ოლიმპიური თამაშების პარალელურად, კულუარებში ფოტოგრაფების მარათონი მიმდინარეობს. მედლების ნაცვლად კი მსოფლიო აღიარება გაიცემა. ჯერ-ჯერობით ფრანგი ფოტოგრაფი, ჟერომ ბრუიე ლიდერობს.
“დაფა და სერფერი - ეს ნამდვილი პლანეტების განლაგებაა” - ჟერომ ბრუიე, ფრანგი ფოტოგრაფი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე კარიერის მთავარი ფოტო გადაიღო.
ბრაზილიელი სერფერის ზღაპრული კადრი ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა. ის ზოგს ფოტოშოპის, ზოგსაც ხელოვნური ინტელექტის ნახელავი ეგონა.
მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ჰაერში “მდგომი” სერფერი, გაბრიელ მედინა, რომელიც ცაში თითს იშვერს, ტალღიდან ახალი გამოსული იყო, როცა ფრანგი ფოტოგრაფის ობიექტივში აღმოჩნდა. ჟერომი ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ფოტოს სიდიადე იმ წამს თავადაც ვერ გაიაზრა.
მედიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გემბანზე სერფერების გამოჩენას ჩასაფრებულმა ფოტოგრაფმა 4 კადრი გადაიღო, რომელიც ავტომატურად Agence France-Presse-ის რედაქციას გადაეგზავნა. სულ რამდენიმე წუთში ჯერემის ტელეფონმა გაუჩერებლივ ვიბრაცია დაიწყო. ფოტო სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელებული იყო. ბრაზილიური მედიის ინსტაგრამ გვერდზე მედინას ფოტოს ათასობით მოწონება ჰქონდა, ფოტოგრაფს კი სამი ათასი ახალი გამომწერი მოემატა და მეილი ჟურნალისტების გზავნილებით აივსო.
ფოტოზე ბრაზილიელი ოლიმპიელი გაბრიელ მედინაა აღბეჭდილი. სერფერმა, მეტსახელად "ჯადოქარმა” 29 ივლისს Teahupo’o-ში გამართულ სერფინგის ტურნირში იასპარეზა. მედინას გაუმართლა და ოლიმპიური დღის საუკეთესო ტალღა დაიჭირა. სერფერმა ეს შანსი იდეალურად გამოიყენა და ოლიმპიური სერფინგის ისტორიაში ყველაზე მაღალი, 9.9 ქულა (მაქსიმუმი 10 ქულაა) მოიპოვა. ხუთშაბათს მედინა ასევე ბრაზილიელ სერფერს, ჟოაო ჩიანკას დაუპირისპირდება. დღის საოცარი კადრი გაბრიელ მედინამ თავის ინსტაგრამ გვერდზეც გააზიარა. მედალს აიღებს თუ ვერ აიღებს, ის სოციალური მედიის ფავორიტი უპირობოდ დარჩება. ჟერომის ფოტოს უკვე 6 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.
ჟერომი აღნიშნავს, რომ ეს წარმატება გუნდური მუშაობის დამსახურებაა. მაშინ, როცა ჟერომი ჯერ კიდევ ტაიტის ტალღებზე მოცურავე პრესისთვის განკუთვნილ გემში იჯდა, AFP-ს რედაქტორმა ფოტოს სიდიადე მაშინვე შენიშნა და ის წამებში გამოაქვეყნა. ბრუიე Teahupo'o-ს კარგად იცნობს. ის ტაიტიზე საცხოვრებლად 10 წლის წინ, მარსელიდან გადავიდა. ფოტოგრაფი ფრანგულ მედიასთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს. თავადაც სერფინგითაა დაკავებული, მაგრამ მისთვის Teahupo'o-ს პატარა ტალღებიც კი საშიშად გამოიყურება. მას რისკზე წასვლა არ უყვარს. სამაგიეროდ რისკსა და უზარმაზარ ტალღებს ბრაზილიელი მედინა არ უშინდება, ჟერომი კი გასაოცარი კადრების აღბეჭდვისთვის მუდმივ მზადყოფნაშია.
„ცხოველების ფერმა“ არის წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო თუ კი გინდა თვალებში ჩახედო მმართველობის ყველაზე საშიშ ფორმას და ამოიცნო იგი შენივე ქვეყანაში. ნაწარმოების ყველა წინადადება ალეგორიულად ეხმიანება ჩვენს რეალობას, აწმყოსა თუ წარსულს, ამიტომ უკეთესი მომავლისთვის იცნობდეთ და გიყვარდეთ ჯორჯ ორუელი.
Academy Museum-ში გამართულ კინემატოგრაფიის დღესასწაულის ფონზე გაშლილი წითელი ხალიჩა კაშკაშა ვარსკვლავებმა დაიპყრეს. ერთად გადავავლოთ თვალი ჰოლივუდის გამორჩეული სახეების ავანგარდულ, გლამურულ თუ სადა და ელეგანტურ ლუქებს.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.