ნინო ხარატიშვილს გიზელა ელსნერის ლიტერატურული პრემია გადაეცა

2 მაისს, ნიურნბერგის ლიტერატურის სახლში, ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი, გიზელა ელსნერის ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ნიურნბერგის ლიტერატურის სახლმა გიზელა ელსნერის პრემია დააწესა და ის 2023 წელს სწორედ ნინო ხარატიშვილს ერგო. 

„ავტორი არა მხოლოდ ახერხებს საქართველოს ისტორიის ევროპული ისტორიის ნაწილად წარმოჩენას, არამედ თავის შემოქმედებაში გადმოსცემს ქართული ლიტერატურისა და კულტურის ევროპულ ხარისხს. სწორედ ინდივიდუალური ბედის ერთობლიობა და ისტორიული გარემოებების ასახვა ანიჭებს ხარატიშვილის ტექსტებს აქტუალურობას უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ომის ფონზე, რასაც სხვა ლიტერატურული ხმა, თითქმის არ გვთავაზობს“, - ნათქვამია ჟიურის განცხადებაში.

ღონისძიების ფარგლებში, გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მწერალმა ახალი რომანი „უკმარი სინათლე“ წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას 90-იანი წლების ქართული რეალობის შესახებ მოთხრობილი ამბიდან, რამდენიმე ნაწყვეტიც წაუკითხა.

ზევით