#კინო

პენელოპე კრუსი პედრო ალმოდოვართან მისტიკურ კავშირზე და „პარალელური დედებზე“

გაზიარება:

„როდესაც უკან ვიხედები, ეს ყველაფერი ტანჯვად აღარ მახსენდება“ - აცხადებს პენელოპე კრუსი პედრო ალმოდოვარის ახალ ფილმ „პარალელური დედებში“ შესრულებულ როლზე საუბრისას, „რადგან ჩემთვის ის ცოცხალი იყო“.

მეშვიდე საერთო ფილმზე მუშაობა მათთვის მისტიკური კავშირით იყო გაჯერებული და თითქოს, მსახიობსა და რეჟისორს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ, თუმცა ეს კავშირი არა ერთად გატარებულმა დრომ ან მათმა საერთო პროექტებმა, არამედ ათწლეულების წინ სატელეფონო ზარმა განსაზღვრა, რომელმაც ამ უზარმაზარ სამყაროში ორი მონათესავე სული დააკავშირა.

მადრიდში მცხოვრები, ახალგაზრდა პენელოპე ხშირად უყურებდა Betamax-ის ფირებს და მხოლოდ ოცნება შეეძლო იმაზე, რომ ოდესმე გენიალური ესპანელი რეჟისორი თავის ფერად სამყაროში ადგილს კრუსისთვისაც გამოძებნიდა და მასში შეიპატიჟებდა და როდესაც ოცნება რეალობად იქცა, როდესაც ის საბედისწერო სატელეფონო ზარი შედგა, ორივემ ზუსტად იცოდა, რომ მათი თანამშრომლობა დროსა და გამოწვევებს გაუძლებდა.

„ძნელია ახსნა ეს ყველაფერი ისე, რომ უცნაურად არ ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, ვგრძნობთ ერთმანეთს და ერთმანეთის აზრების წაკითხვაც შეგვიძლია“ - განუცხადა ალმოდოვარმა კრუსს.

რაოდენ მისტიკურიც არ უნდა ყოფილიყო პირველი სატელეფონო ზარი, მას არ შესწევდა იმის უნარი, რომ 18 წლის პენელოპე კრუსისთვის 35 წლის ქალის როლი მოერგო. მომდევნო რამდენიმე წელი პენელოპემ კვლავ ალმოდოვარის ფილმში ოდესმე მონაწილეობის იმედით გაატარა, როგორც მსახიობი ამბობს, ის ხშირად დადიოდა კინოთეატრებში და იმ ადგილებში, სადაც პედრო ალმოდოვარის სილუეტს მოკრავდა თვალს.

რას აკეთებთ, როდესაც გრძნობთ, რომ კავშირი ერთდროულად ბუნებრივიცაა და არაბუნებრივით? თუ პენელოპე და პედრო ბრძანდებით, მაშინ ამ კავშირს არაფრის დიდებით არ უარყოფთ, იპოვით საჭირო დროს და დაიწყებთ მრავალწლიან თანამშრომლობას, რომელსაც ისეთი დიდებული რამის შექმნა შეუძლია, როგორიც მათი უკანასკნელი ნამუშევარი „პარალელური დედებია“.

„პენელოპეს ბრმა რწმენა აქვს ჩემ მიმართ", - წერს ალმოდოვარი ვრცელ წერილში. ”ის დარწმუნებულია, რომ მე უკეთესი რეჟისორი და მწერალი ვარ, ვიდრე სინამდვილეში. ეს ბრმა რწმენა თავდაჯერებულობით მავსებს... მან დაამყარა იმდენად ღრმა რწმენა ჩემ მიმართ, რომ ეს ძალა საშუალებას აძლევს ჩემთან გააკეთოს ისეთი რაღაცები, რასაც სხვა რეჟისორთან ვერ გაბედავდა“.

„პარალელური დედების“ გადაღების იდეა პედრო ალმოდოვარს 1999 წელს დაებადა, რასაკვირველია, გეგმების შესახებ მან პენელოპესაც გაუმხილა, რომელთანაც უკვე 2 საერთო პროექტი აკავშირებდა. 2 ათწლეული დასჭირდათ რეჟისორსა და მის მარადიულ მუზას ფილმის გადასაღებად და დღეს, როდესაც „პარალელური დედებს“ ვუყურებთ, ვერავინ წარმოგვიდგენია ჯენისის როლზე პენელოპეს გარდა.

შემთხვევითი არ გახლავთ ის ფაქტი, რომ ლეგენდარული ესპანელი რეჟისორი პენელოპესთვის დედის როლს ხშირად არჩევს. პედრო ალმოდოვარი აღმერთებს კრუსს როგორც მსახიობს და როგორც დედას, მან ზუსტად იცის თუ რა ძლიერი კავშირი აქვს პენელოპეს შვილებთან და რამდენად აღმერთებს ის ბავშვებს. 

„პარალელურმა დედებმა“ და მასთან ერთად პენელოპე კრუსმა უკვე მოიპოვეს რამდნიმე პრესტიჟული ჯილდო და კინოკრიტიკოსები მსახიობს ქალის კატეგორიაში შესრულებული როლისთვის, ოსკარის ნომინაციასაც უწინასწარმეტყველებენ, ნომინატთა სრული 2022 წლის 8 თებერვალს გამოქვეყნდება, ერთად დაველოდოთ შეძლებს თუ არა ესპანელი ლამაზმანი რიგით მე-4 ნომინაციის მოპოვებას.

ზევით