#სპორტი #Rugby

მამუკა გორგოძე - ქართული და მსოფლიო რაგბის მოვლენა

გაზიარება:

18 წლის იყო საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ რომ მიიწვიეს, ამას ცხოვრების ყველაზე დიდ წარმატებას დღემდე უწოდებს. გუნდის სხვა წევრებთან შედარებით ასაკით პატარა იყო, საქართველო ესპანეთის ნაკრებს ეთამაშებოდა, მოედანზე კი დიდი თოვლი იდო, მოედანზე სათამაშოდ სულ 20 წუთი მიეცა, რადგან შეცვლაზე იყო, მაგრამ ეს წუთები მისი მეხსიერებიდან არასდროს წაშლილა.

„წარმოიდგინეთ, 18 წლის ბიჭი ხარ, რაგბის თამაში ახალი დაწყებული გაქვს და ამხელა ტრიბუნების წინაშე შენი ქვეყნის ღირსებას იცავ, ენით აუწერელი გრძნობაა. პრინციპში ეს დღემდე ასეა – ნაკრების თამაშებზე ჩემ თავს არ ვეკუთვნი ხოლმე“ - მამუკა გორგოძე.

საქართველოს ნაკრებში თამაში სულ რაღაც 1 წლის დაწყებული ჰქონდა საფრანგეთში „ტოპ-14“-ის კლუბ „მონპელიეს“ გუნდში სათამაშოდ რომ მიიწვიეს. თუკი, ფიზიკური სიძლიერის დამსახურებით საქართველოში წარმატების მოპოვება არ გასჭირვებია, საფრანგეთში საკმაოდ რთული გზის გავლა მოუხდა თავის დასამკვიდრებლად.

მაგრამ თავის დამკვიდრება როგორც სამშობლოში, ისე საფრანგეთში მოახერხა და საყვარელი საქმისთვის მიძღვნილი 20 წლის შემდეგ, ბრწყინვალე კარიერა 2020 წელს დაასრულა.

ოჯახს ყოველთვის მთავარ მამოძრავებელ ძალად მიიჩნევდა და წარმატებაში თავისი მეუღლისა და შვილების დიდ როლს ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა.

ვეტერანი ქართველი მორაგბე და ნაკრების საუკეთესო მელელოვე, 2011 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი და 6-გზის საუკეთესო მორაგბე და კიდევ ბევრი და ძალიან ბევრი ტიტულის მფლობელი მამუკა გორგოძე დღეს იუბილარია, შეიძლება ითქვას, რომ 14 ივლისი საქართველოსთვის მაგიური დღეა, რადგან ამ დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანები ევლინებიან სამყაროს.

ზევით