუხებს სინდისი. მთავარ როლს განუმეორებელი ჰიუ ლორი ასრულებს. სერიალი ბრიტანულია და სიუჟეტიც დაუნინგ სტრიტზე ვითარდება. ქალის წამყვან როლს „ალესილი კეპებში“ მამიდა პოლის შემსრულებელი - ჰელენ მაკრორი ირგებს.

5. This England - ეს ინგლისი

ბიოგრაფიული დრამა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც მსოფლიო კორონა ვირუსის პანდემიის წინაშე დადგა. სახასიათო პრემიერის როლს კინიტ ბრანაგა ირგებს, რომელიც, უნდა აღინიშნოს, რომ სერიალისათვის მართლაც ძალიან დაემსგავსა რეალურ ფიგურას. სერიალს ბრიტანულ პრესაში კრიტიკა მოჰყვა, თითქოს დრამა რეალურ სურათს ბოლომდე არ ასახავს, მაგრამ იშვიათია თანამედროვე, ცოცხალ, თანაც პოლიტიკოსებზე გადაიღო შოუ და ვინმეს კითხვები არ გაუჩნდეს.

4. The Regime - რეჟიმი

ამ მინი სერიალში ქეით უინსლეტი (ვერნჰემი) ცენტრალური ევროპის უსახელო ერის კანცლერის როლს ასრულებს, რომელიც სასახლის კედლებს მიღმა იშლება. HBO-მ ახალი დრამა შემოგვთავაზა, რომელიც შავი იუმორისა და სატირის ჟანრშია გადაღებული. შემქმნელებმა ნათლად დააფიქსირეს, რომ სერიალი რეალურ პიროვნებებზე, ან ქვეყანაზე დაყრდნობით არ გადაუღიათ. სერიალში აქცენტი ავტორიტარიზმის არა მატერიალურ მხარეზე, არამედ მის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე კეთდება.

3. The Diplomat - დიპლომატი

The Americans-ში შესრულებული დასამახსოვრებელი როლის შემდეგ, კერი რასელი ახალ პოლიტიკურ სერიალში გვევლინება. “დიპლომატი” საერთაშორისო კრიზისის შუაგულში მყოფი, ქეიტ უაილერის, აშშ-ს კარიერული დიპლომატის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც წილად განსაკუთრებით რთული სამუშაო ხვდება. ქეიტის გამოცდილებასა და ფიგურას აღნიშნული თანამდებობა არ შეეფერება, მაგრამ ის მაინც იკავებს დიდ ბრიტანეთში აშშ-ს ელჩის პოზიციას. ქეიტის ქმარი ასევე ცნობილი და გავლენიანი დიპლომატია, ამიტომ მთავარი როლის შემსრულებელს რთულ სამუშაოსთან ერთად, ექსცენტრული ქმრის ეგოსთან გამკლავება უწევს. „დიპლომატის“ მეორე სეზონის დამტკიცება იოლი საქმე იყო, თუმცა გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგანაც გადაღების პროცესი 2023 წელს სცენარისტებისა და მსახიობების გაფიცვამ შეაჩერა. სავარაუდოდ, მეორე სეზონს 2024 წლის ბოლოს, ან 2025 წლის დასაწყისში უნდა ველოდოთ.

2. The White House Plumbers - თეთრი სახლის სანტექნიკოსები

თუ კი ისტორიაში მოგზაურობაც გიყვართ, 2023 წლის ეს დრამა თქვენთვისაა. ხუთ ეპიზოდიანი შოუ ნამდვილ ისტორიას ეფუძნება და მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ დაამხვეს ამერიკის 37-ე პრეზიდენტი, რიჩარდ ნიქსონი საკუთარმა პოლიტიკურმა დივერსანტებმა და უოტერგეიტის შემოქმედებმა, ჰოვარდ ჰანტმა და გორდონ ლიდიმ, თუმცა მათი განზრახვა საპირისპირო იყო. რიჩარდ ნიქსონი აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც ვადამდე ადრე გადადგა (თვითონ რომ არ გადამდგარიყო, აუცილებლად გახდებოდა პირველი პრეზიდენტი, რომელიც იმპიჩმენტის წესით იქნებოდა პოსტიდან გადაყენებული). სერიალში მთავარ როლებს ვუდი ჰარელსონი და ჯასტინ ტერუ ირგებენ. მათთან ერთად დრამაში დაუვიწყარი სერსეი ლანისტერის როლის შემსრულებელი - ლინა ჰიდი მონაწილეობს, რომელიც ვუდი ჰარელსონის ცოლს ასახიერებს.

1. Years and Years - წლები და წლები

სერიალში მოქმედება 2019 წელს იწყება და მთავარ გმირებს სწრაფი ტემპით უბიძგებს არასტაბილურ მომავალში, რომელშიც დონალდ ტრამპი მეორე ვადით ხდება პრეზიდენტი და ყველგან უმეცარი პოპულისტები არიან ხელისუფლებაში. უკვე დაგვიანებულია გლობალური დათბობის ზემოქმედების შეცვლა და ეკონომიკაც სწრაფად იშლება. სიუჟეტის მთავარი მესიჯი კი ის გახლავთ, თუ როგორ შეიძლება ჯანსაღი საზოგადოება ჩამოიშალოს 15 წლიან პერიოდში. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ სერიალის ჟანრი ნაწილობრივ სამეცნიერო-ფანტასტიკაა, ყველა სხვა სატირულ დიალოგთან ერთად, სცენარისტებმა ტექნოლოგიების გიჟური განვითარებაც „გვიწინასწარმეტყველეს“. თუ მზად ხართ 6 ეპიზოდისაგან შემდგარ დრამას შეეჭიდოთ, მაშინ „წლები და წლები“ საუკეთესო არჩევანია.

 

ზევით