#სპორტი

მონაკოს პრინცესა შარლენის ეგიდით მიმდინარე წმინდა დევოტას სახელობის რაგბის ტურნირი

გაზიარება:

მონაკოს პრინცესა შარლენისთვის, „პრინცესას“ ტიტული ერთ-ერთია იმ შთამბეჭდავ ტიტულთა შორის, რომლითაც მას მსოფლიო იცნობს. ოლიმპიურმა მედალოსანმა ცურვაში, წლების წინ პირადად იზრუნა იმაზე, რომ სამეფო ვალდებულებებს შორის, მისი სახელი სპორტთან, მის განვითარებასთან და ახალგაზრდების წახალისებასთანაც ყოფილიყო დაკავშირებული.

მონაკოს პრინცესა შარლენის სახელობის ფონდი, დაარსების დღიდან აქტიურად უჭერს მხარს სპორტულ აქტივობებს ბავშვების კეთილდღეობისა და განვითარების სტიმულირებისთვის. პრინცესა შარლენის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებათა შორისაა წმინდა დევოტას სახელობის რაგბის ტურნირიც, 12-წლამდელთათვის, რომელშიც ბელგიელ, ესპანელ თუ ფრანგ ახალგაზრდებთან ერთად, ქართველი მორაგბეებიც იღებენ მონაწილეობას. 

წმინდა დევოტას სახელობის რაგბის ტურნირი 2009 წელს, კორსიკაში, Monegasque Rugby-ის ფედერაციისა და Rugby Club Lucciana-ს გაცვლის შედეგად იღებს სათავეს; 2012 წლიდან კი მონაკოს პრინცესა შარლენის ფონდის მხარდაჭერით ტარდება. ყოველწლიურად, რაგბის ტურნირი  50 ქვეყნის 500-მდე ბავშვს მასპინძლობს და სპორტულ შეჯიბრებებსა და აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

„როგორც ოლიმპიურ სპორტსმენს, მე მქონდა შანსი ცნობადობა ამემაღლებინა იმის თაობაზე, თუ რა დადებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს სპორტს ინდივიდზე. სპორტი შთაგვაგონებს და გვაძლევს იმედს, მას შეუძლია ხალხისა და ქვეყნების გაერთიანება. ბავშვებს დისციპლინის, გუნდური მუშაობის, საკუთარი თავის და სხვების ღირებულებების პატივისცემის სწავლება საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ უსაფრთხო და სრულფასოვანი ცხოვრებით“ - აცხადებს პრინცესა შარლენი.

წმინდა დევოტას სახელობის რაგბის ტურნირის მიზანია ხაზი გაუსვას ისეთ სპორტულ ღირებულებებს, როგორებიცაა: სოლიდარობა, მთლიანობა, გუნდური სული და პატივისცემა. ამასთანავე, ტურნირი ეხმიანება ინკლუზიურობის საკითხს და ახალგაზრდებს სთავაზობს ისეთ კურსებს, რომლებიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.

ზევით