#მუსიკა

ოპერის ქალღმერთი, სახელად მარია კალასი

გაზიარება:

ხელოვანად ან იბადები ან არა, არ აქვს მნიშვნელობა თუ შენს ხმას ძველებურად ფურორის მოხდენა აღარ შეუძლია, ხელოვანი შენში მაინც განაგრძობს ცხოვრებას - მარია კალასი

არაფერი ასახავს მეოცე საუკუნის საოპერო სამყაროს ყველაზე ცნობილი ქალის ცხოვრებას ისე, როგორც ზემოთ ხსენებული მისივე სიტყვები. 1923 წლის 2 დეკემბერს სამყაროს მარია ანა სოფია სესილია კალოგეროპულოსი მოევლინა - ქალი, რომელიც სამყარომ მარია კალასის სახელით შეიყვარა და საოპერო სამყაროს მოვლენა, რომელმაც თავისი ფენომენალურობით, ინტელექტით, ქარიზმითა და საშემსრულებლო მანერით ყველა ერთიანად აღაფრთოვანა.

მარია კალასი არ გახლდათ უბრალოდ ოპერის მომღერალი, ის იყო ქალი, უდიდესი მუსიკოს-შემსრულებელი, რომელიც ოდესმე დაბადებულა ამ ქვეყნად, La Divina - ღვთაება, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ხელოვნების განვითარების საქმეში და რომელიც თავბრუდამხვევ წარმატებასთან ერთად მხრებით დიდ უბედურებასაც დაატარებდა.

ასეთი იყო მისი ხვედრი. მარია კალასი უსიყვარულოდ დაიბადა ოჯახში და მასზე უარს თავად მისი მშობელი დედა ამბობდა, დარჩენილი ცხოვრება კი ამ ნაკლული სიყვარულის ძებნაში გაატარა და ვინ იცის, იქნებ ის არისტოტელე ონასისთან იპოვა კიდეც, თუმცა ეს ყველაფრის ფასად დაუჯდა.

საოპერო სამყაროს დივას ისტორიის თხრობა მისი ამ ქვეყნად მოვლინებით უნდა დავიწყოთ. ამერიკაში, ბერძენი ემიგრანტების ოჯახში მარია ანა სოფია სესილიას დაბადებამდე დიდი ტრაგედია დატრიალდა. კალასის მშობლებმა ვაჟი დაკარგეს და მარიას დაბადებას მხოლოდ იმიტომ ელოდნენ, რომ ეგონათ ის ბიჭი იქნებოდა, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა. განსაკუთრებით იმედგაცრუებული ჩანდა მარიას დედა, რომელმაც თავისი გულგრილობითა და უსიყვარულობით, ოპერის ლეგენდის ცხოვრებას ის დაღი დაასვა, რომელიც მარიამ ცხოვრების ბოლომდე ვერ მოიშორა.

მშობლები მალევე განქორწინდნენ, მარია და მისი უფროსი და დედასთან ერთად საბერძნეთში დაბრუნდნენ. სწორედ აქ იწყებს მარია კალასი მუსიკალური განათლების მიღებას და ნელნელა ყალიბდება ვარსკვლავად, რომლის ციალიც არც მისი გარდაცვალების შემდეგ გამქრალა. 

ვენეციის თეატრში მიწვევის პატივთან და სიხარულთან ერთად, მარიას ცხოვრებაში მოულოდნელად ახალი ეტაპი დაიწყო. კალასმა მისი თაყვანისმცემელი - მდიდარი მეწარმე, ჯოვანი ბატისტა მენეგინი გაიცნო, რომელსაც მომავალში საკუთარი ცხოვრება დაუკავშირა. მარიას პირველმა ქმარმა ყველაფერზე თქვა უარი, რათა მის გვერდით ყველაზე სასურველი ქალი ყოფილიყო. მარიასაც აბედნირებდა ჯოვანის ეს დამოკიდებულება მის მიმართ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქორწინებიდან რამდენიმე წელიწადში, მარია კალასმა თანამემამულე მილიარდერი, არისტოტელე ონასისი გაიცნო. ეს შეხვედრა ოპერის დივასთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან გრძნობამ, რომელიც იმ დღეს არისტოტელეს მიმართ გაუჩნდა, მარიას ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მარიამ არისტოტელესთვის დათმო ყველაფერი, თავისი ქორწინება, ხმა, კარიერა, დედობის სურვილიც კი. საპასუხოდ კი ვერასდროს დაიბრუნა მცირედიც კი, რაც მეუღლისთვის გასცა.

მარია კალასისა და არისტოტელე ონასისის სიყვარულის ტრაგიკულ ისტორიას,  რომელიც მტკივნეული ცხოვრებისეული ფაქტებითა და პირადი წერილებით იყო გაჯერებული, უფრო ვრცლად,The Diary-ს მკითხველს აუცილებლად გავაცნობთ. დღეს კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ გასული საუკუნის ყველაზე დიდმა მომღერალმა, რომელსაც ასე ძალიან უყვარდა „მედეას“ პარტია, თავადვე გაიზიარა საყვარელი გმირის ტრაგიკული ბედი.

ლეგენდა, რომლის დაბადებასაც დღეს აღვნიშნავთ, 2-წლიან მარტოობის შემდეგ 1977 წლის 16 სექტემბერს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა და თავისი წასვლით უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაგვიტოვა.

ზევით