5 წიგნი რეკომენდებული მაია ენჯელოუს მიერ

ამერიკელმა პოეტმა და სამოქალაქო უფლებების აქტივისტმა მაია ენჯელოუმ ერთხელ თქვა: „ნებისმიერი წიგნი, რომელიც ეხმარება ბავშვს კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებაში, ეხმარება კითხვა ერთ-ერთ ღრმა და მუდმივ მოთხოვნილებად აქციოს, მისთვის კარგია“. იგი იმეორებდა ამ შეგონებას მთელი თავისი მნიშვნელოვანი და კეთილშობილური ცხოვრების განმავლობაში და მოუწოდებდა „ყველას წაეკითხა ყველაფერი“. მისმა ნამუშევრებმა - სავსე პატიოსნებითა და სულის სიმტკიცით - მილიონობით მკითხველი გაამხნევა და დაეხმარა საკუთარი ხმის პოვნაში.

ალის უოკერის სიტყვებით, ენჯელოუ იყო „ერთგვარი თანაგრძნობის გენერალი, რომელიც გამამხნევებელი სიტყვების არმიას სთავაზობდა ადამიანებს. ის იყო განსაკუთრებული, ის იშვიათი, უფრო ლამაზი იყო, ვიდრე ამას აცნობიერებდა, რადგან, სხვა საკითხებთან ერთად, ისეთი მხატვარი იყო, რომ შეეძლო არა მხოლოდ სამყაროების შექმნა ქაღალდზე ან მსმენელის წარმოსახვაში, არამედ რეალობაშიც, ისევ და ისევ თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში, მან მოახერხა ხელახლა შეექმნა საკუთარი თავი”.

წაიკითხეთ მაია ენჯელოუს მიერ რეკომენდებული საკითხავების არჩევანი და შეავსეთ თქვენი დახლები მხოლოდ რჩეული ლიტერატურით:

პატარა ქალები - ლუიზა მეი ოლკოტი

„როცა ალკოტს წავიკითხე, ვიცოდი, რომ ეს გოგოები, რომლებზეც ის საუბრობდა, სულ თეთრკანიანები იყვნენ. მაგრამ ისინი კარგი გოგოები იყვნენ და მე მესმოდა მათი. ვგრძნობდი, რომ თითქმის იქ ვიყავი მათთან ერთად მისაღებ ოთახში და მათ სამზარეულოში”.

ორი ქალაქის ამბავი - ჩარლზ დიკენსი

„ადრეულ პერიოდში, ჩარლზ დიკენსმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე გავიზარდე სამხრეთში, არკანზასში მდებარე პატარა სოფელში და ჩემს ქალაქში თეთრკანიანები მართლაც ბოროტი და უხეშნი იყვნენ. დიკენსი, მე ვიტყოდი, არ იქნებოდა ის კაცი, რომელიც დამწყევლიდა და უხეშად დამელაპარაკებოდა”.

შეგროვებული პოეზია - პოლ ლოურენს დანბარი

„როცა უფრო დიდი საზოგადოება განადგურებს და არის პოეტი, რომელიც შენი კანის ფერს შოკოლადს და ყავისფერ შაქარს ადარებს, შენ ის თავდავიწყებით გიყვარდება, რადგან ეს გჭირდება. პოლ ლორენს დანბარი, რომელიც იყო მე-19 და მე-20 საუკუნეების ერთ-ერთი დიდი პოეტი, წერდა აფრო-ამერიკელებზე და მან მაჩვენა ჩვენი ფერების სილამაზე და ჩვენი მუსიკის საოცრება”.

უჩინარი - რალფ ელისონი

„როდესაც პირველად წავიკითხე ელისონის 1952 წლის რომანი, თითქოს ვიღაცამ ბნელ დერეფანში აანთო კაშკაშა შუქი. ის, რაც მე ასე საშიში მეგონა, უბრალოდ ჩრდილი აღმოჩნდა”.

მოხედე შენს სახლს, ანგელოზო - თომას ვულფი

„ყველაფერი წაკითხული მაქვს, რაც კი თომას ვულფს ოდესმე დაუწერია; მე და ჩემს ძმას წიგნების: „შინ ვერასოდეს დაბრუნდები” და „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო” თავებიც კი დაზეპირებული გვქონდა. ძნელია ვულფის მხოლოდ ერთი წიგნის არჩევა, მაგრამ მისი ისტორია კაცის შესახებ, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინას ტოვებს უკეთესი ცხოვრების საძიებლად, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის”.

ზევით