#წიგნების თარო

პატარა პრინცის ჯადოსნურობა

გაზიარება:

არის წიგნები, რომელიც შენ გიყვარს და არის ისტორიები, რომელიც მთელს სამყაროს უყვარს. „პატარა უფლისწული“ სწორედ ასეთებს მიეკუთვნება.

რა არის ჯადოსნურობის ის კოდი, რომელიც ამ ნაწარმოებშია ჩადებული, რომ ერთნაირად ყველას, დიდსა და პატარას გვიყვარს?! რთული სათქმელია, მაგრამ ალბათ ეს ის ბავშვური მიამიტობაა, რომლითაც ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ეგზისტენციალიზმის მთავარ პრინციპებს გვიხსნის. გერმანელმა ფილოსოფოსმა მარტინ ჰაიდეგერმა „პატარა უფლისწულს" მეოცე საუკუნის ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთ უდიდესი ნამუშევარი უწოდა. და ამაზე, ჩვენც ყველა ერთხმად ვთანხმდებით, „პატარა უფლისწული“ მეტია ვიდრე საბავშვო ზღაპარი.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერიმ შექმნა ზღაპარი და თანამედროვე კლასიკის სანიმუშო მაგალითი გასული საუკუნის 40-იან წლებში. Le Petit Prince ფრანგულ ენაზე გამოიცა, თუმცა ასობით ენაზეა თარგმნილი და 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მთელს მსოფლიოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ციცქნა ბიჭის, პატარა უფლისწულის ისტორია, რომელიც სამყაროს ირგვლივ მოგზაურობს სიბრძნის მოსაპოვებლად, ერთ – ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია წიგნების ისტორიაში.

და მაინც, რისი თქმა სურდა ფრანგ პილოტსა და მწერალს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის მკითხველისთვის, რომელმაც შეთხზა ისტორია ოქროსთმიან ბიჭუნაზე, ამპარტავან ვარდზე და ერთგულ მელიაზე? ან რატომ უწოდებენ ამ ზღაპარს ავტობიოგრაფიულს?

ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც, მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს.

ბავშვობაში „პატარა უფლისწულის“ ავტორს ტონიოს ეძახდნენ. არისტოკრატების ვაჟმა ბედნიერი წლები გაატარა სენ-მორის-დე-რემანსის სასახლეში, სადაც ზაფხულის პერიოდში ეხმარებოდა მებაღეს ყვავილების მოვლაში, წაბლის ტყეში ლოკოკინების გარბენს აწყობდა, ხოლო საღამოობით ბაყაყების ყიყინის ფონზე, თვალს ადევნებდა, თუ როგორ ანთებდა სენ-მორისის მეფარნე სანათებს. გავა წლები და ამ უდარდელ დროს გაიხსენებს ეგზიუპერი გრძელი ფრენებისა და შორეულ ქვეყნებში მოგზაურობის დროს, როდესაც მას  შეერთებულ შტატებში იძულებითი ემიგრაცია მოუწევს, გერმანიის ჯარების მიერ საფრანგეთის ოკუპაციის გამო. „დარწმუნებული არ ვარ, რომ ბავშვობის შემდეგ მიცხოვრია”, - ამბობს მწერალი დედასთან გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში. მოგვიანებით, ყველა ამ მოგონებას თუ პირად ისტორიას „პატარა უფლისწულის“ ფურცლებზე გადაიტანს მფრინავი მწერალი, მთავარი ადამიანი, კი ვინც მას ამაში უბიძგებს ის პატარა ამპარტავანი ვარდია, რომელიც არგენტინაში ყოფნისას გაიცნობს მწერალი და „პატარა უფლისწულის“ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად და საკუთარ მეუღლეს აქცევს. 

მწერალი თავის ვარდთან ერთად
მწერალი თავის ვარდთან ერთად

პატარა უფლისწულის პლანეტაზე ყოველთვის ხარობდნენ უბრალო ყვავილები, რომლებსაც ფურცლები მხოლოდ ერთ წყებად ჰქონდათ, ძალიან მცირე ადგილი ეკავათ და არავის აწუხებდნენ თავიანთი არსებობით. ერთ დილას კი თესლიდან, რომელიც არავინ იცის, საიდან გაჩნდა პატარა უფლისწულის პლანეტაზე, მოულოდნელად ახალი ყლორტი ამოიზარდა. პატარა უფლისწული ყურადღებით დააცქერდა ახალ მორჩს, რომელიც მისი პლანეტის არცერთი სხვა მცენარის ღეროს არ ჰგავდა. 

ზევით